წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 3, 2016

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ვისწავლე ქალებისა და საკუთარი თავის პატივისცემა

ვისწავლე ქალებისა და საკუთარი თავის პატივისცემა
  • დაბადების წელი: 1960

  • ქვეყანა: საფრანგეთი

  • წარსულში: ნარკომანი; ქალებს არაფრად აგდებდა

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მიულუზის ერთ ღარიბ უბანში. ჩვენს უბანში ხშირი იყო ჩხუბი და ძალადობა. მახსოვს, სახლებიდან მუდამ წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა. ჩვენს ოჯახში მამაკაცები ქალებს არაფრად აგდებდნენ და მათ იშვიათად ელაპარაკებოდნენ. მასწავლიდნენ, რომ ქალის საქმე მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი და ქმარ-შვილზე ზრუნვა იყო.

მძიმე ბავშვობა მქონდა. მამაჩემი სმას იყო გადაყოლილი, რის გამოც 10 წლის რომ ვიყავი, გარდაიცვალა. ხუთი წლის შემდეგ ჩემმა ერთ-ერთმა უფროსმა ძმამ თავი მოიკლა. იმავე წელს ერთი საშინელების შემსწრეც გავხდი; დავინახე, როგორ მოკლა ჩემმა მეზობელმა საკუთარი ოჯახის წევრი ჩხუბის დროს, რამაც შოკში ჩამაგდო. ოჯახში დანისა და იარაღის ხმარებას მასწავლიდნენ, რათა ჩხუბის დროს შემძლებოდა მათი გამოყენება. ამ ყველაფრით დაბნეულმა და გაოგნებულმა მთელი სხეულის ტატუთი მოხატვა დავიწყე და სმას მივყავი ხელი.

16 წლისა დღეში უკვე 10—15 ბოთლ ლუდს ვსვამდი. ნარკოტიკსაც მალე გავუსინჯე გემო. ამ ყველაფრისთვის ფული რომ მეშოვა, რა არ გამიკეთებია — ხან ჯართს ვაბარებდი, ხან ვქურდობდი. 17 წლისამ სასჯელის მოხდაც მოვასწარი. მთლიანობაში ძალადობისა და ქურდობისთვის 18-ჯერ ვიჯექი ციხეში.

20 წელს რომ გადავაბიჯე, სულ მთლად ავიღე თავზე ხელი. დღეში თითქმის 20 ღერ მარიხუანას ვეწეოდი, ვიღებდი ჰეროინსა და სხვა აკრძალულ გამაბრუებელ საშუალებებს. დიდი დოზის გამო რამდენჯერმე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მოგვიანებით ნარკოტიკების გასაღება დავიწყე, რის გამოც მუდამ თან მქონდა დანა და იარაღი. ერთხელ კაცის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ საბედნიეროდ, ტყვია მისმა ქამრის ბალთამ აისხლიტა. 24 წლის ასაკში დედაც გარდამეცვალა, რამაც უფრო გამაბოროტა. ქუჩაში ჩემ დანახვაზე ხალხი შიშისგან გზიდან გადადიოდა. ჩხუბის გამო შაბათ-კვირას ხშირად ან პოლიციის განყოფილებაში ვხვდებოდი, ან საავადმყოფოში.

28 წლის ასაკში დავქორწინდი. ალბათ, ხვდებით, რომ არც ჩემს ცოლს დაადგებოდა კარგი დღე ჩემს ხელში. მას უპატივცემულოდ ვექცეოდი, ვამცირებდი და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვაყენებდი. საქმეში არასდროს ვეხმარებოდი. ვფიქრობდი, თუ მოპარული სამკაულებით ავავსებდი, ეს მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით მოულოდნელი რამ მოხდა: ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. პირველივე შესწავლის შემდეგ მან სიგარეტი გადააგდო, უარი თქვა მოპარულ ფულზე და ნაქურდალი სამკაულები უკან დამიბრუნა. ამის გამო გავცოფდი და სასტიკად ავუკრძალე მოწმეებთან კონტაქტი. საშინლად ვექცეოდი: სიგარეტის კვამლს სახეში  ვაბოლებდი და მეზობლების წინაშე სასაცილოდ ვიგდებდი.

ერთ საღამოს ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ სახლში ხანძარი გავაჩინე. ჩემმა ცოლმა მე და ჩვენი ხუთი წლის გოგონა სიკვდილს გადაგვარჩინა. როცა გამოვფხიზლდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთი არასოდეს მაპატიებდა. მახსოვს, ერთხელ მღვდელმა თქვა, ბოროტები ჯოჯოხეთში მიდიანო. ფსიქიატრმაც მითხრა, რომ ჩემთვის ყველაფერი დამთავრებული იყო და ჩემს ცოდვებს ვერაფრით გამოვისყიდდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ხანძრის შემდეგ საცხოვრებლად სიდედრ-სიმამრთან გადავედით. როცა მოწმეებმა ჩემი ცოლი მოინახულეს, ვკითხე, შეეძლო თუ არა ღმერთს, რომ ჩემთვის ყველა ცოდვა ეპატიებინა. მათ ბიბლიიდან 1 კორინთელების 6:9—11 მუხლები წამიკითხეს. ამ მუხლებში საუბარია იმ საქმეებზე, რასაც ღმერთი არ იწონებს, თუმცა იქვე ნათქვამია: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ შემეძლო შევცვლილიყავი. შემდეგ მოწმეებმა 1 იოანეს 4:8 წამიკითხეს და მითხრეს, რომ ღმერთს ვუყვარდი. გახარებულმა ვთხოვე, ჩემთვის ბიბლიის შესწავლა კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ. მალევე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაც დავიწყე. იეჰოვას ხშირად მივმართავდი ლოცვით.

შესწავლის დაწყებიდან ერთ თვეში გადავწყვიტე, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს შევშვებოდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა. ღამის კოშმარები და თავის ტკივილები მტანჯავდა, კრუნჩხვებში ვვარდებოდი და ვებრძოდი ეგრეთ წოდებულ ლომკებს. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ჩემ გვერდით იყო და მაძლიერებდა. მეც იმავეს განვიცდიდი, რასაც მოციქული პავლე, რომელმაც თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). დროთა განმავლობაში სიგარეტის მოწევაც შევწყვიტე (2 კორინთელები 7:1).

ბიბლია მხოლოდ ცხოვრების მოწესრიგებაში კი არა, ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დამეხმარა. მეუღლეს უწინდებურად უხეშად აღარ ვექცეოდი. უფრო მეტი პატივისცემით ვეპყრობოდი და მასთან ისეთი სიტყვების გამოყენება დავიწყე, როგორიცაა, „გთხოვ“ და „მადლობა“. ჩემს ქალიშვილსაც ღირსეულ მამობას ვუწევდი. ბიბლიის შესწავლიდან ერთ წელიწადში გადავწყვიტე, ჩემი ცოლის მსგავსად, იეჰოვასთვის მიმეძღვნა თავი და მოვნათლულიყავი.

კურთხევები:

დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებამ სიცოცხლე შემინარჩუნა. ჩემი ნათესავებიც კი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, აღიარებენ, რომ არა იეჰოვა, ან ნარკოტიკები მომკლავდა, ან ჩხუბში შემოვაკვდებოდი ვინმეს.

დღეს ჩვენს ოჯახში სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევს, რადგან ბიბლიამ ნათლად დამანახვა ჩემი, როგორც ქმრისა და მამის მოვალეობები (ეფესოელები 5:25; 6:4). ახლა საქმეებს ოჯახი ერთად ვაკეთებთ. დღეს აღარ ვფიქრობ, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, პირიქით, ჩემს მეუღლეს სიამოვნებით ვეხმარები, რომ იეჰოვას სრული დროით ემსახუროს. ის კი, თავის მხრივ, მხარში მიდგას, რომ კრებაში, როგორც უხუცესმა, ჩემს მოვალეობებს საუკეთესოდ გავართვა თავი.

იეჰოვას სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. დიდი სურვილი მაქვს, მისი თვისებების შესახებ მოვუყვე ყველას, ვისი მდგომარეობაც ერთი შეხედვით გამოუვალი ჩანს, ისევე როგორც ერთ დროს ჩემი მდგომარეობა ჩანდა გამოუვალი. ვიცი, ბიბლიას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს, ჰქონდეს აზრიანი და მშვიდი ცხოვრება. ბიბლიამ მასწავლა, რომ სიყვარულითა და პატივისცემით მოვეპყრო სხვებს როგორც კაცებს, ისე ქალებს. მასში ჩაწერილი პრინციპებით ცხოვრებამ ღირსების გრძნობაც ამიმაღლა.

გაიგეთ მეტი

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.