წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! თებერვალი 2013

 წარსულის სახეები

პლატონი

პლატონი

პლატონი (ძვ. წ. 427—347) გახლდათ წარმართი ბერძენი ფილოსოფოსი. ის ქვეყანას ათენში არისტოკრატთა ოჯახში მოევლინა და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო. მასზე უდიდესი გავლენა იქონიეს ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ და ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას მიმდევრებმა.

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობისა და სიცილიის კუნძულზე ბერძნულ ქალაქ სირაკუსეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შემდეგ პლატონი ათენში დაბრუნდა, სადაც სკოლა-აკადემია დააარსა. ეს აკადემია, რომელსაც ხშირად ევროპის პირველ უნივერსიტეტად მოიხსენიებდნენ, მათემატიკოსთა და ფილოსოფოსთა კვლევით ცენტრად იქცა.

რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას?

პლატონის სწავლებებმა სერიოზული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ქრისტიანებზეც, რომლებიც არასწორად ასკვნიან, რომ ეს სწავლებები ბიბლიას ეფუძნება. პლატონის სწავლებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს განაგრძობს.

„სულის უკვდავება პლატონის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო“ — „სხეული და სული უძველეს ფილოსოფიაში“

პლატონს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. წიგნში „სხეული და სული უძველეს ფილოსოფიაში“ აღნიშნულია, რომ „სულის უკვდავება პლატონის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო“. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „სხეულის სიკვდილის შემდეგ სული ტოვებდა ხორცს, რათა საიქიოში სათანადოდ დაჯილდოებულიყო ან პირიქით — დასჯილიყო“, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა ცხოვრებას ეწეოდა ადამიანი სააქაოში. *

 როგორ გავრცელდა პლატონის შეხედულებები?

პლატონის აკადემიამ, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ და ავტორიტეტულ საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა, ცხრა საუკუნე იარსება, ძვ. წ. 387 წლიდან ახ. წ. 529 წლამდე. პლატონის იდეები სწრაფად გავრცელდა საბერძნეთისა და რომის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. მისი მოძღვრებები შეისისხლხორცეს იუდეველმა ფილოსოფოსმა ფილონ ალექსანდრიელმა და ქრისტიანული სამყაროს ბევრმა წინამძღოლმა. შედეგად, იუდაური და ქრისტიანული სწავლებები გაიჟღინთა წარმართული ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სწავლება უკვდავი სულის შესახებ.

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary) აღნიშნულია: «ყველა ქრისტიანული თეოლოგია რაღაც დოზით მაინც თანამედროვე ბერძნულ ფილოსოფიაზეა დამოკიდებული, უმთავრესად პლატონიზმზე. ზოგი ქრისტიანი მოაზროვნე . . . იმდენად მოექცა პლატონის სწავლებების გავლენაში, რომ სათანადოდ იმსახურებს „ქრისტიანი პლატონისტის“ სახელს». შევადაროთ პლატონისა და ბიბლიის სწავლებები ერთმანეთს.

პლატონი ამბობს: „[სიკვდილის დროს,] ის, რაც თითოეულ ჩვენგანში არის, პირადი მე და რასაც ჩვენ უკვდავ სულს ვუწოდებთ, მიემართება სხვა ღმერთებთან, სადაც . . . ანგარიშს ვაბარებთ; კარგები მამაცურად წარსდგებიან მათ წინაშე, ბოროტები კი — შიშითა და კანკალით“ (პლატონი, „კანონები“, წიგნი XII).

ბიბლია ამბობს: სული თვითონ პიროვნებაა ანუ ეს არის სიცოცხლე, რითაც ის ტკბება. ცხოველებიც სულები არიან. სიკვდილის დროს სული წყვეტს არსებობას. * დაფიქრდით შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე:

  • „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“ (1 კორინთელები 15:45).
  • «თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები
      მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები“ » (დაბადება 1:24).
  • „მოკვდეს სული ჩემი“ (რიცხვები 23:10, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).
  • „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4).

ბიბლია ნამდვილად არ ასწავლის იმას, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ეფუძნება ჩემი რწმენა, ბიბლიას თუ პლატონის ფილოსოფიას?

^ აბზ. 7 მართალია, პლატონმა დიდად შეუწყო ხელი უკვდავი სულის არსებობის იდეის გავრცელებას, მაგრამ ის არ იყო პირველი, ვინც ამ მოძღვრებას ქადაგებდა. სულის უკვდავების სხვადასხვა ვერსია უკავშირდება წარმართულ თაყვანისმცემლობას, მათ შორის ეგვიპტურ და ბაბილონურ რელიგიებს.

^ აბზ. 12 ბიბლია ასწავლის, რომ მკვდრებს, ასე ვთქვათ, სძინავთ და აღდგომას ელიან (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—14; საქმეები 24:15). ამის საპირისპიროდ, გავრცელებული შეხედულება ასწავლის, რომ ეგრეთ წოდებული უკვდავი სული არ კვდება და შესაბამისად არ საჭიროებს აღდგომას.