წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2012

 ახალგაზრდების შეკითხვები

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 1 | ახალგაზრდების შეკითხვები

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 1 | ახალგაზრდების შეკითხვები

„ღრუბლებში დავფრინავ, როცა ერთად ვართ! მის გარეშე არ შემიძლია!“

„ძალიან ცოტა რამ გვაქვს საერთო. ჩვენ ცოლ-ქმარი არ გვქვია, უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. თავს მარტოსულად ვგრძნობ!“

ალბათ, მიხვდი, რომ პირველი წინადადების ავტორი რომანტიკულ გრძნობებში ჩაფლული დაუქორწინებელი ახალგაზრდა გახლავს, მეორესი კი — დაქორწინებული. თუმცა იმას კი შესაძლოა ვეღარ მიხვდი, რომ ორივე სიტყვების ავტორი ერთი და იგივე ადამიანია.

შესაძლოა დღეს თუ ხვალ შენც დაქორწინდე, ამიტომ რა შეგიძლია გააკეთო საიმისოდ, რომ რომანტიკული ოცნებებიდან ხელში მხოლოდ პრობლემებით სავსე ოჯახი არ შეგრჩეს?

რეალობა: გექნება თუ არა ბედნიერი ოჯახი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ელი ქორწინებიდან.

ამ და შემდეგ ნომერში განხილული სტატიები დაგეხმარება, გქონდეს რეალური მოლოდინი ქორწინებასთან დაკავშირებით.

 რეალურად რას უნდა ელოდე?

  1. ბედნიერებას
  2. პრობლემებს
  3. მოულოდნელობებს

მოდი, ჩავუღრმავდეთ თითოეულს.

ბედნიერება

ბიბლია ქორწინებას დადებით შუქში წარმოგვიდგენს (იგავები 18:22). ვიმსჯელოთ რამდენიმე დადებით მხარეზე, რასაც ქორწინებისგან უნდა მოელოდე.

ერთმანეთის შემავსებლები. ბიბლია ამბობს, რომ ადამის, პირველი კაცის, შექმნის შემდეგ ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბადება 2:18). ღმერთმა ადამიც და ევაც უნიკალური თვისებებითა და უნარით შექმნა. ისინი განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს ავსებდნენ. ამგვარად, ცოლი და ქმარი ერთმანეთის იდეალური შემავსებლები არიან (იგავები 5:18).

თანამშრომლობა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ“ (ეკლესიასტე 4:9). ეს სიტყვები იდეალურად მიესადაგება ქორწინებას. „ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, როგორც ერთი გუნდი. თავმდაბლობა და, როცა საჭიროა, დათმობაზე წასვლა, აუცილებელია“, — ამბობს ახალდაქორწინებული ბრენდა. *

ინტიმური ურთიერთობა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქმარმა უნდა დააკმაყოფილოს ცოლის სექსუალური მოთხოვნილებები და ცოლიც ასევე უნდა მოიქცეს“ (1 კორინთელები 7:3, Common English Bible). დაქორწინებულებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ჰქონდეთ ინტიმური ურთიერთობა ერთმანეთთან ყოველგვარი წუხილისა და სინანულის გარეშე, რაც როგორც წესი, ხშირად თან სდევს ხოლმე ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირს (იგავები 7:22, 23; 1 კორინთელები 7:8, 9).

დასკვნა: ქორწინება ღვთის ძღვენია (იაკობი 1:17). თუ მიჰყვები მის დადგენილ პრინციპებს, მაშინ შეგიძლია ცხოვრებაში ღვთის აურაცხელი კურთხევის იმედი გქონდეს.

დაფიქრდი: უარყოფითი შეხედულება ხომ არ ჩამოგიყალიბდა ქორწინებაზე ცუდი მაგალითების შემხედვარეს — თუნდაც საკუთარი ოჯახის, რომელშიც აღიზარდე? თუ ასეა, მაშინ შეგიძლია ისეთ სამაგალითო ოჯახებზე იფიქრო, რომელთა მიბაძვაც ნამდვილად ღირს.

 პრობლემები

ბიბლია მოგვიწოდებს, რეალური შეხედულება გვქონდეს ქორწინებაზე (1 კორინთელები 7:28). აი, ზოგიერთი სირთულე, რასაც უნდა ელოდე:

უთანხმოებები. არც ერთი ადამიანი არ არის სრულიად იდენტური. ერთადერთი იმაში ვგავართ აბსოლუტურად ერთმანეთს, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ (რომაელები 3:23). როგორ კარგადაც არ უნდა ეწყობოდეს წყვილი ერთმანეთს, უთანხმოებები მაინც გარდაუვალია. ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამე უთხრან ერთმანეთს, რომ მერე ინანონ. „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“, — ამბობს ბიბლია (იაკობი 3:2). იმის ნაცვლად, რომ ეცადოთ, გაექცეთ ნებისმიერ უთანხმოებას, რაც არარეალურია, ჯობია პრობლემებზე საუბარი და მათი მოგვარება ისწავლოთ.

გულგატეხილობა. „დღეს საკმაოდ მომრავლდა ისეთი ფილმები და გადაცემები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ პოულობს გოგო თავის იდეალურ გულის სწორს და როგორ ცხოვრობენ ისინი ერთად ბედნიერად“, — ამბობს ერთი გოგონა, სახელად, კარენი. და როცა რეალურ ცხოვრებაში ქორწინება ისეთი იდეალური არ აღმოჩნდება, როგორც ეს რომანებსა და ფილმებშია, ცოლსაც და ქმარსაც გული უტყდება. ჩვეულებრივ, დაქორწინებული წყვილი ქორწინების მერე ახალ-ახალ უარყოფით თვისებებს აღმოაჩენს ხოლმე ერთმანეთში. ამ დროს მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ნამდვილი სიყვარული „ყველაფერს ითმენს“, გულგატეხილობასაც კი (1 კორინთელები 13:4, 7).

საზრუნავი. ბიბლია ამბობს, რომ დაქორწინებულებს „ქვეყნიური საქმეები აფიქრებთ“ (1 კორინთელები 7:33, 34). ასეთი წუხილი სავსებით ნორმალურია და საჭიროა კიდეც. მაგალითად, ოჯახს შეიძლება გაუჭირდეს აუცილებელი ხარჯების დაფარვა. ამიტომ შესაძლოა ორივეს მოუწიოს მუშაობა, რომ ოჯახს საკვების, ტანსაცმლის, ბინის ქირისა და სხვა ხარჯების დასაფარავად საკმარისი შემოსავალი ჰქონდეს. მაგრამ თუ ორივე, ცოლიც და ქმარიც, ერთ მუშტად შეიკვრება და ისე გაუძღვება ოჯახურ საქმეებს, წარმატება გარანტირებულია (1 ტიმოთე 5:8).

დასკვნა: თუ პაემნებზე სიარულს ჰაერში ფრანის გაშვებას შევადარებთ, მაშინ ქორწინება თვითმფრინავის მართვას შეგვიძლია შევადაროთ. მოსალოდნელი პრობლემების გადასალახავად უფრო მეტი ცოდნა და ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ წარმატება შესაძლებელია.

დაფიქრდი: დღეს როგორ აგვარებ უთანხმოებებს შენს მშობლებთან და საკუთარ და-ძმებთან? როცა გულგატეხილი ხარ, შეგიძლია სიტუაციას საღი თვალით შეხედო? როგორ იქცევი, როცა რაღაცაზე დარდობ?

შემდეგ ნომერში განხილული იქნება ბიბლიური პრინციპები, რომლებიც მოგამზადებს მოულოდნელობებისთვის.

^ აბზ. 17 ზოგი სახელი შეცვლილია.