წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2012

კავკასია — „ენების მთიანეთი“

კავკასია — „ენების მთიანეთი“

ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება ამ პატარა მთიან რეგიონში ამდენი განსხვავებული ერი ცხოვრობდეს და თანაც ყველა თავ-თავის ენაზე საუბრობდეს. არის ადგილები, სადაც ერთი სოფლის მკვიდრს მეზობელი სოფლის მკვიდრისა არ ესმის. ალბათ, შუა საუკუნეების გეოგრაფებიც ამ ფაქტით გაოცებულ ხალხთა სიაში შედიან, რადგან ერთ-ერთმა კავკასიას სათაურში მოყვანილი სიტყვები „ენების მთიანეთი“ უწოდა.

კავკასიის მთები და მთლიანად რეგიონი ორ ზღვას შუა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორისაა მოქცეული. ის ორი კონტინენტისა და ცივილიზაციის გასაყარზე მდებარეობს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ ადგილს საკმაოდ დიდი ისტორია და საოცრად მდიდარი კულტურა გააჩნია. მთელ მსოფლიოში ცნობილია ის ფაქტი, რომ კავკასიელებს განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ ხანდაზმულების მიმართ, უზომოდ უყვართ ცეკვა და საოცრად სტუმართმოყვარენი არიან. მაგრამ ყველაზე მეტად სტუმრებს კავკასიის ენათა მრავალფეროვნება და ხალხთა მრავალეროვნება აოცებთ. ფაქტობრივად, მსგავსი ზომის ევროპის არც ერთ რეგიონში არ ლაპარაკობენ იმდენ ენაზე, რამდენზეც აქ.

 უკიდეგანო მრავალფეროვნება

ჯერ კიდევ ძვ. წ. V საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: „ყველა ჯურის ხალხს მოუყრია თავი კავკასიაში“. დაახლოებით ახ. წ. I საუკუნეში სხვა ბერძენი მწერალი სტრაბონი მოიხსენიებს რეგიონში მცხოვრებ 70 სხვადასხვა ტომს. თითოეულ ტომს საკუთარი ენა ჰქონდა და ძირითადად დიოსკურიაში ვაჭრობდნენ (დიოსკურია დღევანდელი სოხუმის ერთ-ერთი მხარეა). რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რომაელმა ბუნებისმეტყველმა პლინიუს უფროსმა დაწერა, რომ რომაელებს დიოსკურიაში ვაჭრობის წარმოების დროს თარჯიმნები 130 ენაზე სჭირდებოდათ.

დღესდღეობით 50-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი მიიჩნევს კავკასიას თავის მშობლიურ მიწა-წყლად. თითოეულ მათგანს განსხვავებული ადათ-წესები და, ხშირ შემთხვევაში, დამახასიათებელი ტანისამოსი, ხელოვნება და არქიტექტურა აქვს. ძირძველი ენების რიცხვი, რომლებზეც აქაური მოსახლეობა დღემდე საუბრობს, სულ მცირე 37-ია; მათ შორისაა ის ენები, რომლებზეც რამდენიმე მილიონი ადამიანი საუბრობს და ის ენებიც, რომლებზეც მხოლოდ ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა მეტყველებს. ყველაზე მრავალფეროვანი ენობრივი სპექტრი დაღესტნის რესპუბლიკაშია. აქ 30 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ექსპერტებს დღემდე არა აქვთ პასუხები  კითხვებზე, თუ როგორ განვითარდა ასეთი ლინგვისტური მრავალფეროვნება რეგიონში და როგორ ენათესავება ეს ენები ერთმანეთს.

იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ

გნებავთ, ნახოთ სხვადასხვა კავკასიური დამწერლობა? იეჰოვას მოწმეების ოფიციაულურ ვებ-გვერდზე www.jw.org მთლიანობაში 400-ზე მეტ ენაზეა პუბლიკაციები განთავსებული. მათ შორის იმ ენებზეც, რომლებზეც კავკასიაში, „ენების მთიანეთში“ საუბრობენ.