არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2012

„მოვიდეს შენი სამეფო“, ბიბლია უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი — ნაწილი 8

„მოვიდეს შენი სამეფო“

„მოვიდეს შენი სამეფო“, ბიბლია უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი — ნაწილი 8

ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ამ რვანაწილიანი რუბრიკის ბოლო ნაწილში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან ვიგებთ პასუხებს კითხვებზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.

უკვე ორი ათასი წელია, ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, ღვთის სამეფოს მოსვლაზე ლოცულობს. ეს ლოცვა იესოს სიტყვებზეა დაფუძნებული. მან თავის მოწაფეებს ასწავლა ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).

რა არის სამეფო, რომელზეც ამდენი ადამიანი ლოცულობს? ეს არის ღვთის ზეციერი მთავრობა, რომელიც ყველა სხვა მთავრობას შეცვლის. ამ სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, შეასრულებს ღვთის ნებას ზეცაში და დედამიწაზე (დანიელი 2:44; 7:13, 14). თავის დროზე ღმერთი უპასუხებს ამ ლოცვას იმით, რომ ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ადამიანთა ტანჯვას და იხსნის თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს, „უამრავ ხალხს“ (გამოცხადება 7:9, 10, 13—17). შემდეგ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

შესაძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ რა მდგომარეობაში იქნებიან ადამიანები ქრისტეს მმართველობის დროს? რა თქმა უნდა შესაძლებელია! დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაამტკიცა, რომ მას სურვილიც ჰქონდა და უნარიც, გადაეჭრა ადამიანთა პრობლემები. განვიხილოთ ოთხი ბიბლიური წინასწარმეტყველება და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ საიდან  ვიცით, რას მოიმოქმედებს ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე დედამიწაზე.

წინასწარმეტყველება 1:

„იეჰოვა . . . წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:8, 9).

შესრულება: იესო ქრისტე, „მშვიდობის მთავარი“, მთელ პლანეტაზე მარადიულ მშვიდობას დაამყარებს. საგანმანათლებლო პროგრამითა და გლობალური განიარაღებით ღვთის სამეფო ადამიანებს ერთ, საერთაშორისო საძმოში გააერთიანებს (ესაია 2:2—4; 9:6, 7; 11:9).

რას ამბობს ისტორია:

იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ იარაღი არ აეღოთ და ერთმანეთთან მშვიდობიანად ყოფილიყვნენ. როდესაც მისი ერთ-ერთი მოწაფე მის დაცვას იარაღით ცდილობდა, მან უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:51, 52). იესომ თქვა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთმანეთს შორის არსებული სიყვარულით ამოიცნობდნენ (იოანე 13:34, 35).

წინასწარმეტყველება 2:

„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

შესრულება: ღვთის სამეფოს მმართველობისას აღარ იქნება საკვების უკმარისობა და შიმშილი. ყველას უხვად ექნება ჯანსაღი საკვები.

რას ამბობს ისტორია:

იესომ სასწაულებრივად დააპურა მშიერი ხალხი, რითაც გულწრფელი თანაგრძნობა გამოავლინა მათდამი. ამის თვითმხილველმა დაწერა: „ხალხს უბრძანა, ბალახზე დამსხდარიყვნენ, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა, დაამტვრია პურები და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა; დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი კალათი გაავსეს; ხუთი ათასამდე კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს“ (მათე 14:14, 19—21).

წინასწარმეტყველება 3:

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). „ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).

შესრულება: ღვთის სამეფო აღმოფხვრის ყოველგვარ ავადმყოფობას და უძლურებას. ბრმები დაინახავენ, ყრუ-მუნჯები მოისმენენ და ამეტყველდებიან. აღარ იქნება საჭირო არც წამალი, არც საავადმყოფო და არც ექიმი.

 რას ამბობს ისტორია:

იესო ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა და ამავე დროს მათ სიხარულით კურნავდა სხვადასხვა დაავადებისგან. ამით მან გვიჩვენა, თუ რას გააკეთებს მომავალში მთელ დედამიწაზე, როგორც ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე (ლუკა 7:22; 9:11).

წინასწარმეტყველება 4:

ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ (ესაია 25:8).

შესრულება: ქრისტეს მმართველობის დროს ისინი, „ვინც სამარხებში არიან“ აღდგებიან და დედამიწაზე იცხოვრებენ (იოანე 5:28, 29). იესო დაამარცხებს სიკვდილს, ჩვენს ულმობელ მტერს, და შესაძლებლობას მოგვცემს, დავტკბეთ მარადიული სიცოცხლით (ფსალმუნი 37:29).

რას ამბობს ისტორია:

იესომ სულ მცირე სამ მიცვალებულს დაუბრუნა სიცოცხლე, რითაც დაამტკიცა, რომ მას შესწევს ძალა, გააცოცხლოს მკვდრები (ლუკა 7:11—15; 8:41—55; იოანე 11:38—44). თავად ის კი დაახლოებით 500-მა ადამიანმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი (1 კორინთელები 15:3—8).

ამ რვანაწილიან რუბრიკაში განხილული იყო მრავალი წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე შესრულდა. ეს და სხვა წინასწარმეტყველებები ამტკიცებენ, რომ ბიბლია უბრალოდ ჭკვიანი ადამიანის დაწერილი კი არ არის, არამედ მისი ავტორი ღმერთია. ნამდვილად არ არის საეჭვო ის ფაქტი, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).

რადგანაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები არც ერთხელ არ გამტყუნებულა, ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).