არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2012

უსმინეთ ღორიხვა „მღერის“

უსმინეთ ღორიხვა „მღერის“

შეუძლებელია, ერთხელ მოისმინო და დაგავიწყდეს ღორიხვას გამყინავი და არამიწიერი ხმა. ველური ბუნების ეს განდეგილი ბინადარი კანადის, ევროპისა და შეერთებული შტატების ჩრდილოეთით შორეული ტბებისა და მდინარეების პირას მკვიდრობს.

წყლის ეს საკმაოდ მომხიბვლელი ფრინველი მინესოტას შტატის სიმბოლო გახლავთ და კანადურ ერთდოლარიანზეა გამოსახული. ღორიხვა გადამფრენი ფრინველია და ზამთარს ძირითადად შორეულ სამხრეთ სანაპიროებზე ატარებს. მაინც რატომ ღირს ამ საინტერესო ფრინველის ხმის მოსმენა?

მოთქვამს, კივის . . .

ღორიხვებს ხმის საოცრად შთამბეჭდავი ჟღერადობა აქვთ. მათი მრავალფეროვანი ხმებიდან ყველაზე ხშირად მათი მოთქმა აყრუებს არემარეს. ასეთ ხმებს ისინი საღამოს და ღამით გამოსცემენ, თანაც საინტერესო ის არის, რომ მათი გოდება კილომეტრებზე ისმის. ზოგჯერ, თუმცა არც ისე ხშირად, ღორიხვები კივიან. ასეთ ხმას ისინი მაშინ გამოსცემენ, როცა თავიანთ მეწყვილეებთან, შვილებთან და სხვა ღორიხვებთან ერთად ახლოს ყოფნა სურთ. ღორიხვა აგრეთვე გამოსცემს საკმაოდ უცნაურ ხმას, რომელიც ერთ-ერთ ნაშრომში აღწერილია, როგორც „გიჟური ხარხარი“. ამ ჟღერადობას გამაფრთხილებელი სიგნალის ფუნქცია აკისრია და მას ის მხოლოდ ფრენის დროს იყენებს.

მამალი ღორიხვა გამოსცემს ჰანგებს, რომელიც მუსიკალურ ჟანრს, იოდლის წააგავს. «როცა ის ასეთი ხმით „მღერის“, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს თავის ტერიტორიას იცავს, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ერთ-ერთ ჟურნალში. — ყველა მამალი განსხვავებულად მღერის. რაც უფრო დიდი და მძიმეა მამალი, მით უფრო დაბალი ხმა აქვს. უფრო მეტიც, შეიცვლის თუ არა ტერიტორიას, სხვანაირად იწყებს „ჭიკჭიკს“, განსხვავებულ მუსიკალურ ჰანგებს აჟღერებს» (BirdWatch Canada).

მიმზიდველი, მოქნილი და ამავე დროს მოუქნელი

ღორიხვას აქვს ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის თავი, რომელიც მწვანეში გადადის; აქვს წითელი თვალები და გრძელი, შავი წვეტიანი ნისკარტი. ბუმბულს სეზონისდა მიხედვით იცვლის.

დიდი აპკიანი ფეხების გამო ისინი ძლიერი მოცურავეები, მოხერხებული მყვინთავები და კარგი მონადირეები  არიან. მათ შეუძლიათ წყალში 60 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთონ და რამდენიმე წუთი დაჰყონ იქ.

სუსტ მხარეებს რაც შეეხება, აფრენისა და დაფრენის საკითხში ნამდვილად მოიკოჭლებენ. წონის გამო საკმაოდ გრძელი „ასაფრენი ბილიკი“ სჭირდებათ. წყალზე პარტყაპურტყით გარბიან ამ ასობით მეტრიან ბილიკზე, რომ როგორმე ჰაერში აიტანონ თავიანთი მძიმე სხეული. დაშვებასაც წყალზე ამჯობინებენ. ამ დროს მაღალი სიჩქარით მომავალი ღორიხვა „ბორბლებშეკეცილი“, უკანფეხებგაშვერილი, გულმკერდით ენარცხება წყალზე და ინერციით მიცურავს, სანამ თავისით არ გაჩერდება.

აპკიანი ფეხები ღორიხვას რამდენადაც ეფექტურ მოცურავედ აქცევს, იმდენად უძნელებს სიარულს და დგომასაც კი, ვინაიდან სხვა ფრინველებთან შედარებით, ფეხები ოდნავ უკან აქვს. სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული ის, რომ ღორიხვები ბუდეებს წყლის ნაპირებზე იშენებენ, რათა ადვილად ჩასრიალდნენ წყალში.

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ დედალი და მამალი ღორიხვები მორიგეობით სხედან კვერცხებზე. დედალი, ძირითადად, მუქფრად დაწინწკლულ ორ მოყვითალო-მომწვანო კვერცხს დებს. მომავალი თაობის გამოჩეკვას 29 დღე სჭირდება. ახალგამოჩეკილები ორ დღეში იწყებენ ცურვას და ყვინთვას. როცა იღლებიან, მშობლის ზურგზე აბობღდებიან ხოლმე და ისვენებენ. ორ-სამ თვეში იწყებენ ფრენას და უკანმოუხედავადაც ტოვებენ მშობლიურ კერას.

ღორიხვებს საფრთხეს უქმნიან არწივები, თოლიები და ენოტები. თუმცა მათი ყველაზე დიდი მტრები ადამიანები არიან. ანკესით თევზაობა და წყალში ჩაღვრილი ნავთობი სპობს ფრინველის ამ სახეობას. მჟავე წვიმების შედეგად გამოწვეული ქიმიური დაბინძურება ანადგურებს თევზებს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ღორიხვათა სიცოცხლისუნარიანობაზე. ნავებისა და გემების წყალში მოძრაობის დროს წარმოქმნილი ტალღებიც ერთგვარ საფრთხეს უქმნის და შლის მათ ბუდეებს. ტბების სანაპიროებზე ინფრასტრუქტურული სისტემების განვითარება იძულებულს ხდის ამ ფრინველებს, მიატოვონ თავიანთი მშობლიური მიწა-წყალი და თავშესაფარი სხვაგან ეძებონ.

ყველაფრის მიუხედავად, ფრინველის ამ სახეობას ჯერ-ჯერობით გადაშენება არ ემუქრება. ასე რომ, ეს შეუდარებლად ლამაზი ფრინველი თავისი მრავალჟღერადი მუსიკალური ჰანგებით წლების განმავლობაში კვლავაც მოხიბლავს ფრინველთმოყვარულთ.

მშობლის ზურგზე მოკალათებული პატარა ღორიხვა

მღერის