არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ივლისი 2013

 მთავარი თემა

არის პროტესტი გამოსავალი?

არის პროტესტი გამოსავალი?

იეჰოვას მოწმეები, ამ ჟურნალის გამომცემლები, პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან (იოანე 17:16; 18:36). ამ სტატიაში მოყვანილია სამოქალაქო არეულობის რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები ერთ ეროვნებას მეორეზე მაღლა აყენებენ ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარეს იკავებენ.

ტუნისში 2010 წლის 17 დეკემბერს 26 წლის მუჰამედ ბუაზიზის მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაუწყდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, მან ნორმალური სამუშაო ვერსად იშოვა, რადგან კორუმპირებული მოხელეები ქრთამის გარეშე სამუშაოზე არავის იღებდნენ. ბოლოს ის იძულებული გახდა ქუჩაში ვაჭრობა დაეწყო. იმ საბედისწერო დილას ინსპექტორებმა მუჰამედს წაართვეს გასაყიდად გამოტანილი მსხალი, ბანანი და ვაშლი. როდესაც სასწორს ართმევდნენ, მუჰამედმა თავი ვერ შეიკავა და მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს, როგორც ზოგიერთი მოწმე ამბობს, პოლიციელმა ქალმა მას სილა გააწნა.

შეურაცხყოფილი და გაცეცხლებული მუჰამედი საჩივლელად იქვე ახლოს მდებარე მერიის შენობაში მივიდა, მაგრამ არავინ მოუსმინა. თვითმხილველები ჰყვებიან, თუ როგორ გაჰყვიროდა შენობის წინ მუჰამედი და ამბობდა: „ხალხო, რით ვარჩინო ჩემი ოჯახი“. ბოლოს სასოწარკვეთილმა ბენზინი გადაისხა და ასანთს გაჰკრა. სამი კვირის შემდეგ მუჰამედი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ შემზარავმა ფაქტმა შეძრა არა მარტო ტუნისი, არამედ სხვა ქვეყნებიც. მუჰამედის მოქმედებას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, რამაც გამოიწვია ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამხობა. მალე საპროტესტო გამოსვლების ტალღა სხვა არაბულ ქვეყნებშიც აგორდა. ევროპარლამენტმა ბუაზიზი და კიდევ ოთხი აქტივისტი აზრის თავისუფლებისთვის 2011 წელს სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, ხოლო ლონდონში გამომავალმა გაზეთმა „ტაიმზმა“ მუჰამედი 2011 წლის ყველაზე გავლენიან მამაკაცად აღიარა.

როგორც ამ შემთხვევიდან დავინახეთ, პროტესტი შეიძლება ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. მაგრამ საინტერესოა, რა დგას ასეთი მასობრივი გამოსვლების მიღმა? არსებობს რაიმე ალტერნატივა?

 რა იწვევს პროტესტებს?

პროტესტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის:

  • უკმაყოფილება სოციალური სისტემებისადმი. როცა ხალხი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მთავრობა მათ მოთხოვნილებებზე ზრუნავს, პროტესტის გამოთქმის სურვილი ნაკლებად უჩნდებათ, რადგან ასეთ ქვეყნებში ხალხმა იცის, რომ პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს კანონიერი გზები. მეორე მხრივ, როცა ხალხი ხედავს, რომ მმართველი ძალების სასარგებლოდ ქვეყანაში კორუფცია და უსამართლობაა გაბატონებული, ისინი მზად არიან პროტესტის გამოსახატავად.

  • ნაპერწკალი. ხშირ შემთხვევაში მასებს მოქმედებისკენ რაღაც მოვლენა უბიძგებს. თუ მანამდე ჩუმად იყვნენ, ახლა უკვე ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა აიმაღლონ ხმა. მაგალითად, მუჰამედ ბუაზიზის მოქმედებას ტუნისში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. ინდოეთში აქტივისტ ანა ჰაზარის მოქმედებას, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ თავისი პროტესტი შიმშილობით გამოხატა, 450 ქალაქში მოჰყვა საპროტესტო აქციები.

დიდი ხნის წინ ბიბლიაში ჩაიწერა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). კორუფცია და უსამართლობა ისე არასდროს ყოფილა გავრცელებული, როგორც დღეს. ადამიანები დღეს უფრო მეტად ხვდებიან, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. სმარტფონების, ინტერნეტისა და 24-საათიანი საინფორმაციო გადაცემების საშუალებით მიყრუებულ ადგილებში მომხდარ მოვლენებსაც კი შეიძლება საპასუხო რეაქცია სხვა ქვეყნებში მოჰყვეს.

რას აღწევს ხალხი პროტესტებით?

საპროტესტო გამოსვლების ინიციატორებს შეუძლიათ თქვან, რომ . . .

  • შვება მოუტანეს ღარიბებს. 1930-იან წლებში, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, ჩიკაგოში (ილინოისი, აშშ.) ასობით ათასმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა. იმის გამო, რომ ვეღარ იხდიდნენ ბინის ქირას, მესაკუთრეებმა ისინი სახლებიდან გამოასახლეს. ამას მოჰყვა მასობრივი გამოსვლები. შედეგად ხელისუფლებამ შეაჩერა გამოსახლების პროცესი და ზოგი დემონსტრანტი სამუშაოთიც კი დააკმაყოფილა. მსგავსი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ნიუ-იორკშიც, რის შედეგადაც 77 000-მა ოჯახმა დაიბრუნა საცხოვრებელი ბინა.

  • აღმოფხვრეს უსამართლობა. 1955—1956 წლებში მონტგომერში (ალაბამა, აშშ.) ფერადკანიანებმა ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ მთავრობამ შეცვალა სეგრეგაციის კანონი, რომლის საფუძველზეც შავკანიანი აღარ იყო ვალდებული, ადგილი დაეთმო თეთრკანიანისთვის.

  • შეაჩერეს მშენებლობა. 2011 წლის დეკემბერში ათობით ათასმა ადამიანმა მოითხოვა ჰონკონგთან ახლოს მშენებარე ქვანახშირის ელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერება, რადგან ის ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა გარემოს.  საპროტესტო გამოსვლების შედეგად მშენებლობა შეჩერდა.

მართალია, ზოგმა საპროტესტო გამოსვლების მეშვეობით მიაღწია თავის მიზანს, მაგრამ ღვთის სამეფო ბევრად უკეთეს გამოსავალს გვთავაზობს

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ გამოსვლებს ყოველთვის არ მოჰყვება სასურველი შედეგები. მაგალითად, ზოგჯერ ხელისუფლებას ურჩევნია, დასაჯოს მომიტინგეები, ვიდრე მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. არც ისე დიდი ხნის წინ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა თავის ქვეყანაში მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა მისამართით განაცხადა: „ამ ხალხის მიმართ მკაცრ ზომებს უნდა მივმართოთ“. შედეგად იმ ქვეყანაში მასობრივ გამოსვლებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მაშინაც კი, როდესაც აქტივისტები თავიანთ მიზანს აღწევენ, ახალ-ახალი პრობლემები მაინც იჩენს თავს. ერთმა მამაკაცმა, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის მმართველის ჩამოგდებაში მონაწილეობდა, ჟურნალ „ტაიმს“ ახალი რეჟიმის შესახებ ასეთი რამ უთხრა: „ეს იყო უტოპია, რომელიც მალევე ქაოსში გადაიზარდა“.

არსებობს უკეთესი გამოსავალი?

ბევრი გავლენიანი პირი თვლის, რომ უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა ადამიანის ვალდებულებაა. მაგალითად, ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველიმ, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო წლები იჯდა ციხეში, 1985 წელს დაწერა: „თუ საჭირო გახდება, [დისიდენტი] მზად არის საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღოს, რადგან მას სიმართლის დასამტკიცებლად  სხვა გზა არ დარჩენია“.

მუჰამედ ბუაზიზისა და სხვების შემთხვევამ აჩვენა, რომ ჰაველი სიმართლეს ამბობდა. აზიის ერთ ქვეყანაში რელიგიური და პოლიტიკური დევნების წინააღმდეგ გამოსულმა არაერთმა ადამიანმა თავი დაიწვა. ამ უკიდურესი მოქმედების შესახებ ერთმა მამაკაცმა ჟურნალ „ნიუზუიკს“ განუცხადა: „ჩვენ არ გვაქვს იარაღი. ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ სხვებს. მაშ, სხვანაირად, როგორ მოვიქცეთ?!“.

უსამართლობისგან, კორუფციისა და ჩაგვრისგან გამოსავალს ბიბლია გვთავაზობს. მასში საუბარია ღვთის ზეციერ ხელისუფლებაზე. ეს ხელისუფლება შეცვლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, რომლებიც ადამიანს პროტესტის გამოხატვის სურვილს უჩენს. ამ ხელისუფლების შესახებ ნაწინასწარმეტყველებია: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს . . . ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:12, 14).

იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებს მთელ დედამიწაზე ნამდვილ მშვიდობას (მათე 6:9, 10). ამიტომაც ისინი არ იღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. რთული დასაჯერებელია ის აზრი, რომ ღვთის ხელისუფლება აღმოფხვრის ყველა იმ მიზეზს, რაც ადამიანს პროტესტის გამოხატვისკენ უბიძგებს? ერთი შეხედვით შეიძლება ასეც ჩანდეს. თუმცა ბევრი დარწმუნდა, რომ ღვთის ხელისუფლება ამას შეძლებს. იფიქრეთ ამაზე.