წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! თებერვალი 2013

 ინტერვიუ | მასიმო ტისტარელი

რობოტის გამომგონებელი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

რობოტის გამომგონებელი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროფესორი მასიმო ტისტარელი იტალიაში სასარის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია. ის სამი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის თანარედაქტორი და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია. მასიმო ტისტარელი სწავლობს, თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანის სახის დამახსოვრება და ამოცნობა. ამასთანავე იგი იკვლევს იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთი შეხედვით ისეთი მარტივი მოძრაობის შესრულება, როგორიცაა ნასროლი ბურთის დაჭერა. ამაზე დაკვირვებით ის რობოტებისთვის ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც გარკვეულწილად ადამიანის მხედველობითი სისტემის ანალოგია. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა თავის სამუშაოსა და რწმენასთან დაკავშირებით.

რელიგიურ ოჯახში აღიზარდეთ?

ჩემი მშობლები კათოლიკები იყვნენ. მე ახალგაზრდობაში უფრო ათეისტური მოძღვრების მჯეროდა. ბავშვობაში მასწავლეს, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით შეიქმნა. მართალია, შემოქმედის, როგორც პიროვნების არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ რაღაც ზეადამიანური ძალა ნამდვილად არსებობდა. ეს რომ გამერკვია, ბუდიზმის, ინდუიზმისა და დაოსიზმის მოძღვრებებს გავეცანი, თუმცა მათი სწავლებები ჩემთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი.

რატომ დაინტერესდით მეცნიერებით?

ბავშვობიდან მაინტერესებდა მექანიზმები. ჩემს ელექტროსათამაშოებს ვშლიდი და ხელახლა ვაწყობდი. სულ მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა რადიო და ტელეფონი, ამიტომ მამაჩემს, რომელიც კავშირგაბმულობის ინჟინერი იყო, ათას კითხვას ვუსვამდი.

მოკლედ მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ.

გენუას უნივერსიტეტში ელექტრო საინჟინროზე ვსწავლობდი. დოქტორის ხარისხი მივიღე რობოტექნიკის დარგში. ჩემი სპეციალობა იყო ადამიანის მხედველობითი სისტემის შესწავლა და მისი მსგავსი მექანიზმის შექმნა რობოტებში.

 რატომ დაინტერესდით ადამიანის მხედველობითი სისტემით?

მხედველობითი სისტემა საოცრად რთული მექანიზმია. ის ბევრად უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ თვალს. მასში დანახულის აღქმაც იგულისხმება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, თუ რა ხდება მაშინ, როცა ნასროლ ბურთს ვიჭერთ. როდესაც ბურთის დასაჭერად მირბიხართ, თვალის ბროლი ფოკუსირებას ახდენს ბადურაზე ასახულ მოძრავ ბურთზე. ის, თუ როგორ აისახება ბადურაზე ფოკუსირებული სურათი, დამოკიდებულია თვალისა და ბურთის მოძრაობაზე. ჩვეულებრივ, როდესაც თვალი უკვე აფიქსირებს ბურთს, გამოსახულება ბადურაზე ერთ ადგილას ჩერდება, მაშინ როცა რეალურად ბურთი მოძრაობს.

ამავე დროს ჩვენი მხედველობითი სისტემა გამოითვლის ბურთის სიჩქარესა და ტრაექტორიას. საოცარია, მაგრამ ბურთის სიჩქარეს და ტრაექტორიას თვითონ თვალი უზუსტესად აღიქვამს. ბადურაზე აღქმული ინფორმაცია მხედველობის ნერვის საშუალებით გადაეცემა ტვინს იმპულსების სახით, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას ამუშავებს და აგზავნის საჭირო სიგნალს, რომ მოხდეს ბურთის დაჭერა. ეს ერთი შეხედვით მარტივი რამ, სინამდვილეში საოცრად რთული პროცესების ერთობლიობაა.

რამ დაგარწმუნათ შემოქმედის არსებობაში?

1990 წელს რამდენიმე თვე ირლანდიაში, კერძოდ, დუბლინში დავყავი. იქ „სამების კოლეჯში“ კვლევებს ვატარებდი. როცა უკან, იტალიაში ვბრუნდებოდით, გზაში მე და ჩემი მეუღლე, ბარბარა ჩვენი შვილების მომავალზე ვსაუბრობდით. გზად ჩემს დასთან შევიარეთ, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მან მომცა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“. იმ კვლევებმა, რომელიც ამ წიგნში იყო მოცემული ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მივხვდი, რომ ევოლუციის ბრმად მჯეროდა. თავიდან მეგონა, რომ ევოლუციას პალეონტოლოგიური მონაცემები უჭერდა მხარს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. რაც უფრო მეტს ვიკვლევდი ევოლუციის თეორიას, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს თეორია ჰაერში გამოკიდებული მოძღვრება იყო და არანაირ ფაქტებს არ ეფუძნებოდა.

ჩემს სამუშაოზე დავფიქრდი. დავფიქრდი იმაზე, თუ ვისი ქმნილებების ანალოგს ვქმნიდი.

შემდეგ ჩემს სამუშაოზე დავფიქრდი. დავფიქრდი იმაზე, თუ ვისი ქმნილებების ანალოგს ვქმნიდი. მე ვერასდროს შევქმნიდი გონიერ რობოტს, რომელიც ადამიანივით დაიჭერდა ბურთს. რობოტს შეუძლია ბურთის დაჭერა, მაგრამ მხოლოდ ზედმიწევნით კონტროლირებად პირობებში. მას არ შეუძლია ამის გაკეთება თუ მოცემული სიტუაცია არ არის მასში ჩაპროგრამებული. ადამიანში ჩადებული სწავლის უნარი საოცრად აღემატება ასეთი მექანიზმების უნარს. ყველაზე მარტივი მექანიზმებიც კი ვიღაცის შექმნილია. ამ და სხვა მრავალმა ფაქტმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ჩვენც ვიღაცის შექმნილები ვართ.

რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?

ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მე და ბარბარას მოწმეების საფუძვლიანი კვლევის მეთოდი ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებით მოვიხიბლე მათ პუბლიკაციებში დაბეჭდილი სხვადასხვა კვლევებით. ჩემნაირ ადამიანებს, რომელთაც უყვართ საკითხების ღრმად შესწავლა, მოსწონთ ასეთი საფუძვლიანი კვლევები. ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია ბიბლიაში ჩაწერილმა სხვადასხვა წინასწარმეტყველებამ. ასეთი კვლევების შედეგად მივხვდი, რომ ბიბლია მართლაც ღვთის სიტყვა იყო. 1992 წელს მე და ბარბარა მოვინათლეთ.

ხომ არ შეგირყიათ რწმენა თქვენმა მეცნიერულმა კვლევებმა?

არანაირად. პირიქით, გამიძლიერა. მაგალითად ავიღოთ ის, თუ როგორ შეუძლია ადამიანს სახეების ამოცნობა. ბავშვს ამის გაკეთება უკვე შეუძლია დაბადებიდან რამდენიმე საათში. ჩვენ შეგვიძლია მყისიერად ამოვიცნოთ ადამიანი სახით, თუნდაც ბევრ ხალხში. შეგვიძლია მის სახეზე მისი ემოციური მდგომარეობაც კი წავიკითხოთ. შესაძლოა წარმოდგენაც კი არ გვქონდეს, რომ ამ პროცესს ზღვა ინფორმაცია

და ტვინის საოცარი სისწრაფე სჭირდება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მხედველობითი სისტემა ღვთისგან ბოძებული უნიკალური საჩუქარია. ბიბლიამ, რომელიც ასევე ღვთის ძვირფასი ძღვენია, აღმძრა მადლიერება გამომეხატა ღვთის მიმართ და მესაუბრა მის შესახებ სხვებთან. სამართლიანობის გრძნობა მკარნახობს, რომ ჩვენი შემოქმედი ნამდვილად იმსახურებს თაყვანისცემას და განდიდებას!