წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2012

 ბიბლიის თვალსაზრისი

აუცილებელია, ადამიანი რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდეს?

აუცილებელია, ადამიანი რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდეს?

თუ რომელიმე რელიგიის წევრი იყავით, მაგრამ რაღაცის გამო გული გაგიტყდათ და დატოვეთ ეს რელიგია, ან უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რელიგია არ არის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, იცოდეთ, რომ თქვენ არა ხართ ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს. სინამდვილეში მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ საჭირო არ არის რომელიმე რელიგიაში ყოფნა, არნახული მასშტაბით იზრდება.

ზოგი ტოვებს რელიგიას და უარს ამბობს ამა თუ იმ რელიგიაში გაერთიანებაზე, რადგან მიაჩნია, რომ რელიგიები სავსეა თვალთმაქცობითა და შეუწყნარებლობით. სხვებისთვის თავიანთ რელიგიაში არსებული წესების დაცვა აღმოჩნდა ზედმეტად რთული. ზოგის აზრით, რელიგია ნამდვილად ვერ ასრულებს შუამავლის როლს ღმერთსა და ადამიანებს შორის და ამიტომ არ არის საჭირო რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდე. საინტერესოა, რას გვეუბნება ბიბლია?

ძველ დროში მცხოვრები ღვთის მეგობრები

ბიბლიაში ნათლად არის აღწერილი, თაყვანისმცემლობის როგორ ფორმას მიჰყვებოდნენ ძველ დროში მცხოვრები პატრიარქები: აბრაამი, ისაკი და იაკობი. მაგალითად, ერთხელ ღმერთმა თქვა: „იმიტომ დავუახლოვდი მას [აბრაამს], რომ უბრძანოს თავის ძეებსა და სახლეულობას, რომელიც მის შემდეგ იქნება, დაიცვან იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად“ (დაბადება 18:19). აბრაამი ღვთის მეგობარი იყო და, შესაბამისად, ახლო, პირადი ურთიერთობა ჰქონდა შემოქმედთან. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ის ღმერთს თაყვანს თავის სახლეულობასთან ერთად სცემდა. იმავეს თქმა შეიძლება სხვა პატრიარქებზეც, რომლებიც ასევე ღვთის მეგობრები იყვნენ; თუმცა ღმერთს თაყვანს თავიანთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მსახურებთან ერთადაც სცემდნენ.

მოგვიანებით ღმერთი ებრაელი ერისგან, შემდეგ კი პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისგან მოითხოვდა, რომ თაყვანისცემისთვის ერთად შეკრებილიყვნენ (ლევიანები 23:2, 4; ებრაელები 10:24, 25). ასეთ შეხვედრებზე შეკრებილები მღეროდნენ, წმინდა წერილებს კითხულობდნენ და ლოცულობდნენ (ნეემია 8:1—8; კოლოსელები 3:16). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ შეხვედრებს გამოცდილ მამაკაცთა ჯგუფები ხელმძღვანელობდნენ (1 ტიმოთე 3:1—10).

რატომ არის სასარგებლო ერთად შეკრება?

ზემოთ მოყვანილი ბიბლიური შემთხვევებიდან გამომდინარე, გონივრულია დავასკვნათ: ღმერთი დღესაც მოელის, რომ მისი მეგობრები ერთად შეიკრიბებიან და მას ორგანიზებულად სცემენ თაყვანს. ერთად შეკრებას და ღვთის თაყვანისცემას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია.

მაგალითად, ბიბლია ერთ შემთხვევაში ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს ადარებს ვიწრო გზაზე მავალ კაცს, მეორე შემთხვევაში კი — შეჯიბრებაში მონაწილე მორბენალს (მათე 7:14; 1 კორინთელები 9:24—27). როდესაც მორბენალი გრძელ და რთულ გზაზე მირბის, ადვილად შესაძლებელია, დაიღალოს და სირბილი შეწყვიტოს. მაგრამ თუ ამხნევებენ, სტიმული ეძლევა და იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებს, ვიდრე ფიქრობდა. ანალოგიურად, იმ ადამიანს, რომელსაც სურს, ღმერთს სწორი სახით სცეს თაყვანი, პრობლემების დროსაც არ გაუჭირდება ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნება, თუ გვერდით ეყოლება თანამორწმუნეები, რომლებიც მას გაამხნევებენ.

 სწორედ ასე აიხსნება ებრაელების 10:24, 25-ში ჩაწერილი სიტყვები: „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“. წმინდა წერილები ცალსახად აღნიშნავს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღმერთს გაერთიანებულად უნდა სცემდნენ თაყვანს, როგორც ერთი სხეული. ისინი და-ძმებივით უნდა იყვნენ.

ყველა რელიგია უნდა უარყოს ადამიანმა?

ბიბლია ამბობს, რომ კრება, როგორც ერთი სხეული, სიყვარულისა და მშვიდობის კავშირით უნდა იყოს გაერთიანებული. მაგალითად, ეფესოელების 4:2, 3 ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, მოიქცნენ „სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდნენ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“. როგორ შეძლებს ადამიანი ამ მუხლში ჩაწერილი რჩევის მიყოლას, თუ ყველასგან განცალკევებით, მარტო სცემს ღმერთს თაყვანს?

ღმერთს სურს, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა არ გაწყვიტონ კავშირი სულიერად მოაზროვნე ადამიანებთან და მჭიდრო, ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ თანამორწმუნეებთან. ბიბლია ღვთის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, რომ ერთი აზრი ჰქონდეთ, მოერიდონ დაყოფებს და „გაერთიანებულნი იყვნენ გონებითა და აზრით“ (1 კორინთელები 1:10). ღმერთს რომ ნდომოდა, ადამიანებს განცალკევებით ეცათ მისთვის თაყვანი, მაშინ ამ სიტყვების თქმას არანაირი აზრი არ ექნებოდა.

ბიბლიიდან აშკარად გამოჩნდა ერთი რამ: ღვთისთვის მისაღებია, რომ ხალხმა მას გაერთიანებულად და ორგანიზებულად სცეს თაყვანი. ის ორგანიზებული რელიგია, რომელიც წმინდა წერილებშია აღწერილი და რომელსაც ღმერთი უჭერს მხარს, უნდა უკმაყოფილებდეს ადამიანს სულიერ მოთხოვნილებებს (მათე 5:3).

მართალია, დღეს ბევრი რელიგიაა დამნაშავე თაღლითობაში, პირმოთნეობასა და სისასტიკეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ყველა რელიგიაზე უარი თქვას. რეალურად უნდა არსებობდეს დედამიწაზე რელიგია, რომელიც ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულს გამოავლენს — რელიგია, რომელიც ხალხს ღვთის პრინციპებს ასწავლის. ასეთ ორგანიზებულ რელიგიას შეუძლია ადამიანს ნამდვილი რწმენის განვითარებაში დაეხმაროს. საბედნიეროდ, ბიბლიაში წერია ის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობის ფორმა.

 

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია რელიგიის შესახებ?

ბიბლია გვიხსნის, რატომ არსებობს ამდენი რელიგია.

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? განიხილე ჭეშმარიტი რელიგიის 5 ამოსაცნობი ნიშანი.