წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

 მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი

ბიბლია გადაურჩა განადგურებას

ბიბლია გადაურჩა განადგურებას

რა საფრთხე ემუქრებოდა: ბიბლიის დამწერები და გადამწერები ტექსტს, ძირითადად, პაპირუსსა და პერგამენტზე წერდნენ * (2 ტიმოთე 4:13). რატომ არსებობდა დიდი საშიშროება, რომ ამ საწერ მასალაზე დაწერილი ბიბლიის ტექსტი დროთა განმავლობაში დაკარგულიყო?

პაპირუსი ადვილად ცვდება, ხუნდება და იხევა. ეგვიპტოლოგები რიჩარდ პარკინსონი და სტეფან კუერკი აღნიშნავენ: „დროის სვლასთან ერთად პაპირუსის ქაღალდის ბოჭკოები ისე შეიძლება დაიშალოს, რომ მისგან ერთი მუჭა მტვერიღა დარჩეს; ნესტიან ადგილას შენახული ეს საწერი მასალა დაობდეს ან დალპეს კიდეც, მიწაში ჩამარხულ გრაგნილებს კი მღრღნელებმა და მწერებმა, განსაკუთრებით ტერმიტებმა, მოუღონ ბოლო“. მაგალითად, აღმოჩენის შემდეგ პაპირუსზე შესრულებული ზოგიერთი ისედაც დაზიანებული ხელნაწერი ნესტმა და სინათლემ კიდევ უფრო გააფუჭა.

პერგამენტი პაპირუსზე გაცილებით გამძლე მასალაა, თუმცა არასათანადო კლიმატურ პირობებში, მაგალითად ნესტიან ან ნათელ ადგილას, შესაძლოა ისიც დაზიანდეს. * პაპირუსის მსგავსად, პერგამენტს მწერებიც უქმნიან საფრთხეს. აქედან გამომდინარე, როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, „უძველესი ხელნაწერები რომ დღემდე შემოინახა, გამონაკლისი უფროა, ვიდრე კანონზომიერება“ (Everyday Writing in the Graeco-Roman East). თუ ის მასალა, რომელზეც ბიბლიის ტექსტი დაიწერა, განადგურდებოდა, მაშინ ბიბლიური ცნობაც უკვალოდ გაქრებოდა.

როგორ მოაღწია ჩვენამდე: ისრაელის მეფეები ვალდებულნი იყვნენ, გადაეწერათ კანონი, რომელშიც ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი შედიოდა (კანონი 17:18). გარდა ამისა, არსებობდნენ დახელოვნებული გადამწერები, რომლებმაც იმდენი ხელნაწერი დაამზადეს, რომ ახ. წ. I საუკუნეში არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შორეული მაკედონიის სინაგოგებშიც კი ინახებოდა (ლუკა 4:16, 17; საქმეები 17:11). როგორ მოაღწია ჩვენამდე ზოგიერთმა უძველესმა ხელნაწერმა?

გამოქვაბულში, თიხის ჭურჭელში შენახულმა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა, რომლებიც მშრალ კლიმატურ რეგიონში აღმოაჩინეს, საუკუნეებს გაუძლო

„ებრაელები გრაგნილებს თიხის დოქებსა და ქილებში ინახავდნენ, რათა ადვილად არ დაზიანებულიყო“, — აღნიშნავს ფილიპ კომფორტი, რომელიც „ახალ აღთქმას“ შეისწავლის. როგორც ჩანს, ქრისტიანებიც მათ კვალს მიჰყვნენ. ამიტომ იმ რეგიონებში, სადაც შედარებით მშრალი კლიმატია, ბიბლიის ზოგი უძველესი ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა თიხის ქილებში, საკუჭნაოებსა და გამოქვაბულებში.

შედეგი: დღეს ჩვენამდე მოაღწია ბიბლიის ათასობით ხელნაწერის ფრაგმენტმა, რომელთაგანაც ზოგი 2 000 წელზე მეტს ითვლის. ამდენი რაოდენობით დღემდე არც ერთი უძველესი ნაშრომის ხელნაწერი არ შემონახულა.

^ აბზ. 3 პაპირუსი არის საწერი მასალა, რომელსაც ამავე სახელწოდების მქონე წყლის მცენარისგან ამზადებდნენ, პერგამენტს კი — ცხოველის ტყავისგან.

^ აბზ. 5 მაგალითად, პერგამენტზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტი — ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია — რომელიც დაახლოებით 250 წელს ითვლის, იმდენად გახუნდა და გაიცრიცა, რომ თითქმის შეუძლებელია მასზე დაწერილი ტექსტის წაკითხვა.