წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

 ახალგაზრდების შეკითხვები

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 2

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 2

წინა ნომერში ვისაუბრეთ ქორწინების რამდენიმე დადებით მხარეზე და შევეხეთ იმ სირთულეებსაც, რომლებიც ორი ადამიანის შეუღლებას ახლავს თან.

ამ ნომერში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის კარგი, მოემზადო მოულოდნელობებისთვის.

აღნიშნე, ჩამოთვლილთაგან რომელია შენთვის მნიშვნელოვანი და ამასთანავე დანომრე იმის მიხედვით, თუ რომელს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებ.

როგორი მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე?

  • გარეგნულად მიმზიდველი
  • ისეთი, რომ მასთან ღირსეულ ადამიანად ვიგრძნო თავი
  • ჰქონდეს ჩემნაირი მიზნები
  • ისეთივე გართობის სახეობა უყვარდეს, როგორიც მე მიყვარს

 თუ დაქორწინება გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი მოთხოვნები გაგაჩნდეს. შესაძლოა ისეთ ადამიანსაც შეხვდე ან უკვე შეხვდი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუმცა რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან და შესაბამისად, სიტუაციებიც ცვალებადია.

დასკვნა: წარმატების მიღწევა რეალურია მაშინ, როდესაც მოულოდნელობებისთვის ხარ მზად!

დადებითი. ზოგიერთი მოულოდნელობა შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს.

„დაქორწინების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მარიას * ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია. ამას ვერ ვამჩნევდი მაშინ, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და ვერც ვაფასებდი სათანადოდ. გვესმის, რომ ორივენი ვუშვებთ შეცდომებს და პრობლემების დროს პანიკაში არ ვვარდებით“ (მარკი).

არც ისე დადებითი. ზოგიერთი მოულოდნელობა შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს. მაგალითად:

დავუშვათ შენ და შენი მომავალი მეუღლე გეგმავთ დაქორწინების შემდეგ მსახურების გაგრძელებას დაშორებულ ტერიტორიაზე. მაგრამ დაქორწინების შემდეგ ცოტა ხანში მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და თქვენი გეგმები შეიცვალა. ეს რეალურად შეიძლება მართლაც ასე მოხდეს, რადგან ბიბლიაში წერია, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლის მდგომარეობა ძალიან დაგწყვეტდა გულს და ამასთანავე ძალიან დაგამწუხრებდა ისიც, რომ მიზნის მიღწევაში ხელი შეგეშალა. მაგრამ ამის მიუხედავად, რეალურად უნდა შეხედო შექმნილ ვითარებას და სიტუაციას მოერგო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ პიროვნებაზე დაქორწინდი და არა მიზანზე.

დასკვნა: ბიბლია ამბობს, რომ დაქორწინებულებს გასაჭირი ექნებათ (1 კორინთელები 7:28). მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ გასაჭირი დაუპატიჟებელი სტუმარივით მოულოდნელად წამოადგება ხოლმე თავს ადამიანს.

როგორ უნდა მოემზადო მოულოდნელობებისთვის? ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

 1. ყველაფერს რეალურად შეხედე

რამდენადაც არ უნდა ეწყობოდეთ შენ და შენი სატრფო ერთმანეთს, მზად უნდა იყოთ შემდეგისთვის . . .

  • ყოველთვის ვერ დაეთანხმებით ერთმანეთს ყველაფერში
  • ყოველთვის ერთნაირი პრიორიტეტები არ გექნებათ
  • ყოველთვის არ გექნებათ ერთი და იმავე საქმის კეთების სურვილი
  • ყოველთვის ვერ იქნებით სიყვარულის ეიფორიაში

ეს საკმაოდ ჩვეულებრივია. მაგრამ ამ ფაქტორებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ დაანგრიოს თქვენი ქორწინება; ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მისცემთ მათ ამის საშუალებას! მუდამ გახსოვდეთ ეს ბიბლიური სიტყვები: „სიყვარული ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4, 7, 8).

რეალობა: საბოლოო ჯამში შეიძლება ასეთი რამ ითქვას: მთავარი ის კი არ არის, რა პრობლემა შეგხვდებათ ცხოვრებაში, მთავარი ის არის, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას. ეს ან ააშენებს თქვენს ქორწინებას ან დაანგრევს (კოლოსელები 3:13).

 2. ვალდებულება

თუ შენ და შენს მეუღლეს გადაწყვეტილი გაქვთ ნებისმიერ შემთხვევაში ერთად იყოთ და ერთად ებრძოლოთ პრობლემებს, მაშინ უკეთესად გადაიტანთ მოულოდნელად ამოვარდნილ პრობლემების ქარიშხალს (მათე 19:6).

ზოგი თვლის, რომ ვალდებულების გრძნობა ქორწინებას უფრო ამძიმებს. თუმცა რეალურად ეს ასე არ არის! პირიქით, ვალდებულებები თქვენს ქორწინებას ერთგვარ სტაბილურობას სძენს. და როცა ესა თუ ის მოულოდნელობა იჩენს თავს, ერთიც და მეორეც პრობლემიდან თავის დაღწევის გზებს დაუწყებთ ძებნას და არა ერთმანეთისგან.

პასუხისმგებლობის გრძნობა რომ განივითარო, ქორწინებას რაციონალურად, საღი თვალით უნდა შეხედო და ფანტაზიები და ილუზიები უნდა მოიშორო. ამ ორ რამეს შორის განსხვავება კარგად რომ დაინახო, მოდი ერთი პატარა სავარჯიშო გავაკეთოთ:

1. წარმოიდგინე, გაქვს თვითმფრინავის უფასო ბილეთი, თანაც ისეთი, რომ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც გინდა, იქ გაფრინდები. სად ისურვებდი წასვლას?

დანიშნულების ადგილი:

რის მიხედვით აირჩევ:

  • ბუნების
  • კულტურის
  • კლიმატის
  • გართობის
  • სხვა

2. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს ბილეთი არის ცალმხრივი და რომელ ქვეყანასაც აირჩევ, მთელი დარჩენილი ცხოვრება იქ მოგიწევს ყოფნა.

მაშინ ხელახლა დავსვათ ეს შეკითხვა: რომელ ადგილს აირჩევ საცხოვრებლად, ან თუ აირჩევ საერთოდ რომელიმეს?

  • დანიშნულების ადგილი:
  • ან დავრჩები იქ, სადაც ვარ.

ალბათ, პირველი და მეორე არჩევანი განსხვავდება ერთმანეთისგან. რომც დაემთხვას პასუხები ერთმანეთს, მაინც გიღირს, ცოტა მეტი იფიქრო მეორე არჩევანზე. ტურისტად კი არ უნდა წარმოიდგინო თავი, რომელიც სანაპიროზე ბუნგალოში ტკბება ან მთებზე ხეტიალით იკლავს სიამოვნების ჟინს, უნდა იფიქრო, რომ შენ ხარ იმ ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებელი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ექნება, როგორც სასიამოვნო და სასიხარულო მომენტები, ასევე პრობლემები და წინააღმდეგობები.

ზუსტად ასე უნდა იფიქრო ქორწინებაზეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროის სვლასთან ერთად მდგომარეობაც იცვლება. ამ ყველაფერთან ერთად, თქვენ ორივენი შეიცვლებით. თქვენი წარმატება უმეტესწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მომზადებულები შეხვდებით მოულოდნელობებს და როგორ გაართმევთ თავს წამოჭრილ პრობლემებს.

დაფიქრდი: დღეს, როგორც დაუქორწინებელი პიროვნება, როგორ აგვარებ მოულოდნელად წამოჭრილ პრობლემებს?

^ აბზ. 15 ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

გაიგე შენი მშობლების აზრი

რა სასიამოვნო და არასასიამოვნო მოულოდნელობებს შეხვდნენ, როცა ახალი დაქორწინებულები იყვნენ? ჰკითხე, როგორ მოემზადო მოულოდნელობებისთვის სანამ დაქორწინდები?