წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2013

მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული სირთულეები

მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული სირთულეები

„ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ ხასიათი მეცვლება და ტირილს ვიწყებ. ასე მგონია, ჭკუიდან ვიშლები“ (50 წლის რონდრო *).

„დილას იღვიძებ და ხედავ, რომ სახლი დასალაგებელია. შენს ნივთებს ვერ პოულობ. ის, რასაც წლების წინ ადვილად აკეთებდი, ახლა ძალიან რთული გეჩვენება და ვერ ხვდები, რატომ“ (55 წლის ჰანტა).

ეს ქალბატონები ავადმყოფები არ გეგონოთ. ისინი მენოპაუზის გარდამავალ ეტაპზე არიან. მენოპაუზა ქალის ცხოვრების ბუნებრივი, ფიზიოლოგიური ეტაპია, როდესაც რეპროდუქციული უნარი დასასრულს უახლოვდება. თუ თქვენც ქალი ხართ, ხომ არ უახლოვდებით ცხოვრების ამ ეტაპს? ან ახლა ხომ არ გადიხართ ამ პერიოდს? მენოპაუზის გარდამავალი პერიოდის შესახებ რაც უფრო მეტი გეცოდინებათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, მით უკეთ გაუმკლავდებით მასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

მენოპაუზის გარდამავალი პერიოდი

მენოპაუზის გარდამავალ პერიოდს პერიმენოპაუზაც ეწოდება. ის მოიცავს როგორც მენოპაუზამდელ, ისე მენოპაუზალურ პერიოდს. * მაგრამ საერთო ჯამში, „მენოპაუზაში“ იგულისხმება მთლიანად მენოპაუზის გარდამავალი ეტაპი.

ქალების უმეტესობას პერიმენოპაუზა ეწყება 40 წლის შემდეგ, მაგრამ ზოგს — 60 წლის შემდეგ. ხშირ შემთხვევაში მენსტრუალური ციკლი თანდათანობით წყდება. ჰორმონული ცვლილებების გამო ადგილი აქვს არარეგულარულ ციკლს, არამენსტრუალურ სისხლდენებს ან მენსტრუაციის დროს უხვ და ხანგრძლივ სისხლდენას. ძალიან იშვიათია, რომ ქალს მენსტრუალური ციკლი უეცრად, ასე ვთქვათ, ერთ დღეში შეუწყდეს.

„მენოპაუზა ანუ კლიმაქტერიული სინდრომი ყველა ქალში ინდივიდუალურია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Menopause Guidebook). იქვე აღნიშნულია: „მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჩვეული სიმპტომია ალები, რასაც შეიძლება მოჰყვეს ციება“. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა და ძალის გამოცლა. რამდენ ხანს გრძელდება დისკომფორტი? სხვა წიგნში ნათქვამია:  „მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში ზოგ ქალს ერთი ან ორი წლის განმავლობაში შიგადაშიგ აქვს ალები. სხვების შემთხვევაში ეს უფრო დიდხანს, რამდენიმე წელი გრძელდება. ძალიან ცოტა ქალს ალები შეიძლება მთელი ცხოვრება აწუხებდეს“ * (The Menopause Book).

ჰორმონულმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და ხასიათის ცვალებადობა, რაც გამოიხატება ტირილით, კონცენტრაციის უნარისა და მახსოვრობის დაქვეითებით. „მცირეა იმის ალბათობა, რომ ყველა ეს სიმპტომი ერთნაირად აღენიშნებოდეს ქალს“, — აღნიშნულია ზემოხსენებულ წიგნში (The Menopause Book). სინამდვილეში, ზოგ ქალს თითქმის არ აღენიშნება მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები და დისკომფორტი.

როგორ გავუმკლავდეთ

მენოპაუზასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით. მაგალითად, მოწევისგან თავის შეკავება შეამცირებს ალების სიხშირეს. ბევრ ქალს აგრეთვე დაეხმარა სწორი კვება, რაშიც იგულისხმება ალკოჰოლის, ცხარე საჭმელების, ტკბილეულისა და კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და სასმელების შემცირება ან მათზე საერთოდ უარის თქმა. მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ბალანსირებული კვება.

ფიზიკური ვარჯიშიც საგრძნობლად ამცირებს დისკომფორტს. მაგალითად, ვარჯიში აწესრიგებს ძილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ამასთანავე, ამაგრებს ძვლებს და ზოგადად ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. *

ისაუბრეთ თქვენს პრობლემაზე

„კარგი იქნება, თუ თქვენს საყვარელ ადამიანებს არ დაუმალავთ და ეტყვით, რას განიცდით. როცა თქვენში ცვლილებებს დაინახავენ, ძალიან აღარ ინერვიულებენ“, — ამბობს ზემოხსენებული რონდრო. ისინი უფრო გაგებით და მოთმინებით მოგეპყრობიან. „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“ (1 კორინთელები 13:4).

ბევრ ქალს ძალიან ეხმარება ლოცვა; მათ შორის მათაც, ვინც ძალიან წუხს იმის გამო, რომ შვილიერების უნარი უწყდება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „[ღმერთი] გვანუგეშებს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელები 1:4). ძალიან გამამხნევებელია იმის ცოდნაც, რომ მენოპაუზა დროებითი პროცესია. ბოლოს და ბოლოს მენოპაუზით ცხოვრება არ მთავრდება. თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ჯანმრთელობას, სწრაფად აღიდგენთ ძალებს და სიცოცხლე კვლავაც სასიამოვნო იქნება.

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 ექიმების აზრით, მენოპაუზის დადგომის დრო შესაძლებელია დადგინდეს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ.

^ აბზ. 8 ზოგიერთმა დაავადებამ, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, აგრეთვე სხვადასხვა ინფექციამ და მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალები. გონივრული იქნება, თუ ყველა ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, სანამ დავასკვნით, რომ ეს სიმპტომი მენოპაუზასთან არის დაკავშირებული.

^ აბზ. 12 მენოპაუზის პერიოდში ექიმებმა პაციენტებს შეიძლება ურჩიონ ჰორმონული პრეპარატების, საკვები დანამატების, ანტიდეპრესანტებისა თუ სხვა მედიკამენტების მიღება. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს ან წამალს.