წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2013

 ინტერვიუ | ირენ ჰოფ ლორენსო

ქირურგი-ორთოპედი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ქირურგი-ორთოპედი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირენ ჰოფ ლორენსო შვეიცარიაში მოღვაწეობს. ერთ დროს მას ეჭვი ეპარებოდა ღვთის არსებობაში, მაგრამ მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ღმერთი არსებობს და, რომ ის არის სიცოცხლის შემოქმედი. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა თავის სამუშაოსა და რწმენასთან დაკავშირებით.

რატომ დაინტერესდით მეცნიერებით?

ბავშვობიდანვე მხიბლავდა ბუნების გასაოცარი სილამაზე. გავიზარდე შვეიცარიის ულამაზეს სოფელ რიხტერსვილში, რომელიც ციურიხის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ჩემს მშობლებსა და უფროს და-ძმას ხშირად დავყავდი სასეირნოდ; ისინი ბევრს მიყვებოდნენ იმ გასაოცარი ცოცხალი არსებებისა და მცენარეების შესახებ, რომლებსაც გზად ვხვდებოდით.

რატომ აირჩიეთ ორთოპედია?

მამაჩემი ერთი პერიოდი ადგილობრივი საავადმყოფოს საოპერაციოში მუშაობდა. ის ექთნებს ეხმარებოდა და პაციენტებს საოპერაციოდ ამზადებდა. იქ ნანახი მასზე იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ ქირურგიის შესახებ აღფრთოვანებით გვესაუბრებოდა. მისი განწყობა მეც გადმომედო და მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ქირურგია ჩემს პროფესიად მექცია. კონკრეტულად ორთოპედია კი იმიტომ ავირჩიე, რომ მომწონდა მედიცინის ამ დარგის სპეციფიკა. გარკვეულწილად, ორთოპედები ინჟინრებს ჰგვანან, რადგან მათ უწევთ აღადგინონ დაზიანებული ძვლები, კუნთები და მყესები, რომელთა გარეშეც ვერ ვიმოძრავებდით.

ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორ უმჯობესდება ჩემი პაციენტების ჯანმრთელობა. მათთან ახლო ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

რატომ გეპარებოდათ ეჭვი ღვთის არსებობაში?

ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც ეჭვები გამიჩნდა. განსაკუთრებით ორმა ფაქტორმა იმოქმედა ჩემზე. პირველი, რამაც ჩემში აღშფოთება გამოიწვია, რელიგიური წინამძღოლების უზნეო საქციელი იყო. ჩემზე იმანაც იმოქმედა, რომ სკოლაში ბიოლოგიის ზოგ მასწავლებელს ევოლუციის სჯეროდა. როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, საბოლოოდ მეც დავიჯერე, რომ ეს თეორია სწორი იყო.

რის საფუძველზე ირწმუნეთ ევოლუციის თეორია?

მე მჯეროდა ჩემი პროფესორების. გარდა ამისა, ვფიქრობდი, რომ ცხოველთა გარკვეულ სახეობებს შორის არსებული ანატომიური მსგავსება, მათ საერთო წარმომავლობაზე მიუთითებდა და მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ახალი სახეობები გენური მუტაციის შედეგად წარმოიშობა.

რატომ შეიცვალეთ მოგვიანებით თვალსაზრისი?

ერთხელ მეგობარმა იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე დამპატიჟა. გამაოცა იმის დანახვამ, რომ ყველა ერთმანეთის მიმართ ყურადღებასა და სითბოს ავლენდა. მომეწონა იქ წარმოთქმული საინტერესო მოხსენებებიც. მოგვიანებით, როდესაც იმ კრებიდან ერთმა სასიამოვნო ქალბატონმა მომინახულა, მას ვკითხე, რატომ უნდა მერწმუნა, რომ ბიბლიაში ჭეშმარიტება ეწერა.

მან წამაკითხა ის ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩვენს დღეებში სრულდება. ერთ-ერთი იყო იესოს წინასწარმეტყველება, რომ „ბოლო დღეებში“ იქნებოდა ომები, „მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა“. * მან აგრეთვე მაჩვენა, რომ ჩვენს დღეებში უნდა შესრულებულიყო ისეთი წინასწარმეტყველებებიც, როგორიცაა: საზოგადოების დეგრადაცია, სიხარბის მატება და ყველა ის საშინელება, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება. * მალე სერიოზულად დავიწყე ბიბლიის შესწავლა და დავრწმუნდი, რომ მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება. გადავწყვიტე, თავიდან გამომეკვლია ჩემი შეხედულებები სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით.

დაგეხმარათ თქვენი სამედიცინო კვლევები გაგეგოთ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?

დიახ. იმ პერიოდში, როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ადამიანის მუხლის ქირურგიას ვიკვლევდი. 1960-იანი წლების მიწურულს, მეცნიერებმა უკეთ შეისწავლეს მუხლის რთული მექანიზმი. მათ დაინახეს, რომ ჩვენი მუხლის სახსარი, მხოლოდ ერთი მიმართულებით კი არა, სხვადასხვა მიმართულებით, დაუბრკოლებლად მოძრაობს. სწორედ ამის გამო აქვს ჩვენს მუხლს მოძრაობის ფართო ამპლიტუდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიაროთ, ვიცეკვოთ და მრავალი სხვა სახის მოძრაობა შევასრულოთ.

უკვე 40 წელია, რაც ექიმები ცდილობენ, შექმნან ხელოვნური მუხლი. მაგრამ ადამიანის მუხლი იმდენად რთული აგებულებისაა, რომ არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისი ხელოვნური ანალოგის შექმნა. უფრო მეტიც, ადამიანის მუხლთან შედარებით, ხელოვნური მუხლის ექსპლუატაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა. მკვლევრები კმაყოფილები დარჩებიან, თუ მათ მიერ საუკეთესო მასალებით დამზადებული მუხლი 20 წელი მაინც მოემსახურება ადამიანს. ჩვენი მუხლი შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, რომლებიც გამუდმებით ახლდება. ადამიანის მუხლის აგებულებამ დამარწმუნა, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არა, ღვთიური სიბრძნითაა შექმნილი.

რას იტყოდით მუტაციებზე და გარკვეულ სახეობათა შორის არსებულ ანატომიურ მსგავსებებზე?

ეს მსგავსებები ცხადყოფს, რომ მათ ერთი შემოქმედი ჰყავთ. უფრო მეტიც, მუტაციას ცოცხალი ორგანიზმი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე არ გადაჰყავს. პირიქით, მუტაცია უმეტესწილად აზიანებს გენებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ შემთხვევითმა მოვლენამ კარგი შედეგი გამოიღოს. მაგალითად, თუ მტრის ჯარით სავსე მატარებელი ხიდის ჩანგრევის შედეგად განადგურდება, ეს ქალაქს მტრის შემოსევისგან დაიცავს, მაგრამ ეს მოვლენა ქალაქს გარკვეულ ზარალს მაინც მიაყენებს. მსგავსად, მუტაცია ვერ აუმჯობესებს ცოცხალ ორგანიზმებს. ის ვერასდროს შეძლებს წარმოქმნას ისეთი გასაოცარი რამ, როგორიც ადამიანის მუხლია, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე.

მუტაცია ვერასდროს შეძლებს წარმოქმნას ისეთი გასაოცარი რამ, როგორიც ადამიანის მუხლია

რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით იეჰოვას მოწმე?

ჩემი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ბიბლიური პრინციპების გამოყენება დავიწყე. 2003 წელს იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს დავესწარი. მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეთა უმეტესობამ ერთმანეთი იქ გაიცნო, მათ შორის ისეთი ერთიანობა სუფევდა, თითქოს ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ნანახმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ მეც გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი ამ ოჯახის ნაწილი, რომლის წევრებიც სიყვარულს საქმით ამტკიცებენ.