წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 3, 2016

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ვინ იყო იოსების მამა?

იოსები, ნაზარეთელი დურგალი, იესოს მამობილი იყო. მაგრამ ვინ იყო იოსების მამა? მათე იესოს გენეალოგიურ ნუსხაში მოიხსენიებს ვინმე იაკობს, მაშინ როცა ლუკა ამბობს, რომ იოსები იყო „ელის ძე“. რატომ ასახელებენ მათე და ლუკა ორ სხვადასხვა პიროვნებას? (ლუკა 3:23; მათე 1:16).

მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „იაკობს შეეძინა იოსები“. აქ გამოყენებული ბერძნული ზმნა აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ იაკობი იოსების ბიოლოგიური მამა იყო. მათე ამ შემთხვევაში იოსების გენეალოგიას, ანუ დავითის სამეფო ხაზს მოიხსენიებს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ დავითის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იოსების შვილობილი, იესო, იყო.

მეორე მხრივ, ლუკას სახარებაში ნათქვამია, რომ იოსები იყო „ელის ძე“. „ძეში“ შეიძლება საკუთარი ვაჟის გარდა, სიძეც იგულისხმებოდეს. ამის მაგალითია ლუკას 3:27-ც, სადაც იექონიას ვაჟი შეალთიელი მოხსენიებულია „ნერის ძედ“ (1 მატიანე 3:17; მათე 1:12). როგორც ჩანს, შეალთიელმა ცოლად შეირთო ნერის ქალიშვილი, რომლის სახელიც უცნობია. ამგვარად, შეალთიელი ნერის სიძე, ანუ მისი ძე გახდა. იოსებიც ამ გაგებით იყო „ელის ძე“, ვინაიდან ცოლად ჰყავდა ელის ქალიშვილი, მარიამი. ლუკა მოიხსენიებს იესოს დედის, მარიამის, გენეალოგიურ ხაზს, „რომელიც ხორციელად დავითის შთამომავალია“ (რომაელები 1:3). ამგვარად, ბიბლია იესოს ორ განსხვავებულ საგვარეულო ნუსხას წარმოგვიდგენს, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

რა და რა სახის ქსოვილები და საღებავები იყო გავრცელებული ბიბლიურ დროში?

მკვდარ ზღვასთან ახლოს გამოქვაბულში აღმოჩენილი შეღებილი შალის ქსოვილი, რომელიც სავარაუდოდ, ახ. წ. 135 წლითაა დათარიღებული

ძველად ახლო აღმოსავლეთში ქსოვილების დასამზადებლად ფართოდ გამოიყენებოდა ცხვრის მატყლი, აგრეთვე თხისა და აქლემის ბეწვი. ყველაზე გავრცელებული შალის ქსოვილი იყო. ბიბლია ხშირად მოიხსენიებს ცხვარს, ცხვრის პარსვას და მატყლს (1 სამუელი 25:2; 2 მეფეები 3:4; იობი 31:20). სელი, რომლისგანაც ტილოს ქსოვილი მზადდებოდა, ეგვიპტესა და ისრაელში იზრდებოდა (დაბადება 41:42; იესო ნავეს ძე 2:6). ბიბლიურ დროში ისრაელებს შეიძლება არ მოჰყავდათ ბამბა, მაგრამ ღვთის სიტყვა საუბრობს იმაზე, რომ სპარსეთში იყენებდნენ ბამბის ქსოვილებს (ესთერი 1:6). აბრეშუმი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის მარტო ვაჭრებს შემოჰქონდათ შორეული აღმოსავლეთიდან (გამოცხადება 18:11, 12).

„ბუნებრივი შალი სხვადასხვა ფერის იყო, ქათქათა თეთრით დაწყებული მუქი ყავისფრით დამთავრებული“, — აღნიშნულია ერთ წიგნში, რომელიც იესოს დროინდელ ცხოვრებას აღგვიწერს (Jesus and His World). შალს ხშირად ღებავდნენ კიდეც. ძვირადღირებულ ძოწისფერ საღებავს იღებდნენ მოლუსკის ერთ-ერთი სახეობისგან. წითელ, ყვითელ, ლურჯ და შავ საღებავებს კი ამზადებდნენ სხვადასხვა მცენარეებისგან, ფესვებისგან, ფოთლებისა და მწერებისგან.