არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  მაისი 2013

 ინტერვიუ | რაკელ ჰალი

ებრაელი ქალი მოგვითხრობს, რამ აღძრა, გამოეკვლია თავისი რწმენა

ებრაელი ქალი მოგვითხრობს, რამ აღძრა, გამოეკვლია თავისი რწმენა

რაკელ ჰალის დედა ებრაელი იყო, მამა კი ავსტრიელი, რომელმაც იუდაიზმი მიიღო. დედის მხრიდან ბებია და პაპა სიონისტები იყვნენ. ისინი ისრაელში 1948 წელს დასახლდნენ. ამ წელს ისრაელმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ რაკელისგან ინტერვიუ აიღო. რაკელი მოგვითხრობს, თუ რატომ გადაწყვიტა, უფრო ღრმად გამოეკვლია იუდაური სარწმუნოება.

მოგვიყევით თქვენს წარსულზე.

დავიბადე 1979 წელს შეერთებულ შტატებში. სამი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა იუდაური ტრადიციებით მზრდიდა და სასწავლებლად ებრაელთა რელიგიურ სკოლაში, იეშივაში, მიმაბარა. შვიდი წლის ვიყავი, როცა ერთი წლით ისრაელში გადავედით საცხოვრებლად. იქ კიბუცის დასახლებაში არსებულ სკოლაში დავდიოდი. შემდეგ მე და დედა მექსიკაში წავედით.

მართალია, ახლო-მახლო სინაგოგა არ იყო, მაგრამ იუდაურ ტრადიციებს არ ვღალატობდი. შაბათის დღესასწაულზე სანთლებს ვანთებდი, თორას ვკითხულობდი და ვლოცულობდი ლოცვების წიგნიდან „სიდური“. კლასელებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ ჩემი რელიგია ჭეშმარიტი იყო, რადგან ის ყველა რელიგიაზე ადრე არსებობდა. იმ დროს წაკითხული არ მქონდა „ახალი აღთქმა“, რომელიც ყურადღებას იესო ქრისტეს მსახურებასა და სწავლებებზე ამახვილებს. დედა მაფრთხილებდა, რომ ამ წიგნისგან თავი შორს დამეჭირა, რადგან ეშინოდა მისი სწავლებებით გონება არ მომეწამლა.

რატომ გადაწყვიტეთ „ახალი აღთქმის“ წაკითხვა?

17 წლის რომ გავხდი, განათლების მისაღებად ისევ შეერთებულ შტატებში დავბრუნდი. იქ ერთმა ნაცნობმა, რომელიც ქრისტიანი იყო, მითხრა, რომ იესოს გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იქნებოდა.

ყველა, ვისაც ქრისტე სწამს, დაღუპულია, — ვუთხარი მე.

წაგიკითხავს საერთოდ „ახალი აღთქმა“? — მკითხა მან.

არა, — ვუპასუხე.

განა უვიცი არ გამოდიხარ, როცა  ისეთ საკითხზე კამათობ, რაზეც არაფერი გაგეგება? — მითხრა მან.

მისი სიტყვები გულზე მომხვდა, რადგან მე თვითონაც სისულელედ მიმაჩნდა ისეთ საკითხზე კამათი, რაზეც ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს. სხვა გზა არ მქონდა, გამოვართვი ბიბლია და „ახალი აღთქმის“ წაკითხვა დავიწყე.

როგორ იმოქმედა თქვენზე წაკითხულმა?

ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ „ახალი აღთქმა“ თურმე ებრაელებს დაუწერიათ. რაც მეტს ვკითხულობდი, მით მეტად ვიგებდი, რომ იესო კეთილი და თავმდაბალი ებრაელი იყო, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს და არავის ჩაგრავდა. ბიბლიოთეკაშიც კი წავედი, რომ მის შესახებ წიგნები წამეკითხა. მაგრამ ვერც ერთმა წიგნმა ვერ დამარწმუნა, რომ იესო მესია იყო. ზოგიერთ მათგანში იესო ღმერთად იყო მოხსენიებული, რაც აბსურდულად მიმაჩნდა. თუ ეს ასე იყო, მაშ ვის მიმართავდა იესო ლოცვით — საკუთარ თავს? უფრო მეტიც, ის ხომ მოკვდა; ბიბლიაში კი ღმერთზე წერია: „შენ არ კვდები!“ *

როგორ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვებზე?

ჭეშმარიტება თავის თავს არ ეწინააღმდეგება, ამიტომ გადავწყვიტე, მეპოვა ის. გულწრფელად ვლოცულობდი და ღმერთს ცრემლებით ვევედრებოდი, დამხმარებოდა. ეს იყო ჩემი პირველი ლოცვა ლოცვების წიგნის გარეშე. ის-ის იყო ლოცვა დავამთავრე, რომ კარზე დააკაკუნეს. კართან ორი იეჰოვას მოწმე იდგა. მათ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები მომცეს. ამ პუბლიკაციებმა და მოწმეებთან მსჯელობამ დამარწმუნა, რომ მათი რწმენა ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, იეჰოვას მოწმეებისთვის იესო სამების ნაწილი არ არის. ის არის „ღვთის ძე“ * და „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ *.

ამის შემდეგ მალე მექსიკაში დავბრუნდი და მოწმეებთან მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების კვლევა განვაგრძე. არც კი ვიცოდი, რომ მესიაზე ამდენი წინასწარმეტყველება არსებობდა. მაგრამ იყო რაღაც, რაშიც ეჭვი მეპარებოდა: იესო ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა მესიის როლს, თუ უბრალოდ ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც საუკეთესოდ მოირგო ეს როლი?

საბოლოოდ, რამ დაგარწმუნათ, რომ იესო მესია იყო?

მოწმეებმა ბიბლიაში წამაკითხეს წინასწარმეტყველებები, რომლებსაც თვითმარქვია ვერ შეასრულებდა. მაგალითად, 700 წელზე მეტი ხნით ადრე წინასწარმეტყველმა მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა იუდეის ბეთლემში. * განა ვინმეს შეუძლია განსაზღვროს თავისი დაბადების ადგილი? ესაიამ დაწერა, რომ მესიას, როგორც ბოროტმოქმედს ისე მოკლავდნენ, მაგრამ მდიდრებთან დამარხავდნენ. * ყველა ეს წინასწარმეტყველება იესოზე შესრულდა.

კიდევ ერთი მტკიცებულება იესოს გენეალოგია იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მესია მეფე დავითის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა. * ძველად ებრაელები გენეალოგიურ ჩანაწერებს ინახავდნენ. იესო რომ დავითის შთამომავალი არ ყოფილიყო, ამას მისი მტრები აუცილებლად გამოიყენებდნენ მის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მათ ეს ვერ გააკეთეს, რადგან იესოს ვერავინ შეედავებოდა იმაში, რომ ის დავითის შთამომავალი იყო. ხალხი მას „დავითის ძესაც“ * კი ეძახდა.

ახ. წ. 70 წელს, იესოს სიკვდილიდან 37 წლის შემდეგ, რომაელთა ჯარებმა იერუსალიმი გაანადგურეს და შედეგად, გენეალოგიური ჩანაწერები დაიკარგა ან განადგურდა. მაშასადამე, მესია ახ. წ. 70 წლამდე უნდა მოსულიყო.

როგორ იმოქმედა პირადად თქვენზე ყოველივე ამის გაგებამ?

კანონის 18:18, 19-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ისრაელში გამოჩნდებოდა მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი. ვინც „არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, მე თვითონ მოვკითხავ პასუხს“, — თქვა ღმერთმა. მთელი ბიბლიის ღრმად გამოკვლევამ დამარწმუნა, რომ იესო ნაზარეთელი სწორედ ეს წინასწარმეტყველი იყო.