წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2012

ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთ

ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთ

სამი ათასი წლის წინათ ჩინეთის ერთ-ერთმა იმპერატორმა გააშენა პარკი და სახელად „შემეცნების ბაღი“ უწოდა. პარკში უამრავი ცხოველი ბინადრობდა და ის 607 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ასეთი ბაღები იმ პერიოდში საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ჩვენს დროში უკვე მილიონებს შეუძლიათ დატკბნენ ზოოპარკის მრავალფეროვანი სილამაზით. „მსოფლიოში, სადაც ბუნებრივი გარემო პირობები სულ უფრო და უფრო მეტად ნადგურდება და სადაც მოსახლეობა ძირითადად დიდ ქალაქებში იყრის თავს, ბევრისთვის ველურ ბუნებასთან ყველაზე ახლო შეხების წერტილი ზოოპარკი გახდა“, — ნათქვამია წიგნში „ზოოპარკები 21-ე საუკუნეში“.

თანამედროვე ზოოპარკი

ზოოპარკში დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ პლანეტის ფაუნის ერთობ მომხიბვლელი და მიმზიდველი უამრავი სახეობა. გინახავთ ოდესმე, როგორ დაფარფატებენ ელვარე პეპლები ტროპიკულ ბაღებში, ან როგორ იღებენ ყინულის შხაპს პინგვინები საგანგებოდ შემორაგულ პატარა „ანტარქტიდაზე“?

შეგიძლიათ იმოგზაუროთ მინიატურულ ეკვატორულ ტყეში და ნახოთ ამგვარ გარემოს შეზრდილი ცხოველებისა და ფრინველების სხვადასხვა ჯიში. ანდა ბნელ ოთახში სიბნელის მოყვარული ცხოველების ხილვით დატკბეთ. ზოგიერთ ზოოპარკში ნახავთ ჰაერში მოლივლივე უამრავ მტაცებელ ფრინველს და წყალში მოთამაშე აკრობატ დელფინებს. წარსულში საშიში ცხოველების ხილვა მხოლოდ საგულდაგულოდ ჩარაზული გალიის მიღმა იყო შესაძლებელი; დღეს კი ამ საშიშ არსებებსა და მათ მნახველებს მხოლოდ ღრმა თხრილი ჰყოფს ერთმანეთისგან.

 მედლის ორი მხარე

ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცალსახად აღნიშნავს, რომ ცხოველების ველური ბუნებიდან წამოყვანა და არაბუნებრივ პირობებში გამომწყვდევა არასწორია. მათი თქმით, ზოოპარკის პირობებში ცხოველების უნარი და ინსტინქტები იზღუდება და ნელ-ნელა ქვეითდება.

ამის საპასუხოდ, ზოოპარკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ზოოპარკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცხოველების დაცვისა და მოსახლეობის გათვითცნობიერების საკითხში. «ჩვენი მიზანია, ხალხმა ცხოველების პატივისცემა ისწავლოს, — აცხადებს მადრიდის „ფაუნიას პარკის“ თანამშრომელი ჰაიმე რული. — გვინდა, აქ მოსულ სტუმრებს გავუჩინოთ იმის სურვილი, რომ დაიცვან ცხოველთა საარსებო გარემო, რომლის გარეშეც ცხოველთა სამყარო ნამდვილად ვერ იარსებებს». როგორც ზოგიერთი დაკვირვებიდან გამოჩნდა, ზოოპარკის ბინადრებსა და მათთვის სპეციალურად შექმნილ გარემო პირობებზე დაკვირვება ხალხს ეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, თუ რამდენად საჭიროა გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა.

ზოგიერთმა იშვიათმა სახეობამ, მაგალითად, დიდმა პანდამ, ხალხს თავი ძალიან შეაყვარა. „აქ ვინც მოდის, ყველას უნდა, რომ ჩვენი ორი პანდა ნახოს, — ამბობს მადრიდის ზოოპარკის თანამშრომელი ნოელია ბენიტო. — ეს ცნობილი სახეობა გადაშენების პირას მისულ ცხოველთა დაცვის  სიმბოლოდ იქცა. ამ სახეობის გამრავლების დიდი იმედი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ წუნიები არიან, როცა საქმე პარტნიორის არჩევას ეხება“.

პანდისგან განსხვავებით, ვეტერინარების ყურადღების ქვეშ მყოფი ბევრი ცხოველი სათანადო პირობებში უფრო თავისუფლად მრავლდება ზოოპარკში. ზოოპარკში შემუშავებულმა გამრავლების წარმატებულმა პროგრამამ პასუხი გასცა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზოოპარკები არ უნდა იყოს ჩართული გადაშენების პირას მყოფი სახეობების ყიდვა-გაყიდვაში. გარდა იმისა, რომ ზოოპარკში ყოველთვის არის საჩვენებელი ცხოველები, აქ ცხოველებს იმ მიზნითაც ამრავლებენ, რომ ისინი ველურ ბუნებაში დააბრუნონ.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ცხოველები ველურ ბუნებაში გადაშენების პირას არიან მისულნი, საარსებო გარემოს რღვევაა. ამიტომაც ზოოპარკები აქტიურად უჭერენ მხარს ცხოველთა დაცვის პროგრამების დაფინანსებას და უშუალოდ თანამშრომლობენ ტროპიკული ქვეყნების ნაკრძალების ხელმძღვანელობასთან. *

ბუნებაზე დაკვირვება

თითქმის ყველა ბავშვს ხიბლავს და იზიდავს ცხოველთა სამყარო. ამიტომ როდესაც, დასვენების დღეებში მშობლებს ბავშვები ზოოპარკში მიჰყავთ, იქ შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შვილებს ღვთის შემოქმედებაზე ესაუბრონ. მათ შეუძლიათ ერთად დააკვირდნენ ბუნებას.

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ადამიანს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ცხოველთა სამყაროს მიმართ. კარგი იქნება, თუ ასეთ ინტერესს ჩვენს შვილებსაც გავუღვივებთ, რადგან ბუნებაზე დაკვირვებით მათ შეუძლიათ დაინახონ ჩვენი შემოქმედის თვისებები. ზოოპარკებში სტუმრობა გვეხმარება უკეთ გავეცნოთ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ველური ბუნების მკვიდრთ და სათანადოდ დავაფასოთ ისინი.

ტროპიკული პეპელა, ბენგალური ვეფხვი, დიდი პანდა, თეთრთავა არწივი, კალიფორნიის ზღვის ლომი

^ აბზ. 12 ზოოპარკების დახმარების პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, რისი წყალობითაც გადარჩა აზიაში ვეფხვი, მადაგასკარში ლემურები და აფრიკაში პრიმატები.