წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2013

 ინტერვიუ | ელდარ ნებოლსინი

კლასიკოსი პიანისტი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

კლასიკოსი პიანისტი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ელდარ ნებოლსინი მსოფლიოში აღიარებული პიანისტია. მას ორკესტრთან ერთად კონცერტები გაუმართავს ლონდონის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ნიუ-იორკის, პარიზის, რომის, სიდნეის, ტოკიოსა და ვენის სცენებზე. ელდარი უზბეკეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში დაიბადა. ის ათეისტად აღიზარდა, მაგრამ მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანი მზრუნველმა შემოქმედმა შექმნა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

როგორ გახდით მუსიკოსი?

ჩემი მშობლები პიანისტები არიან. ხუთი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა პირველი გაკვეთილი ჩამიტარეს. მოგვიანებით, ტაშკენტში ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ სკოლაში განვაგრძე სწავლა.

მოგვიყევით, რა სირთულეები ახლავს ორკესტრის თანხლებით დაკვრას.

არ არსებობს ორი ერთნაირი ორკესტრი. ისინი ჰგვანან უზარმაზარ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებზეც დირიჟორები „უკრავენ“. შესაძლოა, პიანისტისთვის ყველაზე დიდ სირთულეს სწორედ დირიჟორთან შეთანხმებულად დაკვრა წარმოადგენდეს. ეს რაღაცნაირად მეგობრებს შორის საუბარს ჰგავს; ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის ერთმა ილაპარაკოს, აუცილებელია ერთმანეთის მოსმენა და დათმობა. პიანისტს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი ან ორი რეპეტიციის შესაძლებლობა ეძლევა, რომ დირიჟორს „გაუგოს“.

რამდენ დროს უთმობთ მეცადინეობას?

დღეში სულ მცირე 3 საათს და ამაში მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოების რთული მონაკვეთების სწავლას არ ვგულისხმობ. ვიდრე რომელიმე ნაწარმოების დაკვრას დავაპირებ, მის სტრუქტურას ვსწავლობ. ამასთანავე, ვუსმენ ამ კომპოზიტორის სხვა ნაწარმოებებსაც, რაც მიადვილებს, უკეთ ჩავწვდე მასალას, რომელსაც ვამზადებ.

თქვენი აზრით, რით გამოირჩევა კარგი პიანისტი?

კარგ პიანისტს ფორტეპიანოს „ამღერება“ უნდა შეეძლოს. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ. ფორტეპიანო ერთგვარი დასარტყამი ინსტრუმენტია. კლავიშის დაჭერის შემდეგ ბგერა ნელ-ნელა ქრება; მისგან განსხვავებით, ჩასაბერ საკრავებს ან ადამიანის ხმას შეუძლია ბგერის ერთ სიმაღლეზე გაჩერება ან მისი უფრო გაძლიერება. სირთულე სწორედ ის არის, რომ პიანისტი ყველანაირად უნდა ეცადოს, ბგერა არ დაიხშოს. ის ამას თითებისა და მაჯის დახვეწილი მოძრაობით და შიგადაშიგ მარჯვენა პედალზე ფეხის დაჭერით ახერხებს, რის შედეგადაც  იზრდება ბგერის ხანგრძლივობა და ხდება ტემბრის ვარირება. ამ რთული ტექნიკის დაუფლების შემდეგ პიანისტი ფორტეპიანოს უკვე ფლეიტასავით, საყვირივით და თვით ორკესტრივით ააჟღერებს. ასეთ პიანისტს შეუძლია ფორტეპიანო ყველაზე საუკეთესო მუსიკალურ ინსტრუმენტს — ადამიანის ხმასაც კი მიამსგავსოს.

გეტყობათ, მუსიკა ძალიან გიყვართ.

ჩემთვის მუსიკა სამეტყველო ენაა. მუსიკის მეშვეობით იმ გრძნობებს და ემოციებს გამოვხატავ, რომლის სიტყვებით გამოთქმა ძალიან რთული ან საერთოდ შეუძლებელია.

როგორ დაინტერესდით სულიერი საკითხებით?

სახლში ყოველთვის ბევრი წიგნი გვქონდა, რომლებიც მამას მოსკოვიდან ჩამოჰქონდა. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა წიგნმა მიიპყრო. მასში ჩაწერილი ბიბლიური მოთხრობები მოკლედ აღწერს სამყაროს შექმნას და ისრაელი ერის ისტორიას. ამის შემდეგ წავიკითხე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. * ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ამ წიგნში ბიბლიური სწავლებები გასაგებად იყო ახსნილი. 1991 წელს, როცა ესპანეთში წავედი სწავლის გასაგრძელებლად, ის წიგნიც თან წავიღე და რამდენჯერმე წავიკითხე. რწმენა, რაზეც იქ იყო საუბარი, უბრალოდ ემოციებზე კი არ იყო აგებული, არამედ საღ აზრსა და სარწმუნო ფაქტებზე.

ყველაზე დიდი ინტერესი ჩემში მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულმა ბიბლიურმა დანაპირებმა გამოიწვია. ეს ძალიან გონივრული ჩანდა. იმ დროისთვის იეჰოვას მოწმეებს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. მაგრამ, გადავწყვიტე, როცა შევხვდებოდი, მეთხოვა, ბიბლიის შესწავლაში დამხმარებოდნენ.

როგორ შეხვდით მოწმეებს?

ჩემი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში ქუჩაში ორი ქალბატონი შევნიშნე, ორივეს ხელში ბიბლია ეჭირა. რატომღაც გავიფიქრე, რომ ისინი ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებზეც ჩემს წიგნში მქონდა წაკითხული. ისინი ისე ქადაგებდნენ, როგორც ბიბლიური დროის ქრისტიანები. ასე რომ, მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე. დღეს მე ვეხმარები სხვებს შემოქმედის გაცნობაში, რაც უდიდეს სიხარულს მანიჭებს.

რამ დაგარწმუნათ ერთ დროს ათეისტი კაცი ღვთის არსებობაში?

უპირველესად მუსიკამ. მუსიკა ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, რასაც ვერ ვიტყვით ცხოველებზე. მუსიკით შეიძლება სხვადასხვა გრძნობის, მაგალითად სიხარულისა და სითბოს, აგრეთვე შინაგანი განწყობის გამოხატვა. ადამიანი ბუნებრივად ჰყვება რიტმს. მაგრამ ისმის კითხვა: აუცილებელია მუსიკა ჩვენი არსებობისთვის? თამაშობს მუსიკა თუნდაც უმნიშვნელო როლს „შეგუებული ჯიშების გადარჩენაში“, როგორც ამას ევოლუციონისტები ასწავლიან? არა მგონია. არაგონივრულად მიმაჩნია იმის თქმა, რომ ევოლუციის შედეგად გაჩნდა ადამიანის ტვინი, რომელსაც შეუძლია ისეთი მუსიკალური შედევრების შექმნა, როგორებსაც მაგალითად, მოცარტი და ბეთჰოვენი ქმნიდნენ. უფრო გონივრული იქნებოდა, გვეთქვა, რომ ჩვენი ტვინი ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედის ნახელავია.

ბიბლია სიმფონიას, მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს თავისი დახვეწილი აგებულებითა და ჰარმონიულობით. მუსიკის მსგავსად, ბიბლიური ცნობა ადამიანს გრძნობებს უღვიძებს

როგორ დარწმუნდით, რომ ბიბლიის ავტორი ღმერთია?

ბიბლია 66 პატარა წიგნის ნაკრებია, რომელიც 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა დაახლოებით 40 ადამიანის მიერ. ჩემთვის ვფიქრობდი, ვისი ხელმძღვანელობით შეიძლებოდა შექმნილიყო ასეთი უნიკალური შედევრი? ამ კითხვაზე ერთადერთი გონივრული პასუხი ის იყო, რომ ბიბლიის წერას ღმერთი ხელმძღვანელობდა. ჩემთვის ბიბლია სიმფონიას, მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს თავისი დახვეწილი აგებულებითა და ჰარმონიულობით. მუსიკის მსგავსად, ბიბლიური ცნობა ადამიანს გრძნობებს უღვიძებს.

^ აბზ. 15 დღეს იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლად იყენებენ დამხმარე სახელმძღვანელოს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org.

გაიგეთ მეტი

რა აღძრავს ბევრს, დაფიქრდეს შემოქმედის არსებობაზე?

ღმერთმა შექმნა ადამიანი თუ ჩვენი წინაპარი ცხოველი იყო?

Iმართლა ღვთისგან არის სასიხარულო ცნობა?

რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობა ჭეშმარიტია?