არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  დეკემბერი 2012

 ბიბლიის თვალსაზრისი

სტიქიური უბედურებებით სჯის ღმერთი ადამიანებს?

სტიქიური უბედურებებით სჯის ღმერთი ადამიანებს?

ზოგის აზრით, ადამიანთა დასასჯელად ღმერთი სტიქიურ უბედურებებს იყენებს. თუმცა ბევრი არ ეთანხმება ამ აზრს. სხვები კი გაურკვევლობაში არიან და არ იციან, რა დაიჯერონ. ერთი რელიგიათმცოდნე პროფესორი ამბობს: „მრავალი რელიგია აღიარებს, რომ ადამიანთათვის ჩაუწვდომელია ღვთის ნება ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებით“.

მაგრამ პასუხი არსებობს. ბიბლიიდან ვიგებთ, სინამდვილეში ღმერთი ახდენს თუ არა ბუნებრივ კატაკლიზმებს ადამიანთა დასასჯელად. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მსგავსი რამ ვერ ეთავსება ღვთის თვისებებს.

ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითები

ბიბლია გვიმჟღავნებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას ღმერთზე — ღმერთზე, რომლის სახელიც იეჰოვაა. 1) ის არის ყოველივეს შემოქმედი და შესაბამისად მას აქვს ძალაც და უფლებაც მართოს ბუნებრივი ძალები (გამოცხადება 4:11). 2) მისი მოქმედება სრულ თანხმობაშია მის თვისებებთან და პრინციპებთან. მალაქიას 3:6-ში ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“. მოდი, განვიხილოთ შორეულ წარსულში მომხდარი ორი სტიქიური მოვლენა — წარღვნა და გვალვა. ამ მოვლენების განხილვის დროს, გავიგებთ, რომ სანამ ღმერთი თავისი განაჩენის აღსასრულებლად ბუნებრივ მოვლენებს გამოიყენებდა, ყოველთვის 1) წინასწარ იძლეოდა გაფრთხილებას, 2) ხსნიდა მიზეზს და 3) იცავდა თავის მორჩილ თაყვანისმცემლებს.

ნოეს დროინდელი წარღვნა

გაფრთხილება.

წარღვნამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე იეჰოვამ ნოეს უთხრა: „მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი“ (დაბადება 6:17). „სიმართლის მქადაგებელი“ ნოე აფრთხილებდა ხალხს, მაგრამ მათ „არაფერი ანაღვლებდათ“ (2 პეტრე 2:5; მათე 24:39).

მიზეზი.

იეჰოვამ განაცხადა: „დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა“ (დაბადება 6:13).

მორჩილი ადამიანების დაცვა.

იეჰოვამ ნოეს დეტალური მითითებები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აეგო კიდობანი, რათა წარღვნის დროს გადარჩენილიყო. „გადარჩნენ მხოლოდ ნოე და კიდობანში მასთან ერთად მყოფნი“ (დაბადება 7:23).

გვალვა ისრაელში

გაფრთხილება.

სანამ იეჰოვა ღმერთი ისრაელში გვალვას მოავლენდა, მან წინასწარმეტყველ ელიას მეშვეობით განაცხადა: „არ იქნება ამ წლებში არც ნამი და არც წვიმა, სანამ მე [ღმერთი] არ ვიტყვი“ (1 მეფეები 17:1).

მიზეზი.

ისრაელი ცრუ ღმერთს, ბაალს ეთაყვანებოდა. ელიამ გვალვის მიზეზი მათ ასე აუხსნა: „რადგან მიატოვეთ იეჰოვას მცნებები და ბაალებს გაჰყევით“ (1 მეფეები 18:18).

მორჩილი ადამიანების დაცვა.

გვალვის დროს იეჰოვამ იზრუნა თავის მორჩილ თაყვანისმცემლებზე და მშიერი არ დაუტოვებია ისინი (1 მეფეები 17:6, 14; 18:4; 19:18).

რას ცხადყოფს ეს მაგალითები

დღეს არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ღმერთი ახდენს კატაკლიზმებს ადამიანების დასასჯელად. ღმერთი სამართლიანია და ის არასოდეს ანადგურებს მართლებს ბოროტებთან ერთად (დაბადება 18:23, 25). ის ყოველთვის ზრუნავდა თავის მორჩილ ადამიანებზე. თუმცა დღეს  სტიქიური უბედურებების დროს ყველა ერთნაირად ზარალდება, დიდიც და პატარაც, კეთილიც და ბოროტიც.

ღმერთი არ არის დამნაშავე ადამიანთა ტანჯვაში

ნათელია, რომ დღევანდელი სტიქიური უბედურებები არანაირად არ ჰგავს იმ მოვლენებს, რომლებიც ერთ დროს ღვთის ნებით ხდებოდა. უფრო მეტიც, ღვთის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ მოვლენების მიღმა ღმერთი იდგეს. იაკობის 1:13-ში წერია, რომ ღმერთი არავის სცდის ბოროტებით, 1 იოანეს 4:8-ში კი წერია, რომ „ღმერთი სიყვარულია“. ღმერთი არ არის დამნაშავე იმ უბედურებებში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, იქნება ეს ქარიშხლები, მიწისძვრები თუ სხვა მსგავსი კატაკლიზმები. ოდესმე მოეღება ბოლო ამ უბედურებებს?

აუცილებლად დასრულდება

ღვთის მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ ადამიანები სტიქიური უბედურებებით დაეტანჯა. მისი სურვილია, ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე მშვიდობიან პირობებში. ღმერთი მალე ჩაერევა დედამიწის საქმეებში და მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას. როგორც წარსულში, იეჰოვა დღესაც აფრთხილებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში და ყველას აძლევს გადარჩენის შესაძლებლობას (ფსალმუნი 37:9, 11, 29; მათე 24:14).