წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მარტი 2013

 მთავარი თემა

როგორი უნდა იყოს კარგი მამა

როგორი უნდა იყოს კარგი მამა

„ნეტა სად დავუშვი შეცდომა?“ ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა მაიკლს, * რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კარგი მამა ყოფილიყო. დღე და ღამ თავის 19 წლის ბიჭზე ფიქრობდა, მაგრამ ის მაინც უხეირო და ურჩი გამოდგა.

ესპანელი ტერი კარგი შვილების მამაა. მას დაუფასდა ამაგი. მისი ვაჟი ენდრიუ ამბობს: „ბავშვობაში მე და მამა ხშირად ვატარებდით დროს ერთად. ის მიკითხავდა, მეთამაშებოდა, ხან სად დავყავდი და ხან სად. მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ კითხვა და სწავლა შემყვარებოდა“.

ნამდვილად არ არის იოლი, კარგი მამა იყო. მაგრამ არსებობს ზოგადი პრინციპები, რაც მამებს ამ მხრივ დიდად წაადგებათ. ბევრ ოჯახს ბიბლიური სიბრძნე დაეხმარა შვილების სწორად აღზრდაში. ქვემოთ ვიმსჯელებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევაზე, რაც თქვენც გამოგადგებათ.

 1. დაუთმეთ შვილებს დრო და ყურადღება

როგორც მამა, რით უმტკიცებთ შვილებს, რომ გიყვართ და აფასებთ? ცხადია, ბევრი რამით, მაგალითად იმით, რომ გვიანობამდე შრომობთ, რათა შვილებს არაფერი მოაკლოთ. რომ არ გიყვარდეთ, ამდენს ხომ არ იწვალებდით?! თუმცა გახსოვდეთ: თუ შვილებს საკმარის დროს არ გამოუყოფთ, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ თქვენ სხვა რამ უფრო გადარდებთ, მაგალითად, სამუშაო, მეგობრები ან ჰობი.

როდიდან უნდა დაიწყოს მამამ ამ საკითხზე ფიქრი? დედის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, რადგან 4 თვის ჩანასახი უკვე იწყებს ბგერების გარჩევას. ამ დროიდან მამასაც შეუძლია ნელ-ნელა განავითაროს ურთიერთობა თავის ჯერარშობილ შვილთან. მას შეუძლია მოისმინოს, როგორ უცემს პაწიას გული და იგრძნოს, როგორ ურტყამს პაწაწინა კიდურებს თავის დედიკოს. მამას შეუძლია ესაუბროს შვილს და სიმღერები უმღეროს.

ბიბლიური პრინციპი: ბიბლიურ დროში შვილების აღზრდა-განათლების საქმე მამებს ევალებოდათ. მამებს მოუწოდებდნენ, რომ ყოველთვის გამოეყოთ დრო შვილებისთვის. ბიბლიაში, მეორე კანონის 6:6, 7-ში ვკითხულობთ: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“.

2. კარგი მამა კარგი მსმენელია

მშვიდად მოუსმინეთ და არ გააკრიტიკოთ

შვილებთან კარგი ურთიერთობა რომ ააწყოთ, კარგი მსმენელი უნდა იყოთ. როცა შვილი რაღაცას გიყვებათ, მკაცრი და მძაფრი რეაქცია არ უნდა გქონდეთ. თუ ეს მაინც და მაინც კარგად არ გამოგდით, იცოდეთ, რომ ამის სწავლა შეიძლება.

თუ თქვენმა შვილებმა იციან, რომ წონასწორობას მალე დაკარგავთ და აუცილებლად გაამტყუნებთ, მათ აღარ ექნებათ იმის სურვილი, რომ გული გადაგიშალონ. მაგრამ თუ მშვიდად მოუსმენთ, ბავშვები მიხვდებიან, რომ ისინი თქვენთვის სულერთი არ არიან. ასე უფრო ადვილად გაგიმხელენ თავიანთ ფიქრებსა და გრძნობებს.

ბიბლიური პრინციპი: ბიბლიაში ჩაწერილი გონივრული რჩევები სასარგებლოა ცხოვრების მრავალ ასპექტში. მაგალითად, ბიბლიაში წერია: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). მამები, რომლებიც ამ პრინციპით მოქმედებენ, კარგ ურთიერთობას ამყარებენ შვილებთან.

 3. სიყვარულით დასჯა და შექება

მაშინაც კი, თუ შვილმა ძალიან გაგაბრაზათ და იმედები გაგიმტყუნათ, დასჯის დროს მას უნდა აუხსნათ, რისთვის ისჯება და რომ ეს მის საკეთილდღეოდ ხდება. ამასთანავე საჭიროა რჩევების მიცემა და დამოძღვრა.

უფრო მეტიც, დასჯას მაშინ მოაქვს კარგი შედეგი, როცა მამას არ ავიწყდება საჭირო დროს შვილის შექება. ერთი უძველესი იგავი ამბობს: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11). შექება ბავშვს კარგ თვისებებს უყალიბებს. ბავშვებს ღირსების გრძნობა უმაღლდებათ, როცა ხედავენ, რომ მშობლები აფასებენ მათ. მამა, რომელიც შესაძლებლობებს ეძებს შვილის შესაქებად, ბავშვს თავდაჯერებულობას ჰმატებს და სტიმულს აძლევს, რომ შემდგომშიც კარგად მოიქცეს.

ბიბლიური პრინციპი: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).

4. ცოლის სიყვარული და პატივისცემა

ბავშვებზე ძალიან მოქმედებს ის, თუ როგორ იქცევა მამა ოჯახში. ექსპერტთა ერთი ჯგუფი, რომელიც იკვლევს ბავშვის განვითარების პროცესს, თავის ანგარიშში წერს: „ყველაზე უკეთესი, რაც მამას შეუძლია შვილებისთვის გააკეთოს ის არის, რომ დედას პატივი სცეს . . . შვილები თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, როცა ხედავენ, რომ მშობლები პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს“ („მამების როლი ბავშვების სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში“). *

ბიბლიური პრინციპი: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები . . . თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“ (ეფესოელები 5:25, 33).

 5. მიმართეთ ღვთის ბრძნულ რჩევებს

მამებს, რომლებსაც მთელი გულით უყვართ ღმერთი, შეუძლიათ შვილებს უძვირფასესი მემკვიდრეობა დაუტოვონ; ეს არის ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა.

ერთმა იეჰოვას მოწმემ, ანტონიომ, წვალებით აღზარდა ექვსი შვილი. წლების შემდეგ მან თავისი ქალიშვილისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ძვირფასო მამიკო, მადლობა მინდა გადაგიხადო იმისათვის, რომ იეჰოვა ღმერთისა და მოყვასის სიყვარული მასწავლე. შენ საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემაც მასწავლე. ეს კი ყველას სჭირდება, სრულფასოვან ადამიანად რომ იგრძნოს თავი. საკუთარი მაგალითით დამანახვე, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს იეჰოვა. მე იმასაც ვგრძნობდი, როგორ ზრუნავდი პირადად ჩემზე. მადლობა მამიკო, რომ ჩვენს ოჯახში იეჰოვა ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და რომ შვილებს ისე გვექცეოდი, როგორც ძღვენს ღვთისგან!“.

ბიბლიური პრინციპი: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ“ (კანონი 6:5, 6).

აშკარაა, რომ მამობა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი რჩევის გათვალისწინებას. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, სრულყოფილ მამობას ვერავინ შეძლებს. მაგრამ თუ მაქსიმალურად გამოიყენებთ ამ პრინციპებს და შვილებს სიტყვითა თუ საქმით თქვენს სიყვარულში დაარწმუნებთ, კარგ მამობას ნამდვილად შეძლებთ. *

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 19 მაშინაც კი, თუ ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს, ქმარი ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოექცეს ყოფილ ცოლს. ეს ბავშვებს დაეხმარება კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ დედასთან.

^ აბზ. 25 დამატებითი ინფორმაცია ოჯახურ ცხოვრებაზე იხილეთ წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org

 

გაიგეთ მეტი

შეიძლება იყოს ბიბლია ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები?

ამ 5 ბრძნული ბიბლიური რჩევის წყალობით მილიონობით მამაკაცმა თუ ქალმა შეძლო, შეექმნათ ბედნიერი ოჯახი.