წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მარტი 2013

 წარსულის სახეები

რობერტ ბოილი

რობერტ ბოილი

ბევრს რობერტ ბოილის სახელის ხსენებაზე ახსენდება ამავე მეცნიერის სახელით ცნობილი კანონი — „ბოილის კანონი“. ეს კანონი აღწერს აირებში არსებულ წნევასა და მოცულობას შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ბოილის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები არაერთ მეცნიერულ მიღწევას დაედო საფუძვლად. თუმცა რობერტ ბოილი მხოლოდ მეცნიერი არ ყოფილა. მას უდიდესი რწმენა გააჩნდა ღვთისადმი და მისი სიტყვის, ბიბლიისადმი.

ბოილი დაიბადა 1627 წელს ირლანდიაში, ლიზმორის ციხეში, ერთ მდიდარ ოჯახში. ეს იყო „განმანათლებლობის ეპოქის“ დასაწყისი, როდესაც ადამიანი იწყებს თავისუფალ აზროვნებას და თავისუფლდება ფანატიზმისგან, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ჰყავდა დატყვევებული ადამიანთა რასები. ამ საქმეში ბოილმაც შეიტანა თავისი წვლილი. ადრეული წლების ავტობიოგრაფიაში მან საკუთარ თავს „ფილარეტუსი“ უწოდა, რაც „სიკეთის მოყვარულს“ ნიშნავს.

ბოილს ჭეშმარიტების გაგების ძლიერი წყურვილი ჰქონდა და სურდა, რომ ყველაფერი, რასაც იგებდა, სხვებისთვის გადაეცა. ის გახლდათ არაერთი ნაშრომის ავტორი. მისმა ნაშრომებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მის თანამედროვეებზე, მათ შორის ცნობილ მეცნიერ სერ ისააკ ნიუტონზე. 1660 წელს ბოილი გახდა „სამეფო საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს სამეცნიერო ინსტიტუტი დღემდე არსებობს ლონდონში.

უდიდესი მეცნიერი

ბოილი ისტორიაში ქიმიის მამის სახელითაა შესული. მისი ხედვა აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი თანამედროვე ალქიმიკოსების შეხედულებებისგან. ისინი ხალხს უმალავდნენ თავიანთ აღმოჩენებს ან ისეთი გაუგებარი ტერმინებით გადმოსცემდნენ, რომ მათი გაგება მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ. მათგან განსხვავებით, ბოილი ღიად აქვეყნებდა თავის ნაშრომებს და დეტალურად ხსნიდა მათ. გარდა ამისა, ის ბრმად კი არ ეთანხმებოდა საყოველთაოდ აღიარებულ ჰიპოთეზებს, არამედ მიაჩნდა, რომ ამა თუ იმ ფაქტის დასაჯერებლად კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარება იყო საჭირო.

 თავის ექსპერიმენტებში ბოილი ეფუძნებოდა იმ აზრს, რომ ნივთიერება შედგებოდა გარკვეული ტიპის სხეულებისგან, რომელთაც ელემენტი უწოდა. ელემენტების ერთმანეთთან შერევის შედეგად წარმოიქმნებოდა სხვადასხვა სახის ნივთიერებები.

თავისი კვლევები მან შეაჯამა წიგნში, რომელსაც „ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ უწოდა. ამ წიგნში ის აღნიშნავს, რომ მეცნიერებმა გვერდზე უნდა გადადონ ქედმაღლობა და დოგმატურობა და თავმდაბლურად აღიარონ შეცდომები. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ რა მტკიცე შეხედულებაც არ უნდა ჰქონოდა ადამიანს, მას კიდევ ერთხელ უნდა გადაემოწმებინა ნამდვილად ჭეშმარიტება იყო თუ არა ის, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნდა, თუ უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

ბოილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რა მტკიცე შეხედულებაც არ უნდა ჰქონოდა ადამიანს, მას კიდევ ერთხელ უნდა გადაემოწმებინა, ნამდვილად ჭეშმარიტება იყო თუ არა ის, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნდა, თუ უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

რწმენის კაცი

ბოილს მსგავსი მიდგომა ჰქონდა სულიერ საკითხებთან დაკავშირებითაც. როდესაც აკვირდებოდა სამყაროს და სასწაულებრივად შექმნილ ცოცხალ ქმნილებებს, ის დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი შემოქმედის გარეშე გაჩენილიყო. ამგვარად ის დაუპირისპირდა ინტელიგენციის რიგებში იმ დროს გაბატონებულ ათეიზმის მზარდ სულს. ის ამბობდა, რომ ვინც მიუკერძოებლად და გულწრფელად იაზროვნებდა, შეუძლებელი იყო, არ ერწმუნა ღმერთი.

და მაინც, ბოილი არ ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტებამდე ადამიანს მხოლოდ საკუთარი აზროვნება მიიყვანდა. ის თვლიდა, რომ ახსნა ღვთისგან უნდა ყოფილიყო და ეს ახსნა, მისი აზრით, ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში იყო მოცემული.

ბოილი წუხდა იმის გამო, რომ ბევრი არ იცნობდა ბიბლიურ სწავლებებს და შესაბამისად, მათი მრწამსი მყარ საფუძველზე არ იყო აგებული. ბოილის თქმით, არ შეიძლებოდა რელიგიის ჭეშმარიტება განესაზღვრა ადამიანის დაბადების ადგილს ან იმას, რომ მან ეს რელიგია მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობით. მას გულით უნდოდა, რომ ადამიანებს ბიბლიის გაგებაში დახმარებოდა.

ბოილმა ფინანსური დახმარება გაუწია ბიბლიის გამოცემას რამდენიმე ენაზე, რომელთა შორის იყო ამერიკელ ინდიელთა ენები, არაბული, ირლანდიური, მალაიური და თურქული. ასეთი სახით, რობერტ ბოილმა დაამტკიცა, რომ იყო ნიჭიერი და ამავე დროს თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტების ძიების დაუცხრომელი სურვილი ჰქონდა და სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ.