წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2013

 ინტერვიუ | დევი ლოუსი

ბიოქიმიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ბიოქიმიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროფესორი დევი ლოუსი ბელგიაში ცხოვრობს. ის ბიოქიმიკოსია. ერთ დროს მას ეჭვი შეეპარა ღვთის არსებობაში და ევოლუციის თეორიას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით მან თვალსაზრისი შეიცვალა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ პროფესორ დევი ლოუსს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

რატომ დაინტერესდით მეცნიერული კვლევებით?

უნივერსიტეტში სწავლისას გადავწყვიტე, ქიმია შემესწავლა. განსაკუთრებით მაინტერესებდა პროტეინები და ნუკლეინის მჟავები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ყველაზე რთულ მოლეკულებად ითვლება. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, თუ როგორ რეაგირებდნენ გარკვეული მოლეკულები მზის სინათლეზე.

ღმერთი თუ გწამდათ?

ბავშვობაში მწამდა. მაგრამ ლიოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში მასწავლეს, რომ ცოცხალი ორგანიზმები ბუნებრივი პროცესების შედეგად გაჩნდა. პროფესორები ამ პროცესებს საკმაოდ დამაჯერებლად გვიხსნიდნენ. ისინი გამოცდილი მეცნიერები იყვნენ, ამიტომ მეც დავიჯერე მათი ნათქვამი. ნელ-ნელა ღვთის არსებობა უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნდა.

რამ განაპირობა ის, რომ კვლავ შეიცვალეთ აზრი სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით?

1999 წელს სკოლის მეგობარს შევხვდი, რომელიც იეჰოვას მოწმე გამხდარა. მასთან ერთად მოწმეების ერთ შეხვედრას დავესწარი. იმ დროისთვის სახლშიც გვესტუმრა ერთი იეჰოვას მოწმე და დაგვიტოვა წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. *

რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ წიგნმა?

გავოცდი, როცა ვნახე, რა კარგად იყო გამოკვლეული წიგნში წარმოდგენილი მასალა. იმაზე დავიწყე ფიქრი, სინამდვილეში თუ შეეძლო ევოლუციას აეხსნა ცოცხალი ქმნილებების აგებულება და სამყაროში მიმდინარე პროცესები.

რომელმა ცოცხალმა ორგანიზმებმა მოახდინეს თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

როგორც ბიოქიმიკოსი, ვიკვლევდი ოკეანეში მობინადრე ციანობაქტერიების ზოგიერთი მოლეკულის აგებულებას. ციანობაქტერიები  ისეთი მიკროორგანიზმებია, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე არ არიან დამოკიდებული. ზოგი მეცნიერის აზრით, ეს ბაქტერიები პირველი ცოცხალი ორგანიზმები იყო ჩვენს პლანეტაზე. მზის ენერგიის მეშვეობით ამ მიკროორგანიზმებში მიმდინარეობს ძალიან რთული ქიმიური პროცესები, რომელთა ბოლომდე შესწავლაც მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს. ქიმიური პროცესების შედეგად წყალი და ნახშირორჟანგი საკვებ პროდუქტად იქცევა, რითაც ეს ბაქტერიები საზრდოობენ. ჩემთვის სასწაული აღმოჩნდა ისიც, თუ როგორ შეეძლო ციანობაქტერიას უზომოდ დიდი რაოდენობის სინათლის შთანთქმა.

საკვების მოსაპოვებლად ფოთლებიც მზის სინათლეზე არიან დამოკიდებული. რით გამოირჩევიან ეს ბაქტერიები?

ზღვაში რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო კლებულობს სინათლე. ამიტომ წყლის სიღრმეში მცხოვრებმა ციანობაქტერიებმა უნდა დაიჭირონ იქ მოხვედრილი სინათლის უმცირესი ნაწილაკებიც კი და ისინი ამას შესანიშნავად ახერხებენ საკმაოდ მგრძნობიარე საცეცების მეშვეობით. შეგროვილი ენერგია საკვებ ენერგიად გარდაიქმნება, თითქმის უდანაკარგოდ. ციანობაქტერიების ამ უნარით დიდად დაინტერესდნენ ინჟინრები, რომლებიც ქმნიან მზის ბატარეებს. თუმცა ხელოვნური მზის ბატარეები თავისი ეფექტურობით ახლოსაც ვერ მივა ციანობაქტერიის შესაძლებლობებთან.

ყოველივე ამის შემდეგ რა დასკვნა გააკეთეთ?

ინჟინრები ცდილობენ, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე განსაცვიფრებელი მექანიზმების ანალოგი შექმნან. ამან იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი

ინჟინრები ცდილობენ, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე განსაცვიფრებელი მექანიზმების ანალოგი შექმნან. ამან იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი. თუმცა მხოლოდ მეცნიერული გამოკვლევების შედეგად არ მივსულვარ ამ აზრამდე. ბიბლიაც საფუძვლიანად გამოვიკვლიე.

როგორ დარწმუნდით, რომ ბიბლია ღვთისგანაა?

ბევრ სხვა რამესთან ერთად იმანაც დამარწმუნა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები დეტალურად სრულდება. მაგალითად, ესაიამ საუკუნეებით ადრე დეტალებში იწინასწარმეტყველა იესოს სიკვდილი და დაკრძალვა. ეს წინასწარმეტყველება იესოს სიკვდილამდე დაიწერა, რადგან კუმრანში აღმოჩენილი ესაიას გრაგნილი იესოს დაბადებამდე ასობით წლით ადრე იყო გადაწერილი.

ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „როცა მოკვდება, ის ბოროტებთან და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს“ (ესაია 53:9, 12). მართლაც, იესო ბოროტმოქმედებთან ერთად მოკლეს და მდიდრების სამარხში დაკრძალეს. ამ და სხვა წინასწარმეტყველებებმა დამარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი (2 ტიმოთე 3:16). დროთა განმავლობაში მეც იეჰოვას მოწმე გავხდი.

ბედნიერი ხართ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, და თუ დიახ, რატომ?

ჩვენი რწმენა არ არის ბრმა და არ უარყოფს მეცნიერულ ფაქტებს

რა თქმა უნდა! ჩვენი რწმენა არ არის ბრმა და არ უარყოფს მეცნიერულ ფაქტებს. პრინციპები, რომლებსაც ცხოვრებაში ვიყენებთ, მყარად ეფუძნება ბიბლიას. ბედნიერი კიდევ იმიტომ ვარ, რომ შემიძლია ნუგეშის მომცემი ბიბლიური ცნობა სხვებსაც გავუზიარო, რათა ჩემსავით მათაც მიიღონ დამაკმაყოფილებელი პასუხები თავიანთ კითხვებზე.

^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.