წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

არაერთი მარცხის მიუხედავად, ვძლიე საკუთარ თავს!

არაერთი მარცხის მიუხედავად, ვძლიე საკუთარ თავს!
  • დაბადების წელი: 1953

  • ქვეყანა: ავსტრალია

  • წარსულში: ჩვევად ჰქონდა პორნოგრაფიის ყურება

მოკლე ბიოგრაფია:

1949 წელს მამაჩემი გერმანიიდან ავსტრალიაში გადასახლდა. მას სურდა, სამთო-სამრეწველო ან ენერგომწარმოებელ კომპანიაში ემუშავა, ამიტომ ვიქტორიას შტატის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. სწორედ იქ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი და დაქორწინდნენ.

რამდენიმე წელიწადში დედაჩემმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ამიტომ ბიბლიური სწავლებები ბავშვობიდან ჩამებეჭდა გონებაში. მამაჩემს რელიგიის ხსენებაც არ უნდოდა. ის ძალიან აგრესიული კაცი იყო, რის გამოც დედაჩემს ეშინოდა მისი. დედა უჩუმრად სწავლობდა ბიბლიას და თანდათან რწმუნდებოდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. როცა სახლში მარტოები ვიყავით, ნასწავლს მე და ჩემს დასაც გვიზიარებდა. ის გვიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცეოდა დედამიწა სამოთხედ და რა ბედნიერებას მოგვიტანდა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება (ფსალმუნი 37:10, 29; ესაია 48:17).

18 წლისა იძულებული გავხდი, მამაჩემის აუტანელი ხასიათის გამო სახლიდან წავსულიყავი. მართალია, მჯეროდა, რაც დედაჩემმა ბიბლიიდან მასწავლა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მესმოდა მისი ფასი. შესაბამისად, ვერც ნასწავლის თანახმად ვცხოვრობდი. მალე ქვანახშირის საბადოში ელექტრიკოსად დავიწყე მუშაობა; 20 წლის ასაკში კი დავქორწინდი. სამ წელიწადში ქალიშვილი შეგვეძინა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რა იყო ცხოვრებაში მთავარი. მივხვდი, რომ ბიბლია საუკეთესო დახმარებას გაგვიწევდა, ამიტომ ერთ-ერთ იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მაგრამ ჩემი ცოლი იეჰოვას მოწმეებს დასანახად ვერ იტანდა. ერთხელ, როცა კრების შეხვედრიდან დავბრუნდი, მან ულტიმატუმი წამიყენა — ან ბიბლიის შესწავლაზე უნდა მეთქვა უარი, ან ოჯახზე. ოჯახი ძალიან მიყვარდა, რის გამოც იეჰოვას მოწმეებთან კავშირი გავწყვიტე. თუმცა მოგვიანებით ვინანე.

ერთ დღესაც თანამშრომლებმა პორნოგრაფიას მაყურებინეს. ნანახმა მიმიზიდა, თუმცა ამავდროულად, ზიზღიც გამოიწვია ჩემში; თავიდან დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა. იქიდან გამომდინარე, რაც ბიბლიიდან მქონდა ნასწავლი, ვფიქრობდი, რომ ამის გამო ღმერთი დამსჯიდა. მაგრამ რაც უფრო ხშირად ვუყურებდი უხამს სცენებს, მით უფრო ნაკლებად მაწუხებდა სინდისი. ბოლოს იქამდე მივედი, რომ პორნოგრაფიის ყურება ჩვევად მექცა.

20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ათას სისულელეს ჩავდიოდი და საერთოდ აღარ ვფიქრობდი იმ ფასეულობებზე, რაც დედაჩემმა ბავშვობაში ჩამინერგა. ჩემი უზნეო ცხოვრების წესი ცხადყოფდა, თუ სინამდვილეში  რით ვკვებავდი გონებას. პირიდან მხოლოდ უხამსი სიტყვები ამომდიოდა; მომწონდა უწმაწურ თემებზე ხუმრობა და დროთა განმავლობაში სექსზე დამახინჯებული შეხედულება ჩამომიყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მყავდა, ქალებში მაინც დავდიოდი. ერთხელ, როდესაც სარკეში ვიყურებოდი, მივხვდი, რომ საკუთარი თავი მეზიზღებოდა და თავმოყვარეობა საერთოდ მქონდა დაკარგული.

ამის გამო ცოლი დამშორდა და ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. ლოცვაში იეჰოვას მთელი გულით ვთხოვე, დამხმარებოდა. მართალია, თითქმის 20 წლის წინ შევწყვიტე ბიბლიის შესწავლა, მაგრამ გადავწყვიტე, კვლავ განმეახლებინა. ამ პერიოდში მამაჩემიც დაიღუპა, დედაჩემმა კი თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ჩემი ცხოვრების წესი და ის, რასაც ბიბლია ასწავლიდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა. თუმცა ამჯერად გადაწყვეტილი მქონდა, ბიბლიის დახმარებით ძირეული ცვლილებები მომეხდინა, რათა შინაგანი სიმშვიდე მეგრძნო. თავიდან მიზნად დავისახე, გადავჩვეოდი ბილწსიტყვაობას და მეკონტროლებინა ფიცხი ხასიათი. აგრეთვე გადავწყვიტე, მიმეტოვებინა უზნეო ცხოვრების წესი, ალკოჰოლის გადამეტებულად სმა და აზარტული თამაშები; მინდოდა, სამსახურშიც პატიოსნად მოვქცეულიყავი და აღარც ჩემი უფროსისთვის მომეპარა რამე.

ჩემს თანამშრომლებს ვერ გაეგოთ, რატომ მსურდა ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა. მთელი 3 წლის მანძილზე რას აღარ აკეთებდნენ, რომ ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი. თუ ზოგჯერ მდგომარეობიდან გამოვიდოდი ან უწმაწური სიტყვა წამომცდებოდა, სიხარულით წამოიძახებდნენ ხოლმე: „ძველი ჯო დაგვიბრუნდა!“. მათი სიტყვები გულზე მხვდებოდა. სამწუხაროდ, საკუთარ თავთან ბრძოლაში არაერთხელ დავმარცხდი.

ჩემი სამუშაო ადგილი სავსე იყო პორნოგრაფიული სურათებით. თანამშრომლები კომპიუტერის მეშვეობით მიგზავნიდნენ უხამს ფოტოებს, რასაც ერთ დროს მეც ვაკეთებდი. მინდოდა, თავი დამეღწია ამ მავნე ჩვევისთვის, მაგრამ ისინი გამუდმებით ცდილობდნენ ჩემ ცდუნებას. დახმარებისთვის მას მივმართე, ვინც ბიბლიას მასწავლიდა. მან მოთმინებით მომისმინა, როცა ჩემი გულისტკივილი გავუზიარე და ბიბლიის მეშვეობით დამანახვა, როგორ დამეძლია ეს მავნე მიდრეკილება; აგრეთვე მირჩია, გამუდმებით მეთხოვა იეჰოვასთვის დახმარება (ფსალმუნი 119:37).

ერთხელ თანამშრომლები შევკრიბე და ვუთხარი, რომ ორი მათგანისთვის, რომლებიც ალკოჰოლიკები იყვნენ, ლუდი დაესხათ. თანამშრომლებმა გააპროტესტეს: „ამას ვერ გავაკეთებთ; ისედაც საკუთარ თავს ებრძვიან, რომ სმას გადაეჩვიონ“. ამაზე ვუპასუხე: „მეც მათსავით ვებრძვი საკუთარ თავს“. ისინი როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მინდოდა, პორნოგრაფიის ყურებას გადავჩვეოდი; მას შემდეგ მეტად აღარ უცდიათ ჩემი ცდუნება.

დროთა განმავლობაში ღმერთის დახმარებით დავძლიე ეს მავნე ჩვევა. 1999 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. მადლიერი ვარ, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა, აზრიანი ცხოვრება დამეწყო და ნამდვილი ბედნიერება განმეცადა.

ახლა კარგად მესმის, რატომ სძულს იეჰოვას ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში თავს ვერ ვანებებდი. მას, როგორც მოსიყვარულე მამას, სურდა, დავეცავი იმ ზიანისგან, რაც პორნოგრაფიის ყურებას მოჰყვება. მართლაც რომ სიმართლეს შეესაბამება იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.“ ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების გათვალისწინება არა მხოლოდ გვიცავს, არამედ ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს და აზრიანს ხდის (ფსალმუნი 1:1—3).

კურთხევები:

წარსულში საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ახლა კი შინაგანი სიმშვიდე და ღირსების გრძნობა დამიბრუნდა. დღეს ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ვეწევი; ვგრძნობ, რომ იეჰოვამ მაპატია და გვერდში მიდგას. 2 000 წელს დავქორწინდი შესანიშნავ ქრისტიან ქალზე, კაროლინაზე, რომელსაც იეჰოვა ჩემსავით ძლიერ უყვარს. ჩვენს ოჯახში სრული იდილია სუფევს. დიდ პატივად ვთვლით, მივეკუთვნებოდეთ მოსიყვარულე მსოფლიო საძმოს, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ.

გაიგეთ მეტი

როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლებს უფასოდ ატარებენ. გაიგეთ, როგორ ხდება ეს.

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!

სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ, არ აჰყვეთ ცდუნებას.