წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2013

 მთავარი თემა

რამდენ ხანს შეგიძლიათ იცოცხლოთ?

რამდენ ხანს შეგიძლიათ იცოცხლოთ?

ჰარიეტი 2006 წელს 175 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰარიეტი ადამიანი არ ყოფილა. ის გალაპაგოსის გიგანტური კუ იყო, რომელიც ავსტრალიის ზოოპარკში ცხოვრობდა. ჩვენთან შედარებით ჰარიეტმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, თუმცა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ცოცხალ ქმნილებებთან შედარებით, სულაც არ ყოფილა უჩვეულო. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

  • ფინელი მეცნიერების თქმით, მარგალიტების წარმომქმნელი მტკნარი წყლის მოლუსკი (Margaritifera margaritifera) 200 წელზე მეტს ცოცხლობს.

  • ზღვის ორსაგდულიანი მოლუსკი (Arctica islandica) ხშირად 100 წელზე მეტს ცოცხლობს. ყოფილა შემთხვევები, როცა მათ 400 წელზე მეტიც უცოცხლიათ.

  • ზოგიერთი ხის, მაგალითად, მარადი ფიჭვის, გიგანტური სექვოიას, კვიპაროსისა და ნაძვის ზოგი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ათასობით წელს ითვლის.

დედამიწაზე სიცოცხლის უმაღლესმა ფორმამ — ადამიანმა კი — რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა მოახმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებას, ყველაზე დიდი შეიძლება 80—90 წელი იცოცხლოს.

თქვენი აზრით, რვა ან ცხრა ათეულ წელზე მეტს არ უნდა ცოცხლობდეს ადამიანი? ან საერთოდ, შესაძლებელია უფრო დიდხანს სიცოცხლე? ბევრი ფიქრობს, რომ ეს მეცნიერებისა და მედიცინის წინსვლაზეა დამოკიდებული.

 შეუძლია მეცნიერებას რამე შეცვალოს?

მეცნიერებას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროსა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაში. „დღეს ძალიან ცოტა ადამიანი თუ კვდება [შეერთებულ შტატებში] ინფექციური დაავადებების ან გართულებული მშობიარობის გამო“, — წერს ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენი“. იქვე აღნიშნულია: „1960 წლიდან 75 პროცენტით იკლო ბავშვთა სიკვდილიანობამ“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებამ ვერ შეძლო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება. „საიენტიფიკ ამერიკენის“ სხვა გამოცემაში ნათქვამია: „ათწლეულების კვლევის შემდეგაც კი სიბერის პროცესი საიდუმლოდ რჩება ... მეცნიერული ფაქტები მეტყველებს, რომ სიბერის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც გენეტიკური პროგრამა, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების განვითარებაზე, წყვეტს სათანადოდ მუშაობას“. იმავე სტატიაში ვკითხულობთ: „თუ სიბერე ძირითადად გენეტიკური პროცესია, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ დღესაც მეცნიერებამ შეძლოს მისი შეჩერება“.

„ათწლეულების კვლევის შემდეგაც კი სიბერის პროცესი საიდუმლოდ რჩება“

სიბერის გამომწვევი მიზეზებისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების კვლევისას ზოგი მეცნიერი სწავლობს თანამედროვე მიღწევებს გენეტიკის დარგში, რომელიც „ეპიგენეტიკის“ სახელითაა ცნობილი. რა არის ეპიგენეტიკა?

ცოცხალი უჯრედები შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩატვირთულია გენომში ანუ დნმ-ში არსებულ ყველა გენში. ბოლო დროს მეცნიერებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს უჯრედში მოქმედი სხვა მოლეკულური მექანიზმების ნაკრები — ეპიგენომი. ეპიგენეტიკა შეისწავლის ამ გასაოცარი ქიმიური მექანიზმების ერთობლიობას.

ეპიგენომის შემადგენელი მოლეკულები სრულიად განსხვავდება დნმ-ის მოლეკულისგან. დნმ მოგვაგონებს დახვეულ კიბეს ან ორ სპირალს, ეპიგენომი კი ძირითადად წარმოადგენს მოლეკულურ მექანიზმთა ნაკრებს, რომელიც ეკრობა დნმ-ს. რა ფუნქციას ასრულებს ეპიგენომი? დირიჟორის მსგავსად, რომელიც ორკესტრს ხელმძღვანელობს, ეპიგენომიც აკონტროლებს დნმ-ში ჩადებულ ინფორმაციას. მოლეკულურ მექანიზმთა ეს ნაკრები ახდენს არააქტიური გენების გააქტიურებას ან პირიქით, აქტიური გენების მიძინებას უჯრედის მოთხოვნებისა და ისეთი გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: დიეტა, სტრესი და ტოქსინები. ეპიგენომის სფეროში ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა რევოლუცია მოახდინა ბიოლოგიაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ კონკრეტული დაავადებები და სიბერეც კი ეპიგენეტიკას უკავშირდება.

„[ეპიგენეტიკურ] დაავადებებში შედის შიზოფრენიით დაწყებული რევმატოიდული ართრიტით დამთავრებული დაავადებები, აგრეთვე კიბო და ქრონიკული ტკივილები, რაც უდავოდ მოქმედებს სიბერეზე“, — ამბობს მკვლევარი ნესა კერი. ამგვარად, ეპიგენეტიკაში ჩატარებულმა კვლევებმა შეიძლება საშუალება მისცეს მეცნიერებს, მიაკვლიონ მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს და დაამარცხონ ისეთი დაავადებაც კი, როგორიცაა კიბო და შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივებაც გახდეს შესაძლებელი. თუმცა დღესდღეისობით მეცნიერებს ამ მხრივ რაიმე სერიოზული მიღწევები არ გააჩნიათ. „ჩვენ ჯერ ისევ ძველ მეთოდებს მივმართავთ [სიბერის დასამარცხებლად]. ეს არის ბევრი ბოსტნეული და ვარჯიში“ — დასძენს კერი.

მაშ, რატომ ცდილობენ ადამიანები ასეთი მონდომებით სიცოცხლის გახანგრძლივებას? რატომ გვსურს, ვიცოცხლოთ უსასრულოდ? ან როგორც ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“ ეწერა: „რატომ ცდილობს ადამიანი თავი დააღწიოს სიკვდილს ისეთი შეხედულებების დაჯერებით, როგორიცაა სულის უკვდავება, აღდგომა, საიქიო ცხოვრება თუ რეინკარნაცია?“ ამ კითხვებზე პასუხი ნათელს ჰფენს სიბერის ნამდვილ მიზეზს.

რატომ გვსურს მარადიულად ცხოვრება?

ათასობით წელია, რაც მოაზროვნე ადამიანები ამ კითხვაზე ეძებენ პასუხს. არსებობს ლოგიკური და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გვსურს მარადიული ცხოვრება და რატომ აქვს ჩვენს სხეულს უნარი, იცოცხლოს მარადიულად? მილიონობით ადამიანმა დამაკმაყოფილებელი პასუხი ბიბლიაში იპოვა.

ბიბლიის პირველივე წიგნში ნათლად წერია, რომ მართალია, ადამიანს აქვს რაღაც საერთო სხვა ქმნილებებთან, მაგრამ ის მაინც სულ სხვა ფენომენია. მაგალითად, დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანები „თავის ანარეკლად“ შექმნა. რას ნიშნავს ეს? იეჰოვამ ჩვენში ჩადო სიყვარულის, სამართლიანობისა და სიბრძნის გამოვლენის უნარი. და მან, ვინც მარადიულად ცოცხლობს, ჩვენშიც ჩადო მარადიული ცხოვრების სურვილი. მან „მარადიულობაც კი ჩადო მათ [ადამიანების] გულებში“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 3:11-ში.

ადამიანის ტვინი, განსაკუთრებით ის, რომ მას აქვს სწავლის უნიკალური უნარი, იმის დასტურია, რომ ადამიანი თავიდანვე ხანგრძლივი ცხოვრებისთვის იყო შექმნილი. ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნული იყო, რომ ადამიანის ტვინს აქვს ინფორმაციის დამახსოვრების „უსაზღვრო უნარი“ (The Encyclopedia of the Brain and Brain Disorders). რა საჭირო იყო ასეთი შესაძლებლობების ტვინის შექმნა, თუ ვერავინ შეძლებდა მის გამოყენებას? მართლაც, ადამიანის შესაძლებლობები და უნარი იმის მტკიცებაა, რომ ღმერთმა ის მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა. მაშ, რატომ ვბერდებით, ვიტანჯებით და ვკვდებით?

 რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

პირველ მამაკაცსა და ქალს ჰქონდათ სრულყოფილი სხეული და არჩევნის თავისუფლება. სამწუხაროდ, მათ ბოროტად გამოიყენეს ეს თავისუფლება და თავიანთ შემოქმედს დაუპირისპირდნენ * (დაბადება 2:16, 17; 3:6—11). დაუმორჩილებლობისა და ცოდვის შემდეგ მათ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ. ცოდვის შედეგად ისინი თანდათან დაბერდნენ და სიკვდილს დაექვემდებარნენ. „სიკვდილის ნესტარი — ცოდვაა“, — ნათქვამია 1 კორინთელების 15:56-ში.

ადამისა და ევას შთამომავლებმა მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება, რის შედეგადაც ისინი მიდრეკილნი გახდნენ ცუდის კეთებისკენ. რომაელების 5:12-ში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“.

რა შეიძლება დავასკვნათ აქედან? უკვდავების საიდუმლოს ლაბორატორიაში ვერ მივაგნებთ. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვის შედეგების აღმოფხვრა. მაგრამ გააკეთებს კი ის ამას? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ამას უცილობლად გააკეთებს.

„სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“

ღმერთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცოდვისა და სიკვდილის აღმოსაფხვრელად. მან გამოგზავნა იესო ქრისტე, რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო. როგორ გვეხმარება იესოს სიკვდილი? იესო სრულყოფილი დაიბადა და „არც ცოდვა ჩაუდენია“ (1 პეტრე 2:22). ამიტომ მას შეეძლო უსასრულოდ, სრულყოფილი ცხოვრებით ეცხოვრა. იესომ ნებაყოფლობით გაიღო თავისი სრულყოფილი სიცოცხლე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათე 20:28). ეს გამოსასყიდი მალე სრულად ამოქმედდება ჩვენ სასარგებლოდ. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? განვიხილოთ შემდეგი მუხლები.

  • „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

  • „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).

  • „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26).

  • „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა ... მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

და მაინც, რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მარადიულად იცხოვრონ. ეს შესაძლებლობა მათ მას შემდეგ მიეცემათ, რაც ღმერთი დედამიწას გაწმენდს ყოველგვარი ბოროტებისგან (ფსალმუნი 37:28, 29). იესოს სწორედ ეს შესანიშნავი იმედი ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მის გვერდით ძელზე გაკრულ ბოროტმოქმედს უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43).

ადამიანის სურვილი, იცხოვროს მარადიულად, ბუნებრივიც არის და რეალურიც. ეს სურვილი ღმერთმა ჩადო ჩვენში. უფრო მეტიც, ის დაგვიკმაყოფილებს ამ სურვილს (ფსალმუნი 145:16). მაგრამ გარკვეული ქმედება ჩვენი მხრიდანაც მოითხოვება. მაგალითად, უნდა განვივითაროთ ღვთისადმი რწმენა. „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“, — ვკითხულობთ ებრაელების 11:6-ში. ასეთი რწმენა რაღაცის ბრმად დაჯერებას არ ნიშნავს, ის დაფუძნებულია ბიბლიის ზუსტ ცოდნაზე (ებრაელები 11:1). თუ გსურთ, ასეთი რწმენა გქონდეთ, დაელაპარაკეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org.

^ აბზ. 21 ადამისა და ევას დაუმორჩილებლობამ სერიოზული კითხვები წამოჭრა ღვთის მმართველობასთან დაკავშირებით. ეს კითხვები, რომლებიც გვაგებინებს, რატომ ითმენს ღმერთი ბოროტებას, განხილულია წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.

გაიგეთ მეტი

უჯრედი — ცოცხალი ბიბლიოთეკა!

რამ ათქმევინა ცნობილ მეცნიერებს უარი ევოლუციის თეორიაზე?