არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  სექტემბერი 2012

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი, ნაწილი 5

სასიხარულო ცნობა მთელი კაცობრიობისთვის

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი, ნაწილი 5

ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან ვიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.

ბიბლიაში ჩაწერილია სასიხარულო ცნობა ღვთისგან, რომელიც მთელ კაცობრიობას ეხება. სწორედ ამიტომ იყო იესო ქრისტეს ძირითადი საქმიანობა დედამიწაზე ყოფნისას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (ლუკა 4:43). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამეფო არის ღვთის ხელისუფლება, რომელიც ბოლოს მოუღებს უსამართლო ადამიანურ მმართველობებს და დაამყარებს მშვიდობას მთელ დედამიწაზე. ღვთის სამეფო აღმოფხვრის ტანჯვის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ეს მართლაც რომ სასიხარულო ცნობაა!

უდავოა, რომ ასეთი კარგი ამბავი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გავრცელდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინ, როცა იესო სიკვდილით დასაჯეს, მას მხოლოდ რამდენიმე მიმდევარი დარჩა. მასთან ერთად ხომ არ მოკვდებოდა სასიხარულო ცნობაც? ბიბლიამ სრულიად საპირისპირო რამ იწინასწარმეტყველა: 1) სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა. 2) ამ ცნობის გავრცელება სერიოზულ წინააღმდეგობებთან იქნებოდა დაკავშირებული. 3) გამოჩნდებოდნენ ცრუ ანუ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები და მრავალს შეაცდენდნენ. ვიმსჯელოთ თითოეულ ამ წინასწარმეტყველებაზე.

სასიხარულო ცნობა უნდა გაცხადებულიყო ყველა ხალხში

წინასწარმეტყველებები:

„ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარკოზი 13:10). „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).

შესრულება: ახ. წ. 33 წელს, იესოს სიკვდილიდან მალევე მისმა მოწაფეებმა მთელი იერუსალიმი სამეფოს შესახებ ცნობით აავსეს. სასიხარულო ცნობა მათ გაავრცელეს მთელ იუდეასა და სამარიაში. ქრისტიანმა მისიონერებმა 15 წელიწადში შემოიარეს რომის იმპერიის დანარჩენი ადგილებიც. ახ. წ. 61 წლისთვის თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სასიხარულო ცნობის ხმა „დედამიწის კიდით კიდეებს“ მისწვდა.

 რას ამბობს ისტორია:

  • ახ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებული ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ქრისტიანობა პირვანდელი სახით ძალიან სწრაფად გავრცელდა. რომაელი ისტორიკოსის სვეტონიუსის თქმით, ახ. წ. 49 წლისთვის ქრისტიანობას რომში უკვე მყარად ჰქონდა ფესვები გადგმული. ახ. წ. 112 წელს ბითინიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველი პლინიუს უმცროსი იმპერატორ ტრაიანესთვის მიწერილ თავის წერილში ქრისტიანობას მოიხსენიებს, როგორც „დაავადებას, რომელიც გავრცელდა არა მარტო დამოუკიდებელ ქალაქებში, არამედ სოფლებსა და მიყრუებულ ადგილებშიც კი“. არსებული მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ ერთმა ისტორიკოსმა აღნიშნა: „მოციქულების დროიდან ასი წელიც არ იყო გასული, რომ უკვე რომის იმპერიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაჩნდა ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ადგილები“.
  • თავის წიგნში „ადრეული ეკლესია“ პროფესორი ჰენრი ჩადვიკი აღნიშნავს: „ეკლესიის გაფართოება იყო რაღაც დაუჯერებელი მოვლენების შედეგი. ერთი შეხედვით, ქრისტიანობას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა; არავინ ელოდა, რომ ის ასე ფართოდ და წარმატებით გავრცელდებოდა“.

სასიხარულო ცნობა წინააღმდეგობების პირისპირ

წინასწარმეტყველება:

„ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს, გცემენ სინაგოგებში, დაგაყენებენ გამგებელთა და მეფეთა წინაშე, მათთვის დასამოწმებლად“ (მარკოზი 13:9).

შესრულება: ქრისტიანები იდევნებოდნენ იუდეველებისა და რომაელების მიერ. მათ აპატიმრებდნენ, ციხეებში სვამდნენ, სცემდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

რას ამბობს ისტორია:

  • პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში მოიხსენიებს იესოს ძმის, იაკობის სიკვდილით დასჯას იუდეველი რელიგიური წინამძღოლების მიერ. ბიბლია მოიხსენიებს იუდეველთა უზენაესი სასამართლოს პატივდებულ წევრს, ვინმე გამალიელს, რომელმაც სინედრიონის წევრებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ იესოს მოწაფეების სიკვდილით დასჯისგან, როცა ისინი სასამართლოს წინაშე წარადგინეს (საქმეები 5:34—39). ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ იმ დროს გამალიელის სახელით ცნობილი პიროვნება ნამდვილად არსებობდა და ის გამჭრიახობითა და გონიერებით გამოირჩეოდა.
  • რომის იმპერატორები: ნერონი, დომიციანე, მარკუს ავრელიუსი და დიოკლეტიანე სასტიკად დევნიდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს

  • ისტორიკოსებისგან ვიგებთ, რომ ახ. წ. 64 წელს იმპერატორ ნერონის მმართველობისას ქრისტიანების დევნის ახალი ტალღა აგორდა, რაც მის შემდგომ არსებული იმპერატორების დროსაც გაგრძელდა. იმპერატორი ტრაიანე და პლინიუს უმცროსი ერთმანეთს წერილებს სწერდნენ იმის თაობაზე, თუ რა სასჯელი დაეწესებინათ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც არ უარყოფდნენ თავიანთ რწმენას.
  • „ნაცვლად იმისა, რომ ფარულად განეგრძოთ თავიანთი საქმიანობა, — აღნიშნავს პროფესორი ჩადვიკი, — დევნამ საპირისპირო შედეგები გამოიღო“. თავის გადასარჩენად გაქცეული ქრისტიანები სასიხარულო ცნობას სხვა ახალ ტერიტორიებზე ავრცელებდნენ (საქმეები 8:1). წინააღმდეგობების მიუხედავად, რაც ხშირად ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან ვლინდებოდა, ისინი მაინც დაჟინებით განაგრძობდნენ ქადაგებას. ეს მართლაც საოცარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესოს მოწაფეები „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ იყვნენ და არანაირად არ ერეოდნენ პოლიტიკაში (საქმეები 4:13). ისტორიკოსები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ „სახარება ყველაზე ადვილად ვრცელდებოდა . . . მედუქნეებსა და ვაჭრებს შორის“.

პირველი საუკუნის ქრისტიანების ისტორიის შესწავლისას მკვლევრები გაოცებას ვერ მალავენ, როგორ შეეძლო ადამიანთა ამ მცირე და უმნიშვნელო ჯგუფს სასტიკი დევნის მიუხედავად, ასე სწრაფად გაევრცელებინა ქრისტიანობა. მაგრამ ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა,  რომ ასეთი დაუჯერებელი მოვლენები მოხდებოდა. ბიბლიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დროებით შეჩერდებოდა.

ცრუ ქრისტიანების გამოჩენა

წინასწარმეტყველებები:

„შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30). „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას . . . მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა“ (2 პეტრე 2:1, 2).

შესრულება: ქრისტიანულ კრებაში ცრუ სწავლებები შეიტანეს ულმობელმა, ცრუ და ამბიციურმა ადამიანებმა.

რას ამბობს ისტორია:

  • იესოს პირველი მიმდევრების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში ნელ-ნელა გამოჩნდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებმაც ქრისტიანული სწავლებები ბერძნული ფილოსოფიით გაჟღინთეს. მალევე ჩამოყალიბდა მდიდარი და პოლიტიკური გავლენის მქონე სამღვდელოების კლასი. ისტორიკოსების თქმით, იმ დროისთვის ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა; პირველი ქრისტიანული კრების კვალიც კი აღარსად დარჩა.
  • ასწლეულების განმავლობაში ცრუ ქრისტიანობამ სახელი გაითქვა ძალადობითა და სიხარბით. ნაცვლად იმისა, რომ იესოს ნამდვილი მიმდევრები ყოფილიყვნენ, სამღვდელოება დევნიდა ყველას, ვინც ქრისტეს მითითებისამებრ ქადაგებდა, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობდა, ბიბლია ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამოეცა.

საუკუნეების მანძილზე ცრუ ქრისტიანობამ უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა და, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, თითქოს სასიხარულო ცნობის ქადაგება შეწყდა. მაგრამ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში სასიხარულო ცნობის ქადაგება კვლავ გაგრძელდებოდა. ეს პერიოდი მან მკას შეადარა, რომლის დროსაც ხდება სარეველას გამოცალკევება ხორბლისგან. სარეველათი წარმოდგენილნი არიან ცრუ ქრისტიანები, ხორბლით კი — ჭეშმარიტი ქრისტიანები (მათე 13:24—30, 36—43). ქვეყნიერების აღსასრულამდე სასიხარულო ცნობის ქადაგების შესახებ წინასწარმეტყველება დიდებულად შესრულდება (მათე 24:14). ის, თუ როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება განხილული იქნება მომდევნო, მეექვსე ნაწილში.