წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

მასორეტები დიდი სიფრთხილით იწერდნენ ბიბლიის ტექსტს

 მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი

ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია

ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია

რა საფრთხე ემუქრებოდა: ბიბლიას ვერაფერი დააკლო ვერც ჟამთა სვლამ და ვერც მისმა დაუძინებელმა მტრებმა. თუმცა ზოგ გადამწერსა და მთარგმნელს ჰქონდათ მცდელობა, შეეცვალათ მასში ჩაწერილი ცნობა. მათ სურდათ, ბიბლია თავიანთი სწავლებებისთვის მოერგოთ და არა — პირიქით. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

  • თაყვანისმცემლობის ადგილი: ძვ. წ. IV—II საუკუნეებში სამარიული ხუთწიგნეულის დამწერებმა გამოსვლის 20:17-ს დაუმატეს ასეთი სიტყვები: „ . . . გერიზიმის მთაზე უნდა ააგო სამსხვერპლო“. ამგვარად სამარიელები იმედოვნებდნენ, რომ მათ უკვე ბიბლიური საფუძველი ექნებოდათ გერიზიმის მთაზე ტაძრის ასაგებად.

  • სამების მოძღვრება: ბიბლიის წერის დასრულებიდან 300 წელიც არ იყო გასული, რომ ერთმა სამების მოძღვრების მომხრემ 1 იოანეს 5:7-ს ასეთი სიტყვები დაამატა: „ . . . ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). თუმცა დედნისეულ ტექსტში ეს სიტყვები არ წერია. როგორც ბიბლეისტი ბრუს მეცგერი აღნიშნავს, „VI საუკუნიდან მოყოლებული ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად გვხვდება წმინდა წერილების ძველ ლათინურ ხელნაწერებსა და [ლათინურ] ვულგატაში“.

  • ღვთის სახელი: ბევრმა მთარგმნელმა გადაწყვიტა, მიჰყოლოდა ებრაელთა ცრურწმენას და ღვთის სახელი ამოეღო წმინდა წერილებიდან. მათ ღვთის სახელი ჩაანაცვლეს ტიტულებით „ღმერთი“ და „უფალი“, თუმცა ეს ტიტულები ბიბლიაში გამოყენებულია არა მხოლოდ შემოქმედთან, არამედ ადამიანებთან, ცრუთაყვანისმცემლობის საგნებთან და ეშმაკთან მიმართებითაც კი (იოანე 10:34, 35; 1 კორინთელები 8:5, 6; 2 კორინთელები 4:4). *

როგორ მოაღწია ჩვენამდე: მართალია, ბიბლიის ზოგი გადამწერი ამ საქმეს დაუდევრად ეკიდებოდა ან განზრახ ცვლიდა ტექსტს, მაგრამ, საბედნიეროდ, ბევრი მათგანი თავის საქმეში დახელოვნებული იყო და გადაწერის დროს დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ახ. წ. VI—X საუკუნეებში ებრაული წერილების ასლებს მასორეტები აკეთებდნენ, რომლებიც დღეს მასორული ტექსტის სახელითაა  ცნობილი. ისინი შეცდომების თავიდან არიდების მიზნით ტექსტში სიტყვებსა და ასოებს ითვლიდნენ; როდესაც შეცდომებს პოულობდნენ, შენიშვნებს არშიაზე აკეთებდნენ. მასორეტები თვითნებურად არ ცვლიდნენ ბიბლიის ტექსტს. პროფესორი მოშე გოშენ-გოტსტაინი აღნიშნავს: „ისინი თვლიდნენ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულს ჩაიდენდნენ, თუ მიზანმიმართულად შეიტანდნენ ტექსტში ცვლილებებს“.

დღეს ბიბლიის უამრავი ხელნაწერი მკვლევრებს უადვილებს, მასში უზუსტობები აღმოაჩინონ. მაგალითად, რელიგიური წინამძღოლები საუკუნეების განმავლობაში არწმუნებდნენ ხალხს, რომ ლათინური თარგმანები ზუსტად შეესაბამებოდა დედნისეულ ტექსტს, მიუხედავად იმისა, რომ 1 იოანეს 5:7-ში უკვე ჩამატებული ჰქონდათ ზემოხსენებული მცდარი სიტყვები. ეს დამახინჯებული აზრი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინგლისურ ბიბლიაში, „მეფე ჯეიმზის თარგმანშიც“, გაიპარა. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სხვა ხელნაწერებიც აღმოაჩინეს, ყველაფერს ნათელი მოეფინა. ბიბლეისტმა ბრუს მეცგერმა დაწერა: „[1  იოანეს 5:7-ში ჩამატებული] მონაკვეთი ლათინურის გარდა, არც ერთ უძველეს ხელნაწერში (სირიული, კოპტური, სომხური, ეთიოპური, არაბული და სლავური) არ გვხვდება“. ამიტომ „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ და ბიბლიის სხვა გადამუშავებული თარგმანებიდან ამოიღეს ყველა დამატებული ფრაზა.

ახ. წ. 200 წლით დათარიღებული ჩესტერ ბიტის პაპირუსი (P-46)

ამტკიცებს უძველესი ხელნაწერები, რომ ბიბლიურმა ცნობამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია? 1947 წელს, როდესაც მკვდარი ზღვის ხელნაწერები აღმოაჩინეს, სწავლულებს შესაძლებლობა მიეცათ, ეს გრაგნილები მასორეტების მიერ ზედმიწევნით გადაწერილ ებრაულ ტექსტთან შეედარებინათ. აღსანიშნავია, რომ მკვდარი ზღვის ხელნაწერები მასორული ტექსტის შედგენამდე ათასზე მეტი წლის წინათ გაკეთდა. მკვდარი ზღვის ხელნაწერების შემსწავლელმა ერთმა სპეციალისტმა დაასკვნა, რომ „ერთი გრაგნილის შესწავლაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ებრაელი გადამწერები დიდი სიზუსტითა და სიფრთხილით იწერდნენ ბიბლიის ტექსტს“.

დუბლინში (ირლანდია), ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში ინახება პაპირუსზე შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თითქმის ყველა ხელნაწერი; მათ შორისაა ახ. წ. II საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები, რომლებიც ბიბლიის წერის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ გაკეთდა. ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნულია: „გარდა იმისა, რომ ეს პაპირუსები ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტექსტის შესახებ, ისინი იმაზეც მოწმობენ, რომ გადამწერები ბიბლიურ ტექსტს დიდი სიზუსტით იწერდნენ“ (The Anchor Bible Dictionary).

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“

შედეგი: ვერც წლებმა და ვერც ხელნაწერების სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ბიბლიურ ცნობას, პირიქით, ამის წყალობით მან უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე. სწავლულმა ფრედერიკ კენიონმა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებით აღნიშნა: „სხვა არც ერთ უძველეს წიგნს არ გააჩნია ასეთი სარწმუნო და მდიდარი მტკიცებულებები და ვერც ერთი ობიექტური სწავლული ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ჩვენს ხელთ არსებული ბიბლიის ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს“. ებრაული წერილების შესახებ კი ბიბლეისტმა უილიამ ჰენრი გრინმა დაწერა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“.

^ აბზ. 6 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“, გვერდები 1—11; აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org.

გაიგეთ მეტი

მათ „ღვთის წმინდა სიტყვების“ თარგმნის პატივი ხვდათ წილად — რომაელები 3:2

იეჰოვას მოწმეები წლების მანძილზე ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებს იყენებდნენ. რატომ თარგმნეს მათ ბიბლია თანამედროვე ინგლისურ ენაზე?

რატომ გამოსცეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?

რით გამოირჩევა ბიბლიის ეს თარგმანი სხვა დანარჩენისგან?