წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2013

 წარსულის სახეები

ჩჟენ ჰე

ჩჟენ ჰე

„უკიდეგანო ოკეანეში ასი ათას ლიზე * მეტი ვიცურეთ, მთასავით აზვირთებულ ტალღებს მივაპობდით. სადღაც, ქვეყნის დასალიერში ბარბაროსებით დასახლებული მიწები მოჩანდა. ღრუბელივით გაშლილი იალქნების წყალობით ჩვენი ხომალდები დღისით თუ ღამით, შეუჩერებლად წინ მიიწევდა და აბობოქრებულ ტალღებს ისე კვეთდა, თითქოს ხმელეთზე მივაბიჯებდით“ (ეს სიტყვები ეკუთვნის ჩჟენ ჰეს. მე-15 საუკუნე, სტელაზე გაკეთებული წარწერა, ქალაქი ჩანლე, ფუძიანის პროვინცია, ჩინეთი).

ჩინეთი საოცრებების ქვეყანაა. ის უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, მისი მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. ჩინელებმა ააშენეს „ჩინეთის დიდი კედელი“, რაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ გრანდიოზულ ნაგებობად ითვლება. მინის დინასტიის იმპერატორებმა იონგლემ და სუან-ძიმ შექმნეს უდიდესი საზღვაო ფლოტი, რომლის მსგავსი მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა. ფლოტის ადმირალი გახლდათ მუსლიმანი ჩჟენ ჰე, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან.

ძალა, ვაჭრობა და ხარკი

წარწერა, რომლის ამონარიდი სტატიის დასაწყისში იყო მოყვანილი, გვამცნობს, რომ ჩჟენ ჰეს მისია იყო, „წარმოეჩინა (იმპერიის) ძალა და ღირსება და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ხალხს კეთილად მოქცეოდა“. მის მოგზაურობებს შედეგად ის მოჰყვა, რომ „ჰორიზონტს გადაღმა თუ დედამიწის კიდეებში მცხოვრები ყველა ხალხი [ჩინეთს] დაემორჩილა . . . ზღვის გადაღმა მცხოვრები ბარბაროსები . . . [იმპერატორის წინაშე] ძვირფასი საჩუქრებით ხელდამშვენებული წარდგებოდნენ ხოლმე“.

რამდენიმე პორტი, რომლებსაც ჩჟენ ჰეს ფლოტი მიადგა

დროთა განმავლობაში მინის დინასტიის იმპერატორების მხარდაჭერით განხორციელებული საზღვაო ექსპედიციები კრიტიკოსთა დავის საგანი გახდა. ზოგის აზრით, ჩჟენ ჰე იყო ძლიერი და, ამავე დროს, მშვიდობიანი ქვეყნის ცივილიზებული და კეთილმოსურნე  წარმომადგენელი. ზოგი კი ფიქრობდა, რომ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა ვასალი ქვეყნების მიმართ. სინამდვილეში, ჩჟენ ჰე ძვირფას საჩუქრებსა და პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობდა იმ მმართველებს, რომლებიც მას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, ხოლო მათ მიმართ, ვინც უარს იტყოდა იმპერატორის მორჩილებასა და ხარკის გადახდაზე, ძალას მიმართავდა და ტყვეებად მიჰყავდა. ჩჟენ ჰეს შთამბეჭდავი ექსპედიციების შედეგად ინდოეთის ოკეანის მრავალი ქვეყნის მმართველმა თავისი წარმომადგენლები გაგზავნა ჩინეთში, რათა იმპერატორისთვის პატივი მიეგოთ.

ჩჟენ ჰეს ექსპედიციების მიზანი სხვა რამეც იყო. შორეულ პორტებში სავაჭროდ გაჰქონდათ უნიკალური ლაქის ნაკეთობები, ფაიფური და ჩინელი ხელოსნების მიერ დამზადებული აბრეშუმი. უკან კი მეზღვაურები ძვირფასი ქვებით, სპილოს ძვლებით, სანელებლებით, ტროპიკული ხეებითა და სხვა ძვირფასი ნივთებით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ერთხელ მათ ჩინეთში ჟირაფიც კი ჩაიყვანეს, რამაც, როგორც ამბობენ, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ნივთებისა და იდეების ასეთმა გაცვლა-გამოცვლამ მსოფლიოს გააცნო მე-15 საუკუნის ჩინეთის ცივილიზაცია.

ასეთი საუცხოო ექსპედიციები მეტად აღარ გაგრძელებულა. ჩჟენ ჰეს მოგზაურობებიდან ათეულობით წლის შემდეგ ჩინეთმა შეწყვიტა სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. ახალი იმპერატორი და მისი კონფუციონისტი მრჩევლები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო არ იყო ჩინეთის საზღვრებს გარეთ გასვლა და ამიტომ ცდილობდნენ, ქვეყანა გარესამყაროს მოეწყვიტათ. მათ დავიწყებას მისცეს ყველაფერი, რაც ამ შთამბეჭდავ მოგზაურობებთან იყო დაკავშირებული. გაანადგურეს არა მარტო მეზღვაურთა ჩანაწერები, არამედ თვით ხომალდებიც კი. ჩინეთში თუ ჩინეთს გარეთ ხალხმა მხოლოდ ბოლო წლებში გაიგო იმ დიდებული ეპოქის შესახებ, როდესაც ჩჟენ ჰეს უძლეველი ფლოტი ზღვებს იპყრობდა.

^ აბზ. 3 „ლი“ სიგრძის საზომი ერთეულია ჩინეთში. მისი სიდიდე საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ფიქრობენ, რომ ჩჟენ ჰეს დროს ერთი ლი დაახლოებით ნახევარ კილომეტრს უდრიდა.