არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ოქტომბერი 2012

რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს

რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს

„კლასში ძალიან ბევრნი ვიყავით! ოთახში სულ უჰაერობა იყო და სიცხისგან ვიხუთებოდით“ (ლუისი, ბოლივია).

„ჩვენს სკოლაში სულ რამდენიმე მასწავლებელი იყო, ამიტომ ყველა ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ. არც ლაბორატორია გვქონდა, არც ბიბლიოთეკა და არც რუკები“ (დორკუსი, მიანმა).

„თითქმის ყველა მასწავლებელს უჭირდა კლასის დამორჩილება. ზოგჯერ ბავშვები ისე ცუდად იქცეოდნენ, რომ ვისაც სწავლა უნდოდა, იმასაც ხელს უშლიდნენ“ (ნინა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ზემოთ მოცემული კომენტარებიდან ჩანს, რომ ზოგიერთ სკოლაში სწავლა თითქმის შეუძლებელია. მშობლებო, როგორ უნდა დაეხმაროთ შვილებს, რომ სკოლაში არსებული პრობლემების მიუხედავად, განათლების მაქსიმუმი წამოიღონ სკოლიდან? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

გამოავლინეთ ინიციატივა.

ყურადღებას მაინცდამაინც სკოლაში არსებულ პრობლემებზე ნუ გაამახვილებთ, მით უმეტეს, როცა უმეტესი მათგანის მოგვარება თქვენს ძალებს აღემატება. აქცენტი იმ საკითხებზე გადაიტანეთ, რომელთა მოგვარებაც თქვენს შესაძლებლობებს არ სცდება. თუ თქვენი შვილი რომელიმე საგანში მოიკოჭლებს ან წუხს, რომ ძალიან ბევრ დავალებებს აძლევენ სკოლაში, დასხედით და ერთად მოიფიქრეთ გამოსავალი. სახლში უკეთესი სამეცადინო კუთხის მოწყობა ხომ არ სჭირდება? იქნებ გეგმის შედგენაში სჭირდება დახმარება, რომ იცოდეს, როდის მოამზადოს ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებები. დამატებითი მეცადინეობა ხომ არ არის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საგანში? შეგიძლიათ რჩევებისთვის დამრიგებელს ან სხვა რომელიმე მასწავლებელს დაელაპარაკოთ. ამ ადამიანებს ისე უყურეთ, როგორც მოკავშირეებს და არა როგორც მტრებს.

ხშირად შეახსენეთ ბავშვს სწავლის მიზანი.

სკოლაში თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი ზოგადი განათლება და უნდა ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად. სწავლის მიზანი უბრალოდ გამდიდრება არ უნდა იყოს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა განათლებას სწორედ ამ მიზნით იღებს. ბიბლია მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის შეძენისკენ მოგვიწოდებს. მართალია, მასში წერია, რომ ფული იცავს ადამიანს, მაგრამ ისიც წერია, რომ სიფრთხილეა საჭირო, რადგან გამდიდრების მსურველნი ნამდვილ ბედნიერებას ვერ პოულობენ (ეკლესიასტე 7:12; 1 ტიმოთე 6:9).

სკოლაში თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი ზოგადი განათლება და უნდა ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად

მიეცით ბავშვს საშუალება, რომ სირთულეებთან გამკლავება ისწავლოს.

ბევრი მასწავლებელი ჩივის, რომ რამდენადაც რთულია მოსწავლეებთან ურთიერთობა, იმდენად და უფრო მეტად რთულია ურთიერთობა მათ მშობლებთან. ზოგიერთი მშობელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს, როცა მათი შვილი სკოლაში რაიმე სირთულეს აწყდება ან დაბალ ქულებს იღებს. მაგალითად, ჟურნალ „ტაიმში“ მოყვანილი იყო ერთი პროფესორის შემთხვევა, რომლის მოსწავლეებიც „დაბალი ქულების მიღების შემთხვევაში პირდაპირ გაკვეთილის მსვლელობის დროს ურეკავდნენ მშობლებს,  შემდეგ აწვდიდნენ ტელეფონს მასწავლებელს და მშობელსა და მასწავლებელს შორის მთელი დებატები იმართებოდა შუა გაკვეთილზე. მშობლები პრეტენზიას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაკიღა ამხელა თანხას იხდიდნენ ბავშვის განათლებაში, მოელოდნენ კიდეც, რომ მათი შვილი უმაღლეს ქულებს მიიღებდა“.

ბევრი მასწავლებელი ჩივის, რომ რამდენადაც რთულია მოსწავლეებთან ურთიერთობა, იმდენად და უფრო მეტად რთულია ურთიერთობა მათ მშობლებთან

ასეთი მშობლები თავიანთ შვილებს შეიძლება ითქვას, დათვურ სამსახურს უწევენ. ფაქტობრივად, ისინი კი არ იცავენ ამით მათ, ართმევენ იმის შესაძლებლობას, რომ «მოზარდმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, ისწავლოს მარცხთან შეგუება და საკუთარი გაფუჭებული საქმის გამოსწორება, — წერს პოლი იანგ აიზენდრატი თავის წიგნში „თავდაჯერებულობის მახეში“. — თუ მშობელი ზედმეტად აქტიურობს შვილის პრობლემების მოგვარების საკითხში და ამ დროს ბავშვი უბრალოდ კულისებში ზის და არაფერს აკეთებს, მშობელი სწავლობს პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ბავშვი ვერაფერს იძენს და ერთხელაც, როცა დამოუკიდებლად მოინდომებს „გავლას“, უსათუოდ წაიქცევა».

სად გადის ზღვარი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განათლებამ მოზარდი უნდა მოამზადოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად (დაბადება 2:24). მაგრამ რამხელა განათლებაა საჭირო საიმისოდ, რომ ბავშვი ასეთად ჩამოყალიბდეს?

ნუ იფიქრებთ, რომ მაინცდამაინც უნივერსიტეტში სწავლაა აუცილებელი იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა ნორმალურად იცხოვროს. სხვა, ნაკლებად ხარჯიანი გზებიც არსებობს. რეალურად, რაიმე პროფესიის ან ხელობის შესწავლითაც შეიძლება არანაკლებ ნორმალური ცხოვრება მოიწყოს ადამიანმა.

დასკვნა. რა თქმა უნდა სკოლაში არსებული სიტუაციები ნამდვილად არ არის იდეალური და სრულყოფილი და დღეს ბავშვები ისეთ პრობლემებს ხვდებიან სკოლებში, რომლებსაც წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, მაგრამ თქვენი დახმარებით ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას. სასურველია, თუ მთელი ოჯახი ერთად იმსჯელებთ 3—7 გვერდებზე მოცემულ თემებზე.

 

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

გზა მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

გიწევთ მოზარდების აღზრდა? თუ დიახ,როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რათა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

საგუშაგო კოშკი

დავეხმაროთ შვილებს, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

როგორ დაგეხმარებათ იესოს მაგალითი, იყოთ წარმატებული მშობელი?