წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 2, 2016

აუცილებელია ღვთის თაყვანსაცემად სალოცავებში სიარული?

აუცილებელია ღვთის თაყვანსაცემად სალოცავებში სიარული?

ყოველ წელს ექვს მილიონზე მეტი ადამიანი იაპონიის ნახევარკუნძულ შიმაზე კედრის ტყეში ისეს უდიდესი ტაძრისკენ მიიკვლევს გზას. აქ თითქმის ორი ათასი წელია, რაც სინტოიზმის მიმდევრები მზის ქალღმერთ ამატერასუ-ომიკამს ეთაყვანებიან. ტაძარში შესვლამდე განწმენდის მიზნით მორწმუნეები ხელ-პირს იბანენ, შემდეგ სათაყვანისმცემლო დარბაზის, „ჰეიდენის“, წინ დგებიან და გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ — თავს ხრიან, ტაშს უკრავენ და ქალღმერთის წინაშე ლოცულობენ. * სინტოიზმის მიმდევრებს არ ეკრძალებათ სხვა რელიგიების რიტუალებში მონაწილეობა. შესაბამისად, ამ ტაძარში მოსულთაც — ბუდისტებს, ქრისტიანებსა თუ სხვა კონფესიის მიმდევრებს — თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სინტოისტურ რიტუალებში.

მსოფლიოს ბევრ წამყვან რელიგიას თავისი სალოცავები * აქვს, რომელთაც მილიონობით მორწმუნე სტუმრობს. მაგალითად, ქრისტიანულ ქვეყნებში იესოს, მარიამისა თუ სხვა წმინდანების სახელობის უამრავი ეკლესია და ტაძარია. სამლოცველოებს ისეთ ადგილებშიც აშენებენ, სადაც რელიგური რელიკვიები ინახება, რაიმე ბიბლიური მოვლენა ან, როგორც ამბობენ, თანამედროვე „სასწაული“ მოხდა. გარდა ამისა, ბევრს სწამს, რომ ღმერთი წმინდა ადგილიდან აღვლენილ ლოცვებს უფრო შეისმენს და ამიტომ მიდის ტაძარში. პილიგრიმები კი ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის დასამტკიცებლად სალოცავამდე მისასვლელად ხანგრძლივ და დამქანცველ გზას გადიან.

ხალხი სტუმრობს ისეს უდიდეს ტაძარს იაპონიაში და მასაბიელის გამოქვაბულს საფრანგეთის ქალაქ ლურდში

საინტერესოა, მართლა ტაძარში აღვლენილ ლოცვა-მუდარას უფრო შეისმენს ღმერთი? ან ღვთის კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, აუცილებელია, სალოცავამდე მისასვლელად გრძელი და დამქანცველი გზა განვლოთ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თაყვანსაცემად ადამიანი სალოცავში უნდა დადიოდეს? ამ კითხვებზე პასუხების მიღება იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა ვუყურებდეთ ტაძრებში თაყვანისცემას და, სინამდვილეში, როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს ღმერთი.

თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“

რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ უნდა ვცეთ თაყვანი?

იესოსა და სამარიელ ქალს შორის გამართული საუბრიდან ვიგებთ, თუ როგორ უყურებს ღმერთი „წმინდა ადგილებსა“ და ტაძრებში თაყვანისცემას. ერთხელ, სამარიაში ქადაგებისას გზით დაქანცული იესო ქალაქ სიქართან ახლოს, ჭასთან ჩამოჯდა დასასვენებლად. იქ მან საუბარი წამოიწყო წყლის ამოსაღებად მისულ ქალთან. საუბარში ქალმა ახსენა, თუ რა დიდი სხვაობა იყო თაყვანისცემის საკითხში იუდეველებსა და სამარიელებს შორის. მან თქვა: „ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“ (იოანე 4:5—9, 20).

მთა, რომელიც სამარიელმა ქალმა ახსენა, იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე გერიზიმის მთა იყო. ერთ დროს სამარიელებს იქ ტაძარი ჰქონდათ, სადაც დღესასწაულებს მართავდნენ ხოლმე, მაგალითად ისეთს, როგორიც პასექი იყო. ნაცვლად  იმისა, რომ იესოს ამ საკამათო საკითხზე გაეგრძელებინა საუბარი, მან ქალს ასეთი რამ უთხრა: „მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში“ (იოანე 4:21). წარმოიდგინეთ, როგორ გააოგნებდა ქალს ამ სიტყვების მოსმენა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ამას იუდეველი ამბობდა! რატომ უნდა შეწყვეტილიყო თაყვანისმცემლობა იერუსალიმში არსებულ ღვთის ტაძარში?

იესომ განაგრძო: „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). საუკუნეების განმავლობაში იუდეველები იერუსალიმის დიდებულ ტაძარს თაყვანისცემის ცენტრად მიიჩნევდნენ. ისინი წელიწადში სამჯერ მიდიოდნენ იქ თავიანთი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, მსხვერპლის შესაწირად (გამოსვლა 23:14—17). მაგრამ იესომ თქვა, რომ ეს ყველაფერი გაუქმდებოდა და „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემდნენ თაყვანს.

იუდეველთა ტაძარი იყო ხილული შენობა, რომელსაც გარკვეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ჰქონდა. მაგრამ სული და ჭეშმარიტება არც მატერიალურია და არც რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. ამგვარად, იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის არც რაიმე შენობა იქნებოდა საჭირო და არც კონკრეტული ადგილი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო გერიზიმის მთა, იერუსალიმის ტაძარი ან სხვა ნებისმიერი წმინდა სალოცავი.

სიტყვებით „მოდის საათი“ იესომ სამარიელ ქალს მიანიშნა, რომ ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში ცვლილების მოხდენის დრო ახლოვდებოდა. როდის დადგებოდა ეს დრო? ეს მაშინ მოხდა, როდესაც იესომ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით წერტილი დაუსვა მოსეს კანონზე დაფუძნებულ იუდაურ თაყვანისცემის სისტემას (რომაელები 10:4). იესომ ისიც თქვა, რომ ეს „საათი . . . მოვიდა კიდეც“. რას გულისხმობდა ის? იესო იმას გულისხმობდა, რომ როგორც მესია, უკვე კრებდა მოწაფეებს, რომლებიც იმოქმედებდნენ მისი შემდეგი სიტყვების თანახმად: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). რას ნიშნავს სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა?

როდესაც იესომ სულით თაყვანისცემა ახსენა, მას მხედველობაში სულით ანთებული, თავგამოდებული თაყვანისმცემელი არ ჰყოლია. ის საუბრობდა ღვთის სულის ხელმძღვანელობაზე, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად წმინდა წერილების გაგებაშიც გვეხმარება (1 კორინთელები 2:9—12). ხოლო ჭეშმარიტება, რომელიც იესომ მოიხსენია, ბიბლიური სწავლებების ზუსტ ცოდნას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თაყვანისცემისთვის საჭირო არ არის კონკრეტული ადგილი. ჩვენი თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები იქნება, თუ მას  ბიბლიურ სწავლებებს შევუსაბამებთ და ვიხელმძღვანელებთ ღვთის წმინდა სულით.

სწორი შეხედულება სალოცავებზე

მაშ, როგორ უნდა უყურებდნენ ქრისტიანები პილიგრიმობას და წმინდა ადგილებში თაყვანისცემას? თუ ჩავუკვირდებით იესოს მითითებას, რომლის თანახმადაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“, აშკარად დავინახავთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ტაძარში ან რომელიმე სხვა წმინდა ადგილას თაყვანისცემას. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ უყურებს ღმერთი თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებას. მასში ნათქვამია: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ და „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 კორინთელები 10:14; 1 იოანე 5:21). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა სცემდნენ ღმერთს თაყვანს წმინდად შერაცხულ ადგილებში ან იქ, სადაც კერპთაყვანისმცემლობისკენ უბიძგებენ. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები თავს იკავებენ ტაძრებში თაყვანისცემისგან, რადგან კარგად ესმით, რას ემსახურება ისინი.

თუმცა ბიბლია არ გვიკრძალავს იმას, რომ ლოცვისთვის, ღვთის სიტყვის შესწავლისა და ფიქრისთვის კონკრეტული ადგილი გვქონდეს შერჩეული. მოწესრიგებული და მშვიდი ადგილი ხელს უწყობს და სასიამოვნოს ხდის შესწავლას და სულიერ საკითხებზე მსჯელობას. არც ის არის არასწორი, თუ გარდაცვლილს საფლავის ქვას დავუდგამთ. ეს შეიძლება უბრალოდ გარდაცვლილისადმი სიყვარულსა და მისი ხსოვნისადმი პატივისცემაზე მეტყველებდეს. მაგრამ, მსგავსი ადგილების წმინდად შერაცხვა და გამოსახულებებისა თუ რელიკვიების თაყვანისცემაში გამოყენება სრულიად საპირისპირო იქნებოდა იმისა, რაც იესომ თქვა.

როგორც გავიგეთ, საჭირო არ არის სალოცავში წასვლა იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს. ღვთის მოწონებისა თუ განსაკუთრებული კურთხევის მისაღებად არც ტაძრამდე გრძელი და გამთანგველი გზის გავლაა საჭირო, როგორც ამას პილიგრიმები აკეთებენ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი, „ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენგან შორს იჭერს თავს. შეგვიძლია ნებისმიერი ადგილიდან მივმართოთ მას ლოცვით იმაში ღრმად დარწმუნებულებმა, რომ მოგვისმენს, რადგან „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:24—27).

^ აბზ. 2 სინტოს სხვადასხვა ტაძარში რიტუალები და წეს-ჩვეულებები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

^ აბზ. 3 იხილეთ ჩარჩო „ რა არის სალოცავი?

გაიგეთ მეტი

უნდა ვცეთ თაყვანი გამოსახულებებს?

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, თაყვანისცემის დროს გამოვიყენებთ თუ არა გამოსახულებებს?