არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

პირისპირ გორილასთან

პირისპირ გორილასთან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეკვატორული წვიმის ტყის სიღრმეში იშლება საოცარი და მეტისმეტად ლამაზი ბუნებრივი სანახაობა, რომლის სადარიც, შეიძლება ითქვას, ბევრგან არ არის. ოღროჩოღრო და მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს 12 საათი დიდის გაჭირვებით მივუყვებოდით. გეზი ძანგა-ნდოკის ეროვნული პარკისკენ გვქონდა აღებული. ეს ხელუხლებელი ბუნებრივი ნაკრძალი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, კამერუნსა და კონგოს რესპუბლიკას შორისაა მოქცეული. ჩვენი მიზანი იყო, გვენახა დასავლეთის დაბლობის გორილა მაკუმბა და მისი ოჯახი.

ჩვენმა გიდმა, ქალბატონმა ბარამ, გვითხრა, არ გავფანტულიყავით და ფრთხილად ვყოფილიყავით, რომ გზაში საშოვარზე გამოსულ სპილოებს არ გადავყროდით. თუმცა მარტო სპილოებს როდი უნდა მოვრიდებოდით. „იმ შემთხვევაში თუ გორილას გადაეყრებით, — გაგვაფრთხილა გიდმა, — არ გაინძრეთ, ერთ ადგილას დადექით და მიწას უყურეთ; არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ, ბევრს იღრიალებს. რაც მთავარია, თვალებში არ შეხედოთ. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ამ დროს ყველაზე კარგი, თვალების დახუჭვაა“.

ჩვენ და ჩვენი გიდი მივყვებოდით ერთ მონადირეს ბააკას ტომიდან. ბააკას ხალხს გარეგნული ნიშან-თვისებებისა და პატარა ტანის გამო პიგმეების ხალხთა ჯგუფს მიაკუთვნებენ. ჩვენს გამოცდილ მონადირეს პატარა გაფაჩუნებაზე და ოდნავ სუნზეც კი  შეეძლო ყველაზე მოუხელთებელი ცხოველის შემჩნევა. გაღიზიანებული გალიკტების (ფუტკრის ჯიში) მთელი გუნდი დაგვბზუოდა თავზე. ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენოდით წინამძღოლს, რომელიც თამამად მიაბიჯებდა გაუვალ ბალახებში.

ცოტა ხანში შევედით გაუკაფავ ტყეში, სადაც მხოლოდ რამდენიმე დასავლეთელს თუ დაუდგამს ფეხი. მოულოდნელად მონადირე შეჩერდა და ვრცელი მიდამოსკენ გაიშვირა ხელი. შევნიშნეთ გათელილი ბუჩქები და გატკეპნილი ბალახი, სადაც, როგორც ჩანს, პატარა გორილებს უთამაშიათ, დავინახეთ ასევე დამტვრეული, დატეხილი და გაშიშვლებული ტოტები, რაც აშკარად იმაზე მიანიშნებდა, რომ აქ ცოტა ხნის წინ „ვიღაცას“ უსაუზმია. ინტერესი უფრო და უფრო გვიცხოველდებოდა.

დასავლეთის დაბლობის გორილა 1,8 მეტრამდე იზრდება და 200 კილოგრამზე მეტს იწონის

სადღაც სამი კილომეტრი კიდევ გავიარეთ და ჩვენმა მეგზურმა ნელ-ნელა სვლა შეანელა. გაუფრთხილებლად რომ არ წავდგომოდით გორილას თავზე, მეგზურმა მის გასაფრთხილებლად პირით რაღაც უცნაური ხმები გამოსცა. იქვე ახლოს გავიგონეთ ღმუილი და ტოტების ტკაცატკუცი. გიდმა მშვიდად მიგვითითა, გამომყევითო. მოულოდნელად ტუჩებზე თითი მიიდო და გვანიშნა, ადგილზე გავქვავებულიყავით. წაგვჩურჩულა, ჩაიცუცქეთო და ხეებს მიღმა გაგვახედა. გავიხედეთ და რა დავინახეთ — დაახლოებით რვა მეტრის იქით უშველებელი გორილა მაკუმბა იჯდა!

ერთ დროს ბობოქარი ტყე ახლა რაღაც უცნაურად მიჩუმებულიყო. ირგვლივ ისეთი სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო, რომ საკუთარი გულის ცემასაც კი გაიგებდა კაცი. რაღა თქმა უნდა, ყველას ერთმა აზრმა გაგვიელვა თავში — ნეტა რას იზამს მაკუმბა, დაგვიშავებს რამეს? ტყავის სახე ჩვენკენ შემოაბრუნა და მშვიდობიანი მასპინძლობის ნიშნად გემრიელად დაამთქნარა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველანი ერთიანად სიკვდილს გადავრჩით!

მართალია, აკა ენაში სიტყვა „მაკუმბა“ „სწრაფს“ ნიშნავს, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ეს მაიმუნი დინჯად და აუჩქარებლად შეექცეოდა საუზმეს. იქვე შორიახლოს ორი პატარა გორილა ჭიდაობდა და ერთმანეთს უღიტინებდა. ათი თვის დიდთვალება სოფო თავის დედიკოს, მოფამბის ეთამაშებოდა. როდესაც მისი უსაზღვროდ ცნობისმოყვარე ნაშიერი დედიკოს მოსცილდებოდა, ის მას ნაზად მოხვევდა მკლავს და თავისკენ მიიზიდავდა, რომ შორს არ წასულიყო. ოჯახის დანარჩენი წევრები ხან თამაშით ერთობოდნენ, ხან ფოთლებს კრეფდნენ და ლაწალუწით ამტვრევდნენ ტოტებს. ყველანი წამიერად შემოგვხედავდნენ ხოლმე, ცოტა ხანს გვიყურებდნენ და რომ მობეზრდებოდათ, ისევ თამაშს აგრძელებდნენ.

ერთი საათი ვუყურებდით ამ სანახაობას და ბოლოს გადავწყვიტეთ, უკან დავბრუნებულიყავით. მაკუმბაც დაიღალა ამდენი მაყურებლის მზერით, ერთი ამოიღმუვლა, წამოიმართა, თავისი უშველებელი ხელები მაღლა ასწია და ტყეში გაუჩინარდა. წამებში მაიმუნების მთელი ოჯახი სადღაც გაქრა. მართალია, საკმაოდ მცირე ხანს ვუცქერდით ამ გასაოცარ ქმნილებებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნანახი წლების განმავლობაში არ ამოიშლება ჩვენი გონებიდან.