წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2013

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

შეერთებული შტატები

2012 წლის 29 ოქტომბრით დაწყებული ხუთი დღის განმავლობაში ნიუ-იორკში საგრძნობლად იკლო მკვლელობის, სისხლის სამართლის დანაშაულის და ყაჩაღობის რიცხვმა 2011 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი იყო ქარიშხალი „სენდი“, ძლიერი შტორმი, რომელიც შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა და გამოიწვია ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა. „სტიქიური უბედურებებისა და ისეთი ფართომასშტაბიანი კატასტროფების შემდეგ, როგორიცაა [2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტი], დანაშაულის დონე იკლებს ხოლმე“, — აღნიშნა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პოლ ბრაუნმა. მაგრამ იმატა ქურდობის ფაქტებმა, რაც სულაც არ უკვირს ბატონ ბრაუნს. ის დასძენს: „ამ დროს ბევრია მიტოვებული შენობები“.

ანტარქტიდა

მეცნიერები შიშობენ, რომ ანტარქტიდის ადგილობრივ ეკოლოგიას საფრთხეს უქმნის შემთხვევით შემოტანილ მცენარეთა სახეობების სწრაფი და უკონტროლო ზრდა. ვარაუდობენ, რომ ათობით ათასი ტურისტიდან, რომელიც ყოველწლიურად სტუმრობს ამ კონტინენტს, თითოეულს ფეხსაცმლით ან ჩანთით საშუალოდ 9,5 მცენარის თესლი შეაქვს შემთხვევით. ამ უცხო მცენარეების სახეობები უკვე ნაპოვნია ანტარქტიკის ნახევარკუნძულის დასავლეთით.

ნიდერლანდები

83 წლის ქალი პირველი იყო, ვისაც ტიტანის ქვედა ყბის პროთეზი დაუმზადეს სამგანზომილებიან ლაზერულ პრინტერზე. პაციენტს, რომელსაც ქვედა ყბა ძვლის დაავადებამ დაუზიანა, ახლა შეუძლია თავისუფლად ჭამოს, ისუნთქოს და ილაპარაკოს. ლაზერული პრინტერის საშუალებით მოხდა ტიტანის ნაწილაკების ფენა-ფენა შედუღება და ასეთი სახით პაციენტის ქვედა ყბის აღდგენა, ბოლოს კი მისი ქირურგიული გზით ჩასმა.

გერმანია

გერმანიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგ ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი 13,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო გულის ინფარქტით დაავადებულთა რიცხვი — 8,6 პროცენტით.