წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2013

 წარსულის სახეები | „ელ რეკერიმიენტო“

ღვთის სახელით წაყენებული ულტიმატუმი

ღვთის სახელით წაყენებული ულტიმატუმი

„თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ ... ღვთის შეწევნითა და ძალით შემოვიჭრებით თქვენს სოფელში და ომს გამოგიცხადებთ. დაგიმორჩილებთ და პაპისა და მეფის უღელს დაგადგამთ; თქვენს ცოლებსა და შვილებს მონებად ვაქცევთ ... წაგართმევთ ქონებას და დიდ ზიანს მოგაყენებთ ... თქვენი უბედურებისა და სიკვდილის მიზეზი თქვენვე იქნებით და არა მისი უდიდებულესობა ან ჩვენ“.

ოფიციალურ დეკლარაციებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული დეკლარაცია. ზემოხსენებული სიტყვები გახლავთ ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელსაც ესპანურად „ელ რეკერიმიენტო“ ეწოდება. ამ დოკუმენტს მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორები ხმამაღლა კითხულობდნენ, როცა ამერიკის კონტინენტზე ახალი მიწების დასაპყრობად მიდიოდნენ.

კონკრეტულად რას მოითხოვდნენ კონკისტადორები ადგილობრივებისგან და რატომ?

კათოლიციზმზე იძულებით მოქცევა

მალევე, მას შემდეგ, რაც 1492 წელს კოლუმბმა ფეხი დადგა ამერიკის კონტინენტზე, ესპანეთმა და პორტუგალიამ ახალი მიწები თავიანთ საკუთრებად გამოაცხადეს. ორივე სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ პაპი ქრისტეს წარმომადგენელი იყო დედამიწაზე. ამიტომ სადავო საკითხების მოსაგვარებლად ისინი რომის პაპს მიმართავდნენ. პაპის მითითებით კათოლიკურმა ეკლესიამ ახალი ტერიტორიები ესპანეთსა და პორტუგალიას დაუნაწილა იმ პირობით, რომ ისინი მისიონერებს გაგზავნიდნენ და ადგილობრივებს კათოლიციზმზე მოაქცევდნენ.

დამპყრობლები სულ უფრო მეტად მიიწევდნენ წინ. ესპანეთის სამეფო ცდილობდა, კანონიერი სახე მიეცა კონკისტადორთა ქმედებებისთვის. ესპანელები აცხადებდნენ, რომ პაპი ღვთის სახელით მოქმედებდა, როდესაც მათ დაპყრობილ მიწებს აძლევდა. შესაბამისად, დამპყრობლებს უფლება ჰქონდათ თავიანთი სურვილისამებრ მოქცეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის თავისუფლება შეეზღუდათ და მათი ქონება მიესაკუთრებინათ.

ესპანელებმა შეადგინეს დოკუმენტი, რომლითაც ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებთ რომის პაპის გადაწყვეტილებას აცნობდნენ. ადგილობრივებისგან მოითხოვებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიღება და ესპანეთის მეფისადმი უპირობო მორჩილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანეთს სრული უფლება ჰქონდა, ღვთის სახელით „სამართლიანი“ ომი წამოეწყო.

„მათი მსჯელობით, ძალადობა გამართლებული იყო იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა სამართლიანი მიზეზი. ამიტომ ესპანეთს თავის გასამართლებლად საპატიო მიზეზები უნდა მოეფიქრებინა“ (ფრანსის სულივანი, იეზუიტი, თეოლოგიის პროფესორი).

„უსამართლო, სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი“

„ელ რეკერიმიენტოს“ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ კოლონიური ომები გაემართლებინათ და ესპანეთის მეფე სინდისს ძალიან არ შეეწუხებინა. ხშირად კონკისტადორები ამ დოკუმენტს გემზე კითხულობდნენ მანამ, სანამ ნაპირს მიადგებოდნენ, ზოგჯერ კი უკვე ნაპირზე გადმოსულები მას ადგილობრივებს უკითხავდნენ, რომელთაც ევროპელთა ენები არ ესმოდათ. მას ზოგჯერ დაცარიელებულ ქოხებთანაც კითხულობდნენ, რომლებსაც შეშინებული ხალხი ტოვებდა.

კათოლიციზმზე იძულებით მოქცევას საშინელი სისხლის ღვრა მოჰყვა. მაგალითად, დამპყრობთა ბარბაროსულ ქმედებას 1550 წელს ჩილეში 2000-მდე არაუკანელის (ინდიელთა ტომი) სიცოცხლე შეეწირა. გადარჩენილებზე კონკისტადორმა პედრო დე ვალდივიამ მეფეს მოახსენა: „განკარგულება გავეცი, რომ დაუმორჩილებლობის გამო ორასი ადამიანისთვის ხელები და ცხვირები მოეჭრათ, რადგან არაერთხელ გავუგზავნე მაცნეები და გადავეცი ბრძანება [ელ რეკერიმიენტო], თქვენი ბრძანებისამებრ, თქვენო უდიდებულესობავ“. *

ამ ბრძანების კითხვით, როგორც ჩანს, დამპყრობლები სინდისს იმშვიდებდნენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ელ რეკერიმიენტომ“ დიდად ვერ შეუწყო ხელი ესპანელთა რელიგიის გავრცელებას. მე-16 საუკუნეში მოღვაწე მისიონერმა ბერმა, ბართოლომე დე ლას კასასმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ამ ბრძანების შედეგები, დაწერა: „ეს იყო უსამართლო, სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი, უაზრო და აბსურდული ბრძანება, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სამარცხვინო რეპუტაციაზე, რომელიც მან ქრისტიანულ რელიგიას შეუქმნა“. მემატიანე გონსალო ფერნანდეს დე ოვიედო წუხდა იმის გამო, რომ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილმა სისასტიკემ და ძალადობამ ამ ხალხს საშინელი წარმოდგენა შეუქმნა ქრისტიანობაზე.

ღმერთია დამნაშავე იმ სისასტიკეში, რომელსაც პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ღვთის სახელით სჩადიოდნენ? ბიბლიაში წერია: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10).

^ აბზ. 12 ზოგიერთი წყაროს თანახმად, „ელ რეკერიმიენტო“ 1573 წელს გაუქმდა.