არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2012

განკითხვის დღის ციებ-ცხელება

განკითხვის დღის ციებ-ცხელება

გაშინებთ მომავალზე ფიქრი? თუ დიახ, იცოდეთ, რომ თქვენსავით მრავალი უყურებს მომავალს შიშითა და ძრწოლით. ადამიანს უხსოვარი დროიდანვე კლავდა მომავლის გაგების ინტერესი და მრავალი უწინასწარმეტყველებდა კაცობრიობას შავბნელ დღეებს. განკითხვის დღე ანუ წუთისოფლის აღსასრული ათასწლეულებია ბევრს საგონებელში აგდებს.

ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრებაა გავრცელებული. კომიქსები, სატელევიზიო გადაცემები, ასობით ფილმი და ათასობით წიგნი — ყველაფერი იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ განადგურდება ჩვენი პლანეტა, როგორ შემოესევა დედამიწას არაამქვეყნიური არსებების მთელი არმია: რობოტები, ურჩხულები, უცხოპლანეტელები, ზომბები, მოჩვენებები, დრაკონები, უშველებელი ფრინველები, მუტანტი ვირთხები და უზარმაზარი კრაზანები და როგორ გაჟლეტენ ადამიანთა მთელ მოდგმას. მაგრამ, სინამდვილეში, ამგვარი ზღაპრებისა ბევრს არ სჯერა.

არსებობს სხვა მოსაზრებები და თეორიები, რომლებიც გაცილებით უფრო შემაშფოთებელია საზოგადოებისთვის. ზოგ მათგანს მეცნიერულადაც კი ხსნიან. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, დედამიწაზე ერთდროულად მოხდება ქანთა მასების გადაადგილება, რაც გამოიწვევს წამლეკავ ცუნამებს, გამანადგურებელ მიწისძვრებს და ვულკანებს. სხვა თეორია ამტკიცებს, რომ დადგება დრო, როცა პლანეტები ერთ ხაზზე განლაგდება და წარმოქმნილი მზის ქარები დედამიწაზე სიცოცხლის ყოველგვარ კვალს წაშლის. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ თითქოს დედამიწის მაგნიტური პოლუსები მოულოდნელად შეიცვლიან ადგილებს და მზიდან წამოვა რადიაციული ნაერთების დიდი ნაკადი. ეს კი, ამ თეორიის თანახმად, თითოეული ჩვენგანის აღსასრულის მომასწავებელი იქნება. მაგრამ ზედმეტად ნუ აღელდებით, არც ასეა საქმე. უფრო მეტიც: არც ერთ ზემოთქმულ თეორიას არ უწერია შესრულება! თუმცა ერთი რამ ფაქტია, ასეთი გამოგონილი თეორიები  მაინც იპყრობს ბევრის ყურადღებასა და ინტერესს.

რა შეიძლება ითქვას იმ უამრავ წიგნსა თუ ვებ-გვერდზე, რომლებიც დედამიწის აღსასრულს ამა წლის 21 დეკემბერს წინასწარმეტყველებენ? ერთ-ერთი განაცხადის თანახმად, სავარაუდოდ, პლანეტა ნიბირუ (პლანეტა X) 2012 წლის დეკემბერში დედამიწას დაეჯახება. ეს და სხვა ასეთი მეცნიერულად დაუსაბუთებელი თეორიები მაიას ტომის უძველეს კალენდარს ეფუძნება, რომელიც, ზოგიერთი მოსაზრებით, 2012 წლის ზამთრის მზებუდობით მთავრდება.

საქმე იმაშია, რომ ზოგმა დაიჯერა ამგვარი თეორიები და შესაბამისი ზომებიც მიიღო. ბევრმა სახლის უკანა ეზოში თავშესაფარი აიშენა, სხვებმა კი საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს, რათა მიწისქვეშა თავშესაფრებში ოთახები დაეჯავშნათ. ზოგი საზოგადოებასაც კი მოწყდა და მთებში გაიხიზნა. მათ უარი თქვეს ყველანაირ კომუნალურ მომსახურებაზე: გათბობაზე, ელექტროენერგიაზე და ასე შემდეგ.

და მაინც, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ ამ თეორიების. ისინი უარყოფენ მოსაზრებას წუთისოფლის აღსასრულის შესახებ. მაგალითად, ნასას მეცნიერები ასეთ რამეს აცხადებენ: „2012 წელს დედამიწას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ჩვენი პლანეტა 4 მილიარდ წელზე მეტია, რაც არსებობს და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, ამ წელს არანაირი კატასტროფა არ არის მოსალოდნელი“.

თუმცა არ იქნებოდა მთლად სწორი, გვეფიქრა, რომ კაცობრიობას წინ არანაირი საშიშროება არ ელის. არც ის იქნებოდა სწორი, მიამიტ და გულუბრყვილო ადამიანებად ჩაგვეთვალა ისინი, ვისაც სჯერა განკითხვის დღის. დადგება ნამდვილად განკითხვის დღე? თუ დადგება, როგორ მოხდება ეს და როდის?