არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 3, 2016

 მთავარი თემა | თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ

არასწორია, თუ ადამიანი გლოვობს?

არასწორია, თუ ადამიანი გლოვობს?

განგიცდიათ ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილი? შეიძლება იმდენად სწრაფად გამოჯანმრთელდით, რომ ეს აღარც კი გახსოვთ. თუმცა გლოვა და მწუხარება დიდად განსხვავდება ასეთი ტკივილისგან. „სიკვდილით გამოწვეული მწუხარება ყველაზე რთული ასატანია . . . თუმცა დროის სვლა და ახლობლების თანადგომა დარდს შეგიმსუბუქებთ“, — წერს დოქტორი ალან ვოლფელტი თავის წიგნში (Healing a Spouse’s Grieving Heart).

მოდი, გავიხსენოთ, როგორ იმოქმედა ცოლის სიკვდილმა ბიბლიურ დროში მცხოვრებ პატრიარქ აბრაამზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შევიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად“. როგორც ჩანს, აბრაამს საკმაო დრო დასჭირდა ამ ტკივილთან გასამკლავებლად. * იაკობიც დიდხანს გლოვობდა თავის შვილს, იოსებს, რადგან დააჯერეს, რომ ის მხეცმა დაგლიჯა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იგი „მრავალი დღე გლოვობდა შვილს“ და ოჯახის წევრები ვერაფრით ანუგეშებდნენ. იაკობისთვის ეს იმდენად მძიმე ასატანი იყო, რომ დარდი წლებმაც ვერ შეუმსუბუქა (დაბადება 23:2; 37:34, 35; 42:36; 45:28).

აბრაამი გლოვობდა საყვარელი მეუღლის, სარას, დაკარგვას

დღესაც ბევრი მსგავსად განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს. განვიხილოთ ამის რამდენიმე თანამედროვე მაგალითი.

  • „ჩემი მეუღლე, რობერტი, 2008 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. ის შავბნელი დღე სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა. საუზმის შემდეგ, როგორც ყოველთვის, სანამ რობერტი სამუშაოზე წავიდოდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ, გადავკოცნეთ და თბილი სიტყვები ვუთხარით. მას შემდეგ ექვსმა წელმა განვლო, მაგრამ გულით ისევ დიდ ტკივილს ვატარებ. არა მგონია, ოდესმე შევეგუო რობის დაკარგვას“ (60 წლის გეილი).

  • „მიუხედავად იმისა, რომ 18 წელზე მეტია, რაც ძვირფასი მეუღლე აღარ მყავს, დღემდე ვგლოვობ და მენატრება. როდესაც ბუნებაში ვარ და რაღაც უცხოს და ლამაზს შევნიშნავ, მაშინვე მეუღლე მახსენდება და ვფიქრობ, მასაც როგორ გაახარებდა ამ ყოველივეს ხილვა“ (84 წლის ეტიენი).

ამ შემთხვევებიდან აშკარად ჩანს, რომ სრულიად ბუნებრივია, თუ ტკივილი დიდხანს გრძელდება. თუმცა ყველა თავისებურად გლოვობს, ამიტომ ჩვენი განსასჯელი არ არის ის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი ტრაგედიის დროს. ამასთანავე, არც საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, თუ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას მეტისმეტად განვიცდით. და მაინც, როგორ დავიამოთ ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი?

^ აბზ. 4 აბრაამის ვაჟი, ისაკიც, დიდხანს გლოვობდა დედას. როგორც ამავე ჟურნალის რუბრიკიდან „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ დავინახავთ, ისაკი დედის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც გლოვობდა მას (დაბადება 24:67).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

მეუღლის სიკვდილი ტრაგედიის პირისპირ

ბიბლია ადასტურებს, რომ მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მ­ტანჯველიცაა და ხანგრძლივიც. წაიკითხეთ, რა მხრივ შეიძლება აღმოჩნდეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის იმედი ნუგეშის წყარო.