წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

საშინელი ახალი ამბები და თქვენი შვილები

საშინელი ახალი ამბები და თქვენი შვილები

„ჩემს 11 წლის ქალიშვილს არ უყვარს საინფორმაციო გადაცემების ყურება იმიტომ, რომ მერე კოშმარები ესიზმრება ხოლმე. ერთხელ ახალ ამბებში ნახა, როგორ მოაჭრა ერთმა კაცმა თავი თავის ოჯახის წევრს. იმ ღამით დაესიზმრა, რომ თითქოს მასაც მოაჭრეს თავი“ (ქვინი).

„ერთხელ ჩემმა 6 წლის მაზლიშვილმა საინფორმაციო გადაცემაში უყურა, როგორ გადაუარა ტორნადომ ერთ ქვეყანას. ბავშვი მთელი კვირის განმავლობაში პანიკაში იყო; მირეკავდა და სულ იმას მიმეორებდა, ძლიერი გრიგალი ამოვარდებოდა და მეც მოვკვდებიო“ (ფეიჯი).

თქვენს შვილსაც აშინებს საინფორმაციო გადაცემები? ერთი გამოკითხვის თანახმად, მშობლების 40 % ამბობს, რომ მათ შვილებს აშინებთ ტელევიზორში გადმოცემული ახალი ამბები, რადგან ჰგონიათ, რომ იგივე დაემართებათ მათ ან მათ ახლობლებსაც.

ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ უყალიბდებათ ბავშვებს ასეთი შეხედულება, არის ის, რომ დიდებისგან განსხვავებით ისინი სხვანაირად აღიქვამენ მომხდარს. მაგალითად, როცა ახალ ამბებში ერთი და იმავე უბედურ შემთხვევას რამდენჯერმე იმეორებენ, ბავშვს ჰგონია, რომ ეს სინამდვილეში იმდენჯერვე ხდება.

სხვა ფაქტორი გახლავთ ის, რომ ყოველდღიურად ასეთი შემაძრწუნებელი ამბების მოსმენის შედეგად შესაძლოა, მათ დამახინჯებული აზროვნება აქვთ შექმნილი ცხოვრებაზე. მართალია, ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ, მაგრამ ასეთი ახალი ამბების გამუდმებით ყურება ბავშვებში საკმაოდ ძლიერ შიშს იწვევს და შედეგად ეს მათ საქციელსა და ხასიათზე აისახება (2 ტიმოთე 3:1). „ბავშვები, რომლებიც ხშირად უყურებენ ახალ ამბებს, უფრო გაზვიადებულად აღიქვამენ დანაშაულის გავრცელების მასშტაბებს და შეიძლება ცხოვრება უფრო საშინლად  წარმოიდგინონ, ვიდრე ის სინამდვილეშია“ (კაიზერის საოჯახო ფონდი).

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შემაძრწუნებელი ახალი ამბები თქვენს ბავშვებზეც მოქმედებს? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

დაიცავით.

ბავშვის ასაკის, მოწიფულობისა და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრეთ, რის ყურების ნებას დართავთ მათ და რამდენად ხშირად. რადგანაც, ჩვენ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ასე თუ ისე, ბავშვი მაინც მოისმენს რაღაც ახალ ამბავს. პატარა ბავშვიც კი შეიძლება იმდენს ისმენდეს და ხედავდეს, რომ თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდეთ ამაზე. ამიტომ ყურადღებას ნუ მოადუნებთ. არ გამოგეპაროთ ის მცირედი ნიშნებიც კი, რაც მიგახვედრებთ, რომ ბავშვს რაღაცის ეშინია.

ასწავლეთ.

თქვენც მათთან ერთად უყურეთ საინფორმაციო გამოშვებებს. ამ დროს შეგიძლიათ მოსმენილი ინფორმაცია გარკვეულწილად ბავშვის სასწავლებლად და დასარიგებლად გამოიყენოთ. შეეცადეთ ყურადღება დადებით მხარეებზე გაამახვილოთ, მაგალითად, როგორ დაეხმარნენ სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს და ასე შემდეგ.[8]

დაამშვიდეთ.

როდესაც ბავშვი რაიმე საშინელ ინფორმაციას მოისმენს, ჰკითხეთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს.[9] „როცა ჩვენი ბიჭი, ნათანიელი ახალ ამბებში საშინელ ამბავს ისმენს, მე და ჩემი ცოლი ყოველთვის ვუხსნით, რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენს ოჯახშიც არ დატრიალდეს, — ამბობს მაიკლი. — ერთხელ ნათანიელმა საინფორმაციო გამოშვებაში ნახა, როგორ დაიწვა ვიღაცის სახლი. ისე შეეშინდა, რომ სულ იმას გაიძახოდა, მალე ჩვენი სახლიც დაიწვებაო. რომ დაგვემშვიდებინა, სახლში დამონტაჟებული სახანძრო განგაშის სისტემა ვაჩვენეთ. მას შემდეგ მას ყველანაირი შიში გაუქრა“.

გაწონასწორებული თვალსაზრისი.

დადგენილია, რომ ადამიანი როდესაც რაღაც ამბავს იგებს და ფიქრობს ამაზე, ჰგონია, რომ იგივე რამ შეიძლება მასაც დაემართოს. მაგალითად,  როცა საინფორმაციო გამოშვებაში ისმენთ, რომ სადღაც ბავშვი გაიტაცეს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა, თქვენს ბავშვსაც დაემუქროს იგივე საფრთხე, თუმცა რეალურად შეიძლება ამის საშიშროება არც არსებობდეს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა წინასწარ ფლობ ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; მაგრამ ექსპერტების თქმით, საინფორმაციო საშუალებებს შეუძლია, დაგვაშინონ ისეთი ფაქტებით, რომლებიც შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაში არასდროს მოხდეს (იგავები 22:3, 13).

თუ მშობლები გაწონასწორებულ თვალსაზრისს ვერ შეინარჩუნებენ საინფორმაციო საშუალებებში მოსმენილ ახალ ამბებთან დაკავშირებით, უკიდურესი შიში და დაძაბულობა მოსვენებას არ მისცემს მათ. ამის მაგალითია ერთი 11 წლის ბიჭუნა, რომელიც 2005 წელს შეერთებულ შტატებში იუტანის მთებში დაიკარგა. მას იმდენად ეშინოდა გამტაცებლების, რომ მაშველებსაც კი ემალებოდა მთელი ოთხი დღის განმავლობაში. ბოლოს, როგორც იქნა იპოვეს მისუსტებული და ცოცხალ-მკვდარი ბავშვი. მართალია, ბავშვის გატაცების ალბათობა ძალიან მცირე იყო (350 000 ბავშვიდან 1), მაგრამ ეს პატარა ბიჭი შიშმა იქამდე მიიყვანა, რომ უარი თქვა დახმარებაზე და კინაღამ შიმშილით მოკვდა.

„3—7 წლის ბავშვებს უფრო მეტად აშინებთ სტიქიურ უბედურებებსა და უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული ამბები; 8—12 წლის ბავშვებს კი დამნაშავეობასა და ძალადობასთან დაკავშირებული ამბები“ (კაიზერის საოჯახო ფონდი).

რას ვსწავლობთ ამ ყოველივედან? თქვენ და თქვენმა შვილებმა ყოველთვის გაწონასწორებული თვალსაზრისი იქონიეთ ახალ ამბებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადად ისეთ ამბებს კი არ აშუქებენ, რომელიც ყოველთვის ხდება და ჩვეულებრივია, არამედ ისეთს, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს და ყველას ყურადღებას იპყრობს.

დამნაშავეობა, ძალადობა და სტიქიური უბედურებები ჩვენი დროის ტრაგიკული რეალობაა. თუმცა, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, თუ ეცდებით, დაიცვათ შვილები, დაამშვიდოთ და გაწონასწორებული თვალსაზრისი შეუქმნათ, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებთ სტრესს.