წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2013

 ინტერვიუ | ბრეტ შენკთან

ეკოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ეკოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ბრეტ შენკი შეერთებულ შტატებში გარემოს დაცვის ექსპერტ-კონსულტანტი იყო. ის იკვლევდა მცენარეებისა და ცხოველების ერთმანეთთან და გარემოსთან დამოკიდებულებას. რატომ ირწმუნა მან შემოქმედი? ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისგან ინტერვიუ აიღო.

მოგვიყევით თქვენს წარსულზე.

მამაჩემი ინჟინერ-მექანიკოსი იყო. ის ხშირად ენთუზიაზმით მესაუბრებოდა მათემატიკაზე და ზოგადად მეცნიერებაზე. სოფელ ნიუ-პარიზში (ოჰაიოს შტატი, აშშ) გავიზარდე და ძალიან მხიბლავდა იქვე ახლო-მახლო ნაკადულებსა და ტბებში მობინადრე ცხოველებსა და მცენარეებზე დაკვირვება. ამიტომ, როცა სასწავლებლად პერდუს სახელობის უნივერსიტეტში წავედი, გადავწყვიტე ეკოლოგია შემესწავლა.

გაინტერესებდათ რელიგია?

დიახ. მამამ წამახალისა ლუთერანულ ეკლესიაში მევლო და ჩვენი რელიგიის სწავლებებს გავცნობოდი. შევისწავლე ბერძნული კოინე ენა. ეს იყო ერთ-ერთი ენა, რომელზეც ბიბლია დაიწერა. ამ წიგნის მიმართ ღრმა პატივისცემა გამიჩნდა.

ევოლუციის თუ გწამდათ?

იმ ეკლესიაში, სადაც მე დავდიოდი, იზიარებდნენ ევოლუციის თეორიას. ამ თეორიას ჩემი კოლეგებიც უჭერდნენ მხარს. ევოლუციის მეც ბრმად მჯეროდა. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთიც მწამდა. სადღაც გულის სიღრმეში კი ვერაფრით ვათავსებდი ამ ორ რამეს ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიას დიდ პატივს ვცემდი, არ მჯეროდა, რომ ის ღვთისგან იყო.

რამ შეგიცვალათ შეხედულება ბიბლიაზე?

ერთხელ მე და ჩემს მეუღლე დების ორი იეჰოვას მოწმე, სტივი და სენდი, გვესტუმრა. მათ დაგვიმტკიცეს, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო სამეცნიერო წიგნი. მაგალითად, მასში ღმერთზე ნათქვამია: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე“ (ესაია 40:22). ბიბლიაში აგრეთვე წერია: „[მან] არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ამ მუხლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან იმ დროს ეკოლოგიის შესასწავლად სატელიტით გადაღებულ  სურათებს ვიყენებდი. ეს სიტყვები კი ბიბლიაში მანამდე ბევრად ადრე ჩაიწერა, სანამ დედამიწას კოსმოსიდან სურათს გადაუღებდნენ. როცა მე და ჩემი მეუღლე ბიბლიას ვსწავლობდით, გავიგეთ, თუ როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები და რამდენად პრაქტიკულია ბიბლიის რჩევები. ბიბლიამ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცა ჩემს კითხვებს. თანდათან დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად ღვთის სიტყვა იყო.

როდის შეიცვალეთ შეხედულება სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით?

სტივმა ბიბლიაში წამაკითხა მარტივი ჭეშმარიტება: „იეჰოვა ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწის მტვრისგან“ (დაბადება 2:7). ევოლუციის თეორიისგან განსხვავებით, პირველი მამაკაცის შექმნა ბიბლიურად დადასტურებული ფაქტია. ამან შემდეგ კითხვაზე დამაფიქრა: რამდენად ეთანხმება ბიბლია მეცნიერულ ფაქტებს? სტივმა აღმძრა, გამომეკვლია ეს საკითხი და მეც გამოვიკვლიე.

როგორ დაგარწმუნათ ევოლუციის თეორიის შესწავლამ ღვთის არსებობაში?

ევოლუციის თეორია ცდილობს, ახსნას სახეობათა წარმოშობის ისტორია. ცოცხალ არსებებს აქვთ ისეთი ფუნქციონალური ორგანოები, როგორიცაა გული, ფილტვები და თვალები. აგრეთვე მიკროსკოპულ დონეზე შეგვიძლია დავინახოთ უჯრედებში არსებული სასწაულებრივად შექმნილი მექანიზმები. ვინ შექმნა ეს მექანიზმები? ევოლუციონისტები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო მექანიზმები თავისით იქმნება ბუნებრივი გადარჩევის გზით, რადგან ცოცხალი ორგანიზმები, რომელთაც ეს მექანიზმები მართავს, უკეთ ეგუებიან გარემო პირობებს. მაგრამ ეს მოსაზრება პასუხს არ სცემს კითხვას, თუ საიდან გაჩნდა ეს მექანიზმები. ბევრმა მეცნიერმა იცის, რომ ევოლუციის თეორია ვერ სცემს ამ კითხვაზე პასუხს. ზოოლოგიის ერთმა პროფესორმა მითხრა, რომ მას არ სჯეროდა ევოლუციის თეორიის, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ამას ხმამაღლა ვერ ამბობდა.

დაგეხმარათ თქვენი პროფესია რწმენის განმტკიცებაში?

დიახ. ჩემი სამუშაო მოიცავდა ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას. დედამიწაზე ყველა ცოცხალი ქმნილება რაღაცაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის განვიხილოთ ყვავილებისა და ფუტკრების ურთიერთდამოკიდებულება. ყვავილის ფერი, სურნელი, ნექტარი და სტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ ფუტკარი მიიზიდოს, რათა მტვერი აიღოს. ფუტკარი კი, თავის მხრივ, ისეა შექმნილი, რომ ყვავილიდან ნექტარი აიღოს და ყვავილის მტვერი სხვა მცენარეზე გადაიტანოს განაყოფიერების მიზნით. აშკარაა, რომ ყვავილები და ფუტკრები ერთმანეთის საჭიროებებზე ზრუნავენ.

ეკოსისტემაში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეკოსისტემა, ეს არის გარემო, სადაც თავმოყრილია ცხოველის, მცენარის, ბაქტერიისა და სოკოს ათასობით სახეობა. ყველა ცხოველი დამოკიდებულია მცენარეებზე, ვინაიდან ისინი მათთვის საკვებისა და ჟანგბადის წყაროს წარმოადგენენ. ყვავილოვანი მცენარეების უმეტესი სახეობა კი დამოკიდებულია ცხოველებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკოსისტემა საკმაოდ რთული სისტემაა და მასში არსებული ორგანიზმები შეიძლება ადვილად დაზიანდეს, მათ მაინც აქვთ უნარი ათასობით წელი იარსებონ. თუ გარემოს დაბინძურება შეწყდება, უკვე დაზიანებულ ეკოსისტემას აქვს თვითაღდგენის უნარი. ყოველივე ამან დამარწმუნა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა.

რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?

ძალიან მაწუხებდა ის, რომ ადამიანები დაუდევრად ეპყრობოდნენ გარემოს. მართალია, ეკოსისტემებს აქვთ თვითაღდგენის უნარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი განადგურება შეუძლებელია. იეჰოვას მოწმეებისგან გავიგე, რომ წმინდა წერილების თანახმად, ღმერთი „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18). ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი ბიბლიიდან, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ბიბლიური იმედი უტყუარი იყო.

ჩემი რწმენის შესახებ სიამოვნებით ველაპარაკები სხვებს. ბიბლიის შესწავლაში რამდენიმე მეცნიერსაც დავეხმარე. 55 წლის ასაკში სამსახურიდან წამოვედი, რათა უფრო მეტ ადამიანს დავხმარებოდი შემოქმედის გაცნობასა და მისი განზრახვების გაგებაში.

ეკოსისტემის თვითაღდგენის უნარმა დამარწმუნა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა

 

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.