წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2013

 წარსულის სახეები

კიროს დიდი

კიროს დიდი

თანამედროვე კალენდრის მიხედვით ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს ბაბილონის იმპერიის დედაქალაქს, ბაბილონს, წარმოუდგენელი რამ დაემართა. იმ საბედისწერო ღამეს მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა დაამხვეს ქალაქი ბაბილონი. მათ სათავეში ედგა სპარსეთის მეფე კიროსი, რომელიც აგრეთვე ცნობილია კიროს დიდის სახელით. ის ბრწყინვალე სტრატეგიით მოქმედებდა.

როგორ აიღო კიროსმა ბაბილონი

„როდესაც კიროსმა მიზანში ამოიღო ბაბილონი, ის ყველაზე დიდებულ ქალაქად ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა მთელ იმდროინდელ მსოფლიოშიც კი“, — ნათქვამია ერთ ისტორიულ წიგნში (Ancient World Leaders — Cyrus the Great). ბაბილონი მდინარე ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქის მასიურ კედლებს გარშემოვლებული ჰქონდა წყლით სავსე თხრილები. ეს დამცავი საშუალებები ქალაქში შეღწევას შეუძლებელს ხდიდა.

კიროსის მეომრებმა მდინარე ევფრატს მიმართულება შეუცვალეს, რის შედეგადაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ჯარისკაცებმა ფეხით გადაკვეთეს მდინარე და ასე მიაღწიეს ქალაქის კარიბჭეებამდე, რომლებიც ღია დარჩენოდათ. მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აიღეს ბაბილონი. ბერძენი ისტორიკოსების ჰეროდოტესა და ქსენოფონტის თქმით, ბაბილონელები იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქალაქის დამცავი კედლების მიღმა, რომ იმ ღამით, როდესაც სპარსელები თავს დაესხნენ, ბევრი მათგანი, მათ შორის მეფეც, არხეინად შეექცეოდა ნადიმს (იხილეთ ჩარჩო  „წარწერა კედელზე“). კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობით საოცრად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები.

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა

 საოცარი წინასწარმეტყველებები

ესაიას წინასწარმეტყველებები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ისინი დაახლოებით 200 წლით ადრე დაიწერა, კიროსის დაბადებამდე დაახლოებით 150 წლით ადრე. განვიხილოთ შემდეგი წინასწარმეტყველებები:

  • ბაბილონს დაიპყრობდა და ებრაელებს ტყვეობიდან გაათავისუფლებდა კაცი, სახელად კიროსი (ესაია 44:28; 45:1).

  • მდინარე ევფრატი ამოშრებოდა და კიროსის მეომრები თავისუფლად გაივლიდნენ მასზე (ესაია 44:27).

  • ქალაქის კარიბჭეები ღია იქნებოდა (ესაია 45:1).

  • ბაბილონელები ბრძოლას შეწყვეტდნენ (იერემია 51:30; ესაია 13:1, 7).

სასწაულებრივი ხსნა

ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს იერუსალიმი და გადარჩენილთა უმეტესობა ტყვედ წაასხეს. რამდენ ხანს დარჩებოდნენ ებრაელები ტყვეობაში? ღმერთმა თქვა: „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს . . . და მარადიულად გავაპარტახებ“ (იერემია 25:12).

როგორც აღნიშნული იყო, კიროსმა ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს დაიპყრო. ამის შემდეგ მან მალევე ტყვეობიდან გაათავისუფლა იუდეველები. ძვ. წ. 537 წელს ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, ზუსტად 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ (ეზრა 1:1—4). რაც შეეხება ბაბილონს, მასზეც ზუსტად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება. საბოლოოდ, ის მთლიანად გაპარტახდა.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

დავფიქრდეთ: ბიბლიამ იწინასწარმეტყველა 1) ებრაელების 70-წლიანი გადასახლება, 2) კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა და ქალაქის აღების სტრატეგიული გეგმა და 3) ბაბილონის სრული გაპარტახება. ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება მოკვდავ ადამიანს არ შეეძლო. ლოგიკურია, შემდეგი სიტყვები ვირწმუნოთ: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს . . . ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). აშკარაა, რომ ბიბლია იმსახურებს ჩვენს ყურადღებას!

^ აბზ. 36 ფულისა და წონის ერთეულები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.