წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2013

როგორ გადავეჩვიოთ ფულის ზედმეტად ხარჯვას

როგორ გადავეჩვიოთ ფულის ზედმეტად ხარჯვას

მარკეტოლოგების შემოტევების გარდა ხშირად ჩვენივე ემოციებისა და ჩვევების გამოც ხდება, რომ ზედმეტ ფულს ვხარჯავთ. ქვემოთ მოცემული ექვსი რჩევა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ ფულის ზედმეტ ხარჯვას.

  1. ნაჩქარევად ნუ იყიდით. გსიამოვნებთ საყიდლებზე სიარული ან ის, როცა ძვირადღირებულ საქონელს ფასდაკლებით წააწყდებით? თუ ასეა, ალბათ გჩვევიათ კიდეც ნაჩქარევად ყიდვა. ცდუნებას რომ გაუძლოთ, დაფიქრდით, რეალურად რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ ამ ნივთის შეძენამ და მისმა შენახვამ. გაიხსენეთ, ბოლოს რა იყიდეთ ნაჩქარევად, რაზეც მოგვიანებით ინანეთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად იფიქრეთ.

  2. ნუ იყიდით მხოლოდ იმიტომ, რომ განწყობა აიმაღლოთ. ახალი ნივთების შეძენამ შეიძლება დროებით კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. მაგრამ მერე, როცა უარყოფითი ფიქრები ისევ მოგეძალებათ, უფრო ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ იმისა, რომ შვება ფულის ხარჯვაში ჰპოვოთ. იმის ნაცვლად, რომ გუნება-განწყობის ასამაღლებლად საყიდლებზე წახვიდეთ, კარგი იქნება, თუ დროს მეგობრებთან გაატარებთ ან თავს ფიზიკურად დაიტვირთავთ, თუნდაც ფეხით გაისეირნებთ.

  3.   ნუ წახვალთ საყიდლებზე გართობის მიზნით. ზოგი სავაჭრო ცენტრი გასართობი ცენტრის როლსაც ითავსებს. შეიძლება ასეთ ადგილებს გართობის მიზნით სტუმრობთ, თუმცა თითქმის ყველაფერი, რასაც იქ ხედავთ, იმაზეა გათვლილი, რომ ყიდვის სურვილი გაგიჩნდეთ. მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როცა ინტერნეტით ერთობით. მხოლოდ მაშინ იყიდეთ, როცა ზუსტად იცით, რა გინდათ.

  4. ყურადღებით შეარჩიეთ სამეგობრო წრე. მეგობრების ცხოვრების სტილი და საუბრები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სურვილებზე. თუ ფულს იმიტომ ხარჯავთ, რომ მეგობრებს არ ჩამორჩეთ, მაშინ მათთან იმეგობრეთ, ვინც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ფულსა და მატერიალურ ნივთებს.

  5. გონივრულად გამოიყენეთ საკრედიტო ბარათები. საკრედიტო ბარათებით საქონლის შეძენა ძალიან ადვილია, მაგრამ ამ დროს, სამწუხაროდ, შედეგებზე არ ვფიქრობთ. ეცადეთ, ყოველთვიურად სრულად დაფაროთ საკრედიტო ნაშთი. წინასწარ კარგად გაეცანით საკრედიტო ბარათებით მომსახურების პირობებს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბარათი. ნუ ისარგებლებთ პრემიუმ ბარათებით, რომლებიც მაღალ საპროცენტო განაკვეთს გაჭრით და ისეთ მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც სინამდვილეში არ გჭირდებათ. როცა რაიმე სერიოზულის ყიდვას გეგმავთ, კრედიტით ყიდვის ნაცვლად, ჯობია ფული დააგროვოთ და ნაღდი ანგარიშით შეიძინოთ.

  6. უნდა იცოდეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ადამიანი ფულს უფრო ადვილად და თავისუფლად ხარჯავს, როცა ზუსტად არ იცის თავისი ფინანსური მდგომარეობა. აწარმოეთ ჩანაწერები შემოსავლისა და გასავლის შესახებ, რათა იცოდეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შემოსავლისა და გასული თვეების ხარჯების გათვალისწინებით შეადგინეთ გეგმა, თუ რამდენის დახარჯვას აპირებთ ამ თვეში. აკონტროლეთ, რამდენს ხარჯავთ და შეადარეთ გეგმას. სთხოვეთ სანდო მეგობარს, დაგეხმაროთ ისეთი ფინანსური საკითხების გარკვევაში, რომლებიც კარგად არ გესმით.