წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

 ვინ შექმნა?

ცეცხლის ხოჭო თავისი სენსორებით

ცეცხლის ხოჭო თავისი სენსორებით

ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ყველა ცხოველს აფრთხობს და აშინებს, მაგრამ ცეცხლის ხოჭოსთვის ამაზე სანუკვარი და სანატრელი მომენტი, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დამწვარი ხეები ამ მწერისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს კვერცხების დასადებად და შთამომავლობის გასამრავლებლად. ხანძარს ხოჭოს მჭამელი მტაცებლებიც უფრთხიან, ამიტომაც ეს ხოჭოები თავს არხეინად გრძნობენ — თავისუფლად ჭამენ, წყვილდებიან და მრავლდებიან. მაინც, როგორ იგებს ხოჭო ყველაზე ადრე ხანძრის გაჩენის ამბავს?

ხოჭოს ინფრაწითელი რეცეპტორები

დაფიქრდით: შუა ფეხებთან ცეცხლის ხოჭოს აქვს სენსორები, რომლებიც რეაგირებენ ხანძრის შედეგად წარმოქმნილ ინფრაწითელ გამოსხივებაზე. სენსორებში გამოსხივება წარმოშობს სითბოს და ხოჭოს ხანძრის მიმართულებას უჩვენებს.

თუმცა ცეცხლის მოძებნაში ხოჭოს სხვა სენსორებიც ეხმარება. როდესაც მისი საყვარელი ხე იწვის, ხოჭოს საცეცები ხანძრის შედეგად ჰაერში გაფანტულ უმცირეს ნაწილაკებსაც კი შეიგრძნობს. ზოგი მეცნიერის აზრით, ცეცხლის ხოჭოს ამ „კვამლის დეტექტორით“ შეუძლია 800 მეტრის რადიუსში ოდნავ აკვამლებული ხის სუნიც კი იგრძნოს. საცეცებისა და სენსორების საშუალებით ეს მწერები 50 კილომეტრში აფიქსირებენ ტყეში გაჩენილ ხანძარს.

მეცნიერები აკვირდებიან ცეცხლის ხოჭოს სენსორებსა და საცეცებს, რათა უფრო გააუმჯობესონ იმ მოწყობილობათა მუშაობის ხარისხი, რომლებიც რეაგირებენ ინფრაწითელ გამოსხივებასა და ხანძარზე. ტრადიციული მაღალი ხარისხის ინფრაწითელი სენსორული მოწყობილობები საჭიროებენ გაგრილებას, ამიტომ ხოჭოზე დაკვირვებით მკვლევრებს შეუძლიათ შექმნან ისეთი სენსორები, რომლებიც უკეთესად იმუშავებს ოთახის ტემპერატურაზე. ხოჭოს საცეცების შესწავლა ინჟინრებს საშუალებას აძლევს, შექმნან უფრო მგრძნობიარე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ტყის ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნაერთების განსხვავებას სხვა ქიმიური ნაერთებისგან.

მეცნიერებს აოცებთ ის, თუ როგორ საოცრად პოულობს ცეცხლის ხოჭო კვერცხების დასადებ ადგილს. „საიდან აქვთ ამ ხოჭოებს იმის უნარი, რომ ასეთი მეთოდით დადონ კვერცხები? — სვამს კითხვას შეერთებულ შტატებში, კორნელის უნივერსიტეტში მოღვაწე ხოჭოების ექსპერტი რიჩარდ ჰოებეკე. — წარმოიდგინეთ, რა მწირ ინფორმაციას ვფლობთ მწერებზე, მათ საოცარ მგრძნობელობის სისტემებსა და რთულ სენსორულ მექანიზმებზე“.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად შეიძინა ცეცხლის ხოჭომ ხანძრის სენსორული სისტემა, თუ ღმერთმა უბოძა მას ეს უნარი?