წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 2, 2016

 მთავარი თემა

რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო?

რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო?

„ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12)

რას უპასუხებდით, ვინმეს პირადად თქვენთვის რომ ეკითხა: „გსურთ მარადიული სიცოცხლე?“. უმრავლესობა, ალბათ, „დიახს“ იტყოდა, თუმცა იმასაც დააყოლებდა, რომ მარადიული სიცოცხლე არარეალურია და არც კი ღირს ამაზე ფიქრი. მათი აზრით, სიკვდილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სიცოცხლის ლოგიკური დასასრულია.

მაგრამ რას იტყოდით, კითხვა რომ ასე დაესვათ: „მზად ხართ სიკვდილისთვის?“. როგორც წესი, სიკვდილი არავის სურს, ამიტომ რთული მისახვედრი არაა, როგორ უპასუხებდა უმრავლესობა ამ კითხვას. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენში სიკვდილის კი არა, სიცოცხლის სურვილია ჩადებული და, თუმცა ჩვენი ცხოვრება ტანჯვითაა სავსე, ეს სურვილი არ გვინელდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ სურვილით ადამიანი ღმერთმა შექმნა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ „მან . . . მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11).

თუმცა სამწუხარო რეალობა ისაა, რომ დღეს ყველა ვკვდებით. რატომ, სად იყო დაშვებული შეცდომა? იღონა ღმერთმა რამე მდგომარეობის გამოსასწორებლად? ბიბლია მანუგეშებელ პასუხებს გვცემს, რაც პირდაპირ უკავშირდება იესოს ტანჯვასა და სიკვდილს.

სად იყო დაშვებული შეცდომა

ბიბლიის წიგნ „დაბადების“ პირველი სამი თავიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა პირველ წყვილს, ადამსა და ევას, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა და უთხრა, რა უნდა გაეკეთებინათ მის მისაღებად. ამ თავებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და ხელიდან გაუშვეს ეს შესაძლებლობა. ეს ისტორია ბიბლიის ფურცლებზე იმდენად მოკლედ არის გადმოცემული, რომ ზოგს ზღაპარი ჰგონია. მაგრამ სახარებების მსგავსად, ბიბლიის ეს წიგნიც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რის საფუძველზეც იგი შეიძლება სანდო, ისტორიულ ჩანაწერად მივიჩნიოთ. *

რა შედეგი მოუტანა კაცობრიობას ადამის ურჩობამ? ამ კითხვას ბიბლია ასე პასუხობს: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). დაუმორჩილებლობით ადამმა ცოდვა ჩაიდინა, დაკარგა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა და, ბოლოს, მოკვდა. ჩვენ, როგორც მის შთამომავლებს, მისგან მემკვიდრეობით ცოდვა გადმოგვეცა. ამიტომაა, რომ ყველა ვხდებით ავად, ვბერდებით და ვკვდებით. ეს ბიბლიური ახსნა სრულად ეთანხმება იმას, რასაც მეცნიერები მემკვიდრეობითობას უწოდებენ და რაც თაობიდან თაობაში ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა გადაცემას გულისხმობს.  თუმცა იბადება კითხვა: ნუთუ ღმერთმა უიმედო მდგომარეობაში დაგვტოვა?

რა იღონა ღმერთმა

საბედნიეროდ, ღმერთს უიმედოდ არ დაუტოვებია კაცთა მოდგმა. მან იზრუნა იმაზე, რომ კვლავ მიეცა მათთვის ის, რაც ადამმა თავის შთამომავლობას დააკარგვინა — მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. როგორ გააკეთა ღმერთმა ეს?

„ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — ნათქვამია რომაელების 6:23-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია. ადამმა შესცოდა და ამიტომ მოკვდა. ჩვენ, მისი შთამომავლები, გვინდა არ გვინდა, ცოდვილები ვიბადებით და ამიტომ „ცოდვის საზღაურს“, სიკვდილს, ვექვემდებარებით. მაგრამ სიყვარულით აღძრულმა ღმერთმა თავისი ძე, იესო, გამოგზავნა, რომ ჩვენი „ცოდვის საზღაური“ გადაეხადა. როგორ აისახება ეს ჩვენს ცხოვრებაზე?

იესოს სიკვდილის წყალობით წინ მარადიული და ბედნიერი ცხოვრება გველის

რადგან ერთმა ადამიანმა, სრულყოფილმა ადამმა, თავისი ურჩობით ცოდვა და სიკვდილი მოგვიტანა, ამ სავალალო მდგომარეობიდან ჩვენ გასათავისუფლებლად საჭირო იყო ისევ სრულყოფილი ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე ღვთის მორჩილი იქნებოდა. ბიბლია ამას შემდეგნაირად ხსნის: „როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რომაელები 5:19). სწორედ იესო იყო ის, ვისზეც მუხლის ბოლო ნაწილი საუბრობს. მან დატოვა ზეცა, დედამიწას სრულყოფილ ადამიანად * მოევლინა და ჩვენი ცოდვებისთვის შეეწირა. მისმა სიკვდილმა იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ ღმერთმა მართლებად მიგვიჩნიოს და მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოვოს.

რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო

და მაინც, ნუთუ აუცილებელი იყო იესოს სიკვდილი? განა ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეეძლო მარტივად გადაეჭრა პრობლემა? მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ადამის შთამომავლებს მარადიულად ეცოცხლათ. ცხადია, უზენაეს მმართველს ხელეწიფებოდა ამის გაკეთება. მაგრამ თუ ასე მოიქცეოდა, იგი უგულებელყოფდა თავისივე დადგენილ კანონს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. ეს არ არის უმნიშვნელო კანონი, რომლის შეცვლა ან გაუქმება სურვილისამებრ შეიძლება, რადგან ის ჭეშმარიტი სამართლიანობის ქვაკუთხედია (ფსალმუნი 37:28).

თუკი ღმერთი ამ შემთხვევაში გვერდს აუვლიდა თავის  სამართლიან კანონს, ხალხს შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, რომ ის სხვა დროსაც ასე მოიქცეოდა. მაგალითად, სამართლიანად გადაწყვეტდა, ადამის შთამომავალთაგან ვისთვის მიეცა მარადიული სიცოცხლე? ან სანდო იქნებოდა მისი დაპირებები? რადგან ღმერთმა ისე გვიხსნა, რომ არ უღალატა თავის სამართლიან კანონებს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არასოდეს მოიქცევა უსამართლოდ.

იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე ღმერთმა სამოთხეში მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა გაგვიხსნა, სამოთხეში, რომელიც დედამიწაზე იქნება. ყურადღება მიაქციეთ იოანეს 3:16-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. იესოს სიკვდილი მხოლოდ იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ღმერთი ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს, არამედ იმაზეც, რომ მას ჩვენდამი უდიდესი სიყვარული ამოძრავებს.

მაინცდამაინც მტანჯველი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო იესო, როგორც ეს სახარებებშია აღწერილი? უმძიმესი განსაცდელების პირისპირ ერთგულების შენარჩუნებით იესომ ერთხელ და სამუდამოდ გააქარწყლა ეშმაკის განაცხადი, რომ ადამიანები განსაცდელების დროს არ უერთგულებდნენ ღმერთს (იობი 2:4, 5). ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეშმაკი მართალს ამბობდა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მან სრულყოფილი ადამი ცოდვამდე მიიყვანა. მაგრამ იესო, რომელიც ადამივით სრულყოფილი იყო, აუტანელი ტანჯვის მიუხედავად, ღვთის ერთგული დარჩა (1 კორინთელები 15:45). იესომ დაამტკიცა, რომ ადამს რომ მოენდომებინა, გაუძლებდა სატანის ზეწოლას. ღვთის ძემ ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა! (1 პეტრე 2:21). სრულყოფილი მორჩილებისთვის ღმერთმა თავის ძეს უკვდავება უბოძა.

რა სიკეთე მოაქვს ამას თქვენთვის

იესო ნამდვილად მოკვდა. მისმა სიკვდილმა მარადიული სიცოცხლისკენ გაგვიხსნა გზა. გსურთ, თქვენი სიცოცხლე უსასრულოდ გაგრძელდეს? იესომ გვითხრა, რა არის ამისთვის საჭირო: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ამ ჟურნალის გამომცემლები გიწვევენ, უფრო მეტი გაიგოთ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვასა, და მისი ძის, იესო ქრისტეს შესახებ. თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ამ მხრივ დახმარებას სიამოვნებით გაგიწევენ. სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზეც www.jw.org.

^ აბზ. 8 „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“ იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, დაბადება (ბიბლიის წიგნი), ქვესათაური „ისტორიული ხასიათის წიგნი“. ხელმისაწვდომია იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე www.jw.org.

^ აბზ. 13 ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. შემდეგ წმინდა სულით იცავდა ჩანასახს, რომ მას მარიამისგან მემკვიდრეობით არ გადასცემოდა არასრულყოფილება (ლუკა 1:31, 35).

გაიგეთ მეტი

ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

გულთბილად გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სადაც გაიგებთ, რა კურთხევებს მოგიტანთ იესოს მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე.

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?