წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 3, 2016

 მთავარი თემა | თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ

ტკივილთან გამკლავება

ტკივილთან გამკლავება

ამ საკითხზე უამრავ რჩევას მოისმენთ. თუმცა ყველა როდია სასარგებლო. მაგალითად, ზოგმა შეიძლება გირჩიოთ, რომ არ იტიროთ ან თქვენი გრძნობები სხვაგვარად გამოხატოთ. სხვებმა კი პირიქით, შეიძლება გირჩიონ, თავი არ შეიკავოთ გრძნობების გამოხატვისგან. ბიბლია უფრო გაწონასწორებულ თვალსაზრისს გვთავაზობს, რომელსაც თანამედროვე მკვლევრებიც ეთანხმებიან.

ზოგ კულტურაში მამაკაცის ტირილი სისუსტედ ითვლება. მართლა სამარცხვინოა ჩვენი გრძნობების ცრემლებით გამოხატვა, თუნდაც სახალხოდ? ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ ტირილი გლოვისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. გლოვა შეიძლება იმაშიც დაგეხმაროთ, რომ უმძიმესი დანაკარგის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ფეხზე წამოდგეთ. ამის საპირისპიროდ, ემოციების შეკავებამ შეიძლება გავნოთ კიდეც. ბიბლია არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ტირილი არასწორი ან მამაკაცისთვის შეუფერებელი საქციელია. მიუხედავად იმისა, რომ იესოს მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევდა, იგი აცრემლდა, როდესაც ძვირფასი მეგობარი, ლაზარე, მოუკვდა (იოანე 11:33—35).

გლოვას ხშირად თან ახლავს გაღიზიანება, განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვისაც ტრაგედია მოულოდნელად ატყდება თავს. მგლოვიარეს გაბრაზების ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ავტორიტეტული პირის მიერ უმართებულო და აზრს მოკლებული კომენტარები. სამხრეთ აფრიკელი მაიკი გვიზიარებს: «14 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. დაკრძალვაზე ანგლიკანური ეკლესიის მსახურმა თქვა: „ღმერთს კარგი ადამიანები უნდა თავისთვის, ამიტომ წაიყვანა ასე ნაადრევად“. * ამაზე ძალიან გავბრაზდი, რადგან ჩვენ უფრო მეტად გვჭირდებოდა მამა. მას შემდეგ 63 წელი გავიდა, მაგრამ ჭრილობა დღემდე არ მომშუშებია».

მგლოვიარე ადამიანს შეიძლება დანაშაულის გრძნობაც ტანჯავდეს და ფიქრობდეს: „ეს არ მოხდებოდა, მე რომ ასე და ასე მოვქცეულიყავი“. დანაშაულის გრძნობა შეიძლება იმანაც გაგიმძაფროთ, თუ აწ გარდაცვლილთან თქვენი ბოლო შეხვედრა კამათით დასრულდა.

თუ ბრაზი და დანაშაულის გრძნობა გიპყრობთ, მნიშვნელოვანია, გრძნობები გულში არ ჩაიტოვოთ. გადაუშალეთ გული თქვენს მეგობარს, რომელიც მოგისმენთ და დაგარწმუნებთ, რომ ასეთი გრძნობები უცხო არ არის მგლოვიარეთათვის. ბიბლია შეგვახსენებს: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

მგლოვიარეს ყველაზე საუკეთესო მეგობრობას ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, გაუწევს. გადმოუღვარეთ მას ლოცვაში გული, ვინაიდან „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). უფრო მეტიც, ღმერთი გვპირდება, რომ ყველას, ვინც მას ტკივილს გაანდობს, ექნება „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“, რაც მათ შვებას მოჰგვრის (ფილიპელები 4:6, 7). გარდა ამისა, მიეცით ღმერთს საშუალება, თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით განუგეშოთ. ჩამოწერეთ გამამხნევებელი მუხლები (იხილეთ  ჩარჩო). შეგიძლიათ ისინი დაიზეპიროთ  კიდეც. ასეთ მუხლებზე ღრმა ფიქრი ძალიან დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ღამე, როცა მარტო ხართ და ძილი არ გეკარებათ (ესაია 57:15).

ახლახან ერთ 40 წლის მამაკაცს მეუღლე კიბოთი დაეღუპა. როდესაც თავს მარტოსულად გრძნობს, მას ლოცვა ჰგვრის შვებას. „როგორც კი იეჰოვას ლოცვით მივმართავ, მარტოობის გრძნობა სადღაც ქრება. ღამე ხშირად მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. ასეთ დროს ბიბლიიდან მანუგეშებელ სიტყვებს ვკითხულობ, ვფიქრობ მათზე და გულს ვუღვრი იეჰოვას, ამის შემდეგ უჩვეულო სიმშვიდე მეუფლება და ჩაძინებაც მიადვილდება“, — გვიზიარებს ის.

ახალგაზრდა ქალს, ვანესას, მძიმე ავადმყოფობის შედეგად დედა დაეღუპა. მანაც საკუთარ თავზე გამოსცადა ლოცვის ძალა. იგი ამბობს: „როცა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, იეჰოვას სახელით მოვუხმობდი და ცრემლად ვიღვრებოდი. ღმერთი პასუხობდა ჩემს ლოცვებს და საჭირო ძალას მაძლევდა“.

ზოგი ფსიქოლოგი მგლოვიარეთ ურჩევს, სხვებს გაუწოდონ დახმარების ხელი ან ნებაყოფლობით ჩაებან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში. სხვების დახმარებას სიხარული მოაქვს და დარდს გვიმსუბუქებს (საქმეები 20:35). ბევრმა ქრისტიანმა, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, დიდი შვება იგრძნეს მას შემდეგ, რაც გასაჭირში მყოფთ ამოუდგნენ მხარში (2 კორინთელები 1:3, 4).

^ აბზ. 5 ეს არ არის ბიბლიურ სწავლება. ბიბლია სიკვდილის გამომწვევ სამ მიზეზს ასახელებს (ეკლესიასტე 9:11; იოანე 8:44; რომაელები 5:12).