არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2013

 მთავარი თემა

თავი დაიცავით, რომ არ გახდეთ ბოროტმოქმედების მსხვერპლი

თავი დაიცავით, რომ არ გახდეთ ბოროტმოქმედების მსხვერპლი

„როცა დამიღამდებოდა, ჩემი მეგობრები ყოველთვის მაცილებდნენ ხოლმე სახლში. მაგრამ ერთ საღამოს ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ გადავწყვიტე, შინ ტაქსით წავსულიყავი.

მძღოლმა გზიდან გადაუხვია და ერთ უკაცრიელ ადგილას მიმიყვანა. მას ჩემი გაუპატიურება უნდოდა. როცა მთელი ძალით ვიყვირე, მან უკან დაიხია. მერე მეორედ გამოიწია, მე ისევ ვიყვირე და გავიქეცი.

ადრე არ მჯეროდა, რომ ამ დროს ყვირილი რამეს შველოდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს მართლა შველის“. კარინა *

ბევრ ქვეყანაში ბოროტმოქმედება დღემდე დიდ საშიშროებად ითვლება. მაგალითად, ერთი მოსამართლე ამბობს: „სამწუხარო რეალობაა, რომ ბოროტმოქმედთა მსხვერპლი დღეს თუ ხვალ ყველა გახდება“. ზოგ ქვეყანაში დამნაშავეობა ისე ფართოდ არ არის გავრცელებული, როგორც სხვაგან. თუმცა, თვითდაჯერებულობა არ იქნებოდა გონივრული, რადგან ასეთი ადამიანი უფრო ადვილად შეიძლება გახდეს ბოროტმოქმედთა მსხვერპლი.

როგორ შეგიძლიათ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადოთ იმისდა მიუხედავად, იქ ცხოვრობთ, სადაც დანაშაულის დონე მაღალია თუ იქ, სადაც დაბალია? ამ მხრივ ძალიან დაგეხმარებათ ერთი ბიბლიური პრინციპის გათვალისწინება: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავები 22:3, სსგ). პოლიციის მაღალჩინოსნები ხალხს ურჩევენ, პრევენციულ ზომებს მიმართონ, რათა არ გახდნენ ბოროტმოქმედთა მსხვერპლნი.

ბოროტმოქმედთა მსხვერპლნი მხოლოდ ფიზიკურ და მატერიალურ ზიანს არ განიცდიან. ბევრ დაზარალებულს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფსიქიკურ და ემოციურ ტკივილთან უწევს ბრძოლა. მაშ, რამდენად გონივრულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. რა შეიძლება გააკეთოთ, რომ თავი დაიცვათ და არ გახდეთ ისეთი ოთხი სახის დანაშაულის მსხვერპლი, როგორიცაა: ყაჩაღობა, სექსუალური ძალადობა, კიბერდანაშაული და პირადი ინფორმაციის მოპარვა?

 ყაჩაღობა

განმარტება: ყაჩაღობა არის თავდასხმით, დაშინებით ან ძალადობით ქონების წართმევა.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე. ბრიტანეთში სერიული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ერთმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დაზარალებულებს არ ჰქონდათ ფიზიკური ზიანი მიყენებული, მაგრამ ყველა განიცდიდა ემოციურ ტკივილს. ის ამბობს: „რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ დღემდე ნერვული მოშლილობა და უძილობა აწუხებთ. თითქმის ყველამ თქვა, რომ ყოველივე ეს ძალიან ცუდად აისახება მათ შრომისუნარიანობაზე“.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ?

  • მძარცველები შესაძლებლობებს ეძებენ თავიანთი მიზნის მისაღწევად. დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს

    ეს უნდა იცოდეთ. მძარცველები შესაძლებლობებს ეძებენ თავიანთი მიზნის მისაღწევად. მათ უყვართ მოულოდნელი თავდასხმები. ამიტომ დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს — ვინმე საეჭვოდ ხომ არ გიყურებთ. „ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს უჭირს საღად აზროვნება და მოსალოდნელი საფრთხის დანახვა“, — ნათქვამია ერთ სამედიცინო ენციკლოპედიაში. ამიტომ ნუ დაუშვებთ, რომ ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა სიფხიზლე მოგიდუნოთ.

  • დაიცავით თქვენი საკუთრება. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი მანქანა ყველანაირად დაცული იყოს. სახლის კარი და ფანჯრები საიმედოდ ჩაკეტეთ. უცხო არავინ შემოუშვათ სახლში. ძვირფასეულობას თვალსაჩინო ადგილას ნუ დადებთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი ქონებით. „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“, — ნათქვამია იგავების 11:2-ში. ქურდების, მათ შორის ქურდბაცაცა ბავშვების, სამიზნე ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც ძვირადღირებულ სამკაულებსა და ტექნიკას „რეკლამას“ უკეთებენ.

  • გაითვალისწინეთ რჩევა. „უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია, რჩევის მომსმენი კი ბრძენია“ (იგავები 12:15). თუ მოგზაურობთ, გაითვალისწინეთ იქ მცხოვრები სანდო ადამიანებისა და უფლებამოსილი პირების რჩევები. მათ შეიძლება გითხრან, რომელი ადგილებია სახიფათო და ის, თუ როგორ დაიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე პირადი ნივთები.

სექსუალური ძალადობა

განმარტება: სექსუალურ ძალადობაში იგულისხმება როგორც გაუპატიურება, ისე სხვა სახის სექსუალური შეურაცხყოფა ძალის გამოყენებით ან მუქარით.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე. ერთი ქალი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამბობს: „საშინელებაა. ეს ტრაგედია წლები გტანჯავს და ცვლის არა მარტო შენს, არამედ შენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებასაც“. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ამაზრზენი რამ ხდება, დაზარალებული არ არის დამნაშავე. პასუხისმგებლობა მთლიანად მოძალადეს ეკისრება.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ?

  • მოუსმინეთ გულისხმას. „თუ სადმე თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ ან ვინმეს საეჭვოდ მიიჩნევთ, გაეცალეთ იქაურობას. როგორც არ უნდა ეცადონ თქვენ დარწმუნებას, რომ ცუდი არაფერი მოხდება, თუ გული სხვა რამეს გეუბნებათ, იქ არ უნდა დარჩეთ“, — გვირჩევს ჩრდილოეთ კაროლინას პოლიციის დეპარტამენტი.

  • იარეთ თავდაჯერებულად; იყავით ყურადღებით. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხშირად ის ხდება, ვინც ადვილად მიმნდობია და ეჭვი არავისში შეაქვს. ამიტომ იარეთ თავდაჯერებულად და იყავით ყურადღებით.

  • იმოქმედეთ დაუყოვნებლივ. იყვირეთ (კანონი 22:25—27). გაიქეცით ან იქით შეუტიეთ  თავდამსხმელს. თუ მოახერხებთ, უსაფრთხო ადგილას გაიქეცით და პოლიციაში დარეკეთ. *

კიბერდანაშაული

განმარტება: კიბერდანაშაული არის ინტერნეტით განხორციელებული დანაშაული. მასში იგულისხმება საშემოსავლო და სხვა გადასახადების გაყალბება, სოციალური დახმარების მიღება უკანონო გზებით, სხვისი საკრედიტო ბარათების ხელში ჩაგდება და ფულის მოტყუებით გამოძალვა მომხმარებლისგან, რომელიც ვერ ღებულობს ნაყიდ საქონელს. კიბერდანაშაულად ითვლება აგრეთვე ისეთი მაქინაციები, როგორიცაა: ყალბი საინვესტიციო გეგმის მეშვეობით ხალხისგან ფულის გამოძალვა და თაღლითობა ინტერნეტ აუქციონებით.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე. თაღლითობებს მილიარდობით დოლარი ეწირება როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთელი საზოგადოების მხრიდან. განვიხილოთ რეალური მაგალითი. სანდრამ იმეილი მიიღო. მან იფიქრა, რომ წერილი იმ ბანკიდან იყო, სადაც ანგარიში ჰქონდა გახსნილი. მას სთხოვდნენ, განეახლებინა საბანკო ანგარიშის მონაცემები. სანდრა გაოგნდა, როცა პირადი მონაცემების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში მისი ანგარიშიდან 4 000 ამერიკული დოლარი უცხო ქვეყნის ბანკში გადაირიცხა. სანდრა მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ?

  • იყავით ფრთხილად! არ მოიტყუოთ თავი ისეთი ვებ-გვერდებით, რომლებსაც ნამდვილისგან ძნელად თუ გაარჩევს კაცი. გახსოვდეთ, რომ ოფიციალური ფინანსური ორგანიზაციები არასოდეს ითხოვენ პირად ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით. სანამ ინტერნეტით რამეს იყიდით ან ინვესტიციას ჩადებთ, გაარკვიეთ, როგორი რეპუტაციით სარგებლობს ეს კომპანია. „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“, — ვკითხულობთ იგავების 14:15-ში. ფრთხილად იყავით, როცა საქმეს უცხოეთში არსებულ კომპანიებთან იჭერთ. ასეთ შემთხვევაში უფრო რთულია პრობლემების მოგვარება.

  • მეტი გაიგეთ კომპანიის შესახებ. გაარკვიეთ, ნამდვილად მდებარეობს თუ არა ეს კომპანია მითითებულ ფიზიკურ მისამართზე; ზუსტია თუ არა მითითებული ტელეფონის ნომერი; თქვენ მიერ შეძენილი საქონელი ხომ არ შეიცავს მალულ ფასებს; როდის მოგიტანენ ინტერნეტით ნაყიდ საქონელს; შესაძლებელია თუ არა საქონლის ან თანხის უკან დაბრუნება.

  • დაეჭვდით, თუ შემოთავაზება დაუჯერებლად კარგია. ინტერნეტ-თაღლითების სამიზნეები, უმეტესწილად, ხარბი ადამიანები არიან; აგრეთვე ისინი, რომლებსაც მუქთად სურთ ყველაფრის მიღება. სატყუარა შეიძლება ის იყოს, როცა დიდ ფულს გთავაზობენ მინიმალური სამსახურის სანაცვლოდ ან სესხს, მაშინაც კი, თუ კარგი გადამხდელის რეპუტაცია არა გაქვთ; სატყუარაა ისიც, თუ დიდ მოგებას გთავაზობენ მინიმალური თანხის დაბანდების სანაცვლოდ. შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალური კომისია გვირჩევს: „ნუ დაგეზარებათ იმის გადამოწმება, კანონიერია თუ არა საინვესტიციო შემოთავაზებები. რაც მეტ მოგებას გპირდებიან, მით მეტია რისკი. ნუ ჩადებთ ინვესტიციას მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მათი ნდობა შეიძლება“.

პირადი მონაცემების მოპარვა

განმარტება: პირადი მონაცემების მოპარვაში იგულისხმება, უკანონოდ მოიპოვო და გამოიყენო ვინმეს პირადი ინფორმაცია იმისათვის, რომ ჩაიდინო თაღლითობა ან სხვა სახის დანაშაული.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე. თაღლითებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენი პირადი მონაცემები, რათა შეიძინონ საკრედიტო ბარათები, აიღონ სესხები ან გახსნან ახალი საბანკო ანგარიშები. შედეგად თქვენს სახელზე გროვდება ვალები. დროთა განმავლობაში ეს ვალები რომც გადაიხადოთ, წლების განმავლობაში ვერ მოიცილებთ ცუდი გადამხდელის რეპუტაციას. ერთი დაზარალებული ამბობს: „ცუდი გადამხდელის რეპუტაცია ყველაფერზე მოქმედებს. ეს ფულის დაკარგვაზე უარესია“.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ?

  • საიმედოდ შეინახეთ კონფიდენციალური ინფორმაცია. თუ ინტერნეტით საბანკო ოპერაციებს აწარმოებთ ან რამეს ყიდულობთ, ხშირად ცვალეთ პაროლი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამისთვის  პირად კომპიუტერს არ იყენებთ. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნუ უპასუხებთ ისეთ იმეილებს, რომლებიც გთხოვენ კონფიდენციალურ ინფორმაციას.

    თაღლითები პირად ინფორმაციას მხოლოდ კომპიუტერით არ იპარავენ. ისინი სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, საჩეკო წიგნაკი, საკრედიტო ბარათები და სოციალური უსაფრთხოების ნომერი. ამიტომ ასეთი დოკუმენტები უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. ყველა საბუთი, რაც არ გჭირდებათ, გაანადგურეთ. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე საბუთი დაკარგეთ ან მოგპარეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ შესაბამის სამსახურებს.

  • გადაამოწმეთ თქვენი ანგარიშები. შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალური კომისია აღნიშნავს: „ცოდნა ეფექტური იარაღია პირადი მონაცემების ქურდების წინააღმდეგ. ძალიან დამხმარე იქნება, თუ ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩენთ თქვენს ანგარიშზე განხორციელებულ საეჭვო აქტივობებს“. ამიტომ რეგულარულად გადაამოწმეთ თქვენი საბანკო ანგარიშები, ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ მოხდა რაიმე საეჭვო გადარიცხვები. თუ შესაძლებელია, სანდო სააგენტოდან აიღეთ თქვენი საკრედიტო ოპერაციების მონაცემების ასლი და ყურადღება მიაქციეთ თქვენს სახელზე გახსნილ ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათებს.

ცხადია, დღევანდელ ქვეყნიერებაში დაზღვეული არაფრისგან ვართ. ყველაზე ფრთხილი ადამიანიც კი შეიძლება გახდეს დანაშაულის მსხვერპლი. მაგრამ ბიბლიური სიბრძნის გათვალისწინება ყოველთვის პრაქტიკულია. „ნუ მიატოვებ და ის [სიბრძნე] დაგიცავს; გიყვარდეს და დაგიფარავს“ (იგავები 4:6). კიდევ უკეთესი ის არის, რომ ბიბლიის დაპირებისამებრ, ბოროტმოქმედებას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო.

მალე ბოროტმოქმედება აღარ იქნება

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი მოსპობს დანაშაულს და ბოროტმოქმედებას? შემდეგი მტკიცება:

  • ღმერთის სურვილია, რომ ბოლო მოუღოს ბოროტმოქმედებას. „მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა და მძულს ძარცვა და უმართლობა“ (ესაია 61:8).

  • ღმერთს შესწევს ძალა ბოროტმოქმედების შესაჩერებლად. „აღმატებულია იგი ძლიერებით და არ დააკნინებს სამართლიანობასა და უხვ სიმართლეს“ (იობი 37:23).

  • ღმერთი გვპირდება, რომ მოსპობს ბოროტებს და დაიცავს მართლებს. „ბოროტმოქმედნი მოისპობიან . . . მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:9, 29).

  • ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს ჰპირდება მშვიდობიან ცხოვრებას ახალ ქვეყნიერებაში. „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

განა არ შეეხო ეს სიტყვები თქვენს გულს? მაშინ გამოყავით დრო და უკეთ გამოიკვლიეთ ბიბლია, რათა მეტი გაიგოთ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ იპოვით იმდენ პრაქტიკულ სიბრძნეს, რამდენსაც ამ წიგნში. სხვა ვერც ერთი წიგნი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ხვალ ბოროტება აღარ იქნება. *

ღმერთი გვპირდება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებას, სადაც აღარ იქნებ ბოროტმოქმედება

მძარცველები შესაძლებლობებს ეძებენ თავიანთი მიზნის მისაღწევად. დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს

^ აბზ. 5 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 22 ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები თავდამსხმელების ნაცნობები არიან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, გვერდი 228, სტატია „როგორ დავიცვათ თავი სექსუალური მოძალადეებისგან?“. ეს წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე www.jw.org.

^ აბზ. 44 ძირითადი ბიბლიური სწავლებების გასაცნობად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს ეს წიგნი ან წაიკითხეთ ვებ-გვერდზე www.jw.org.