არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  № 5, 2016

 მთავარი თემა | სად ვპოვოთ ნუგეში?

ყველას გვჭირდება ნუგეში

ყველას გვჭირდება ნუგეში

ალბათ, ბავშვობაში ერთხელ მაინც წაქცეულხართ. შეიძლება ამ დროს ხელიც კი იტკინეთ ან მუხლი გადაიყვლიფეთ. გახსოვთ, როგორ დაგამშვიდათ დედამ, როგორ მოგისუფთავათ და შეგიხვიათ ჭრილობა? ალბათ, ტიროდით კიდეც, მაგრამ როცა დედამ გულში ჩაგიკრათ და მოგეალერსათ, მაშინვე დამშვიდდით. ბავშვობაში მშობლები ყოველთვის თქვენ გვერდით იყვნენ და ნუგეშსაც უმალვე იღებდით.

მაგრამ რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო რთულდება ცხოვრება. ჩვენ გაცილებით სერიოზულ პრობლემებთან გვიწევს ჭიდილი და ამიტომ ნუგეშის პოვნაც არ არის ადვილი. სამწუხაროდ, დღეს ზრდასრულ ადამიანს პრობლემების დროს მხოლოდ დედის ჩახუტება ან ჭრილობის შეხვევა როდი ანუგეშებს. აი, ამის რამდენიმე მაგალითი:

  • დარჩენილხართ ოდესმე უმუშევარი? ერთი მამაკაცი, ხულიანი, საგონებელში ჩავარდა, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის გვიზიარებს: „მაფიქრებდა, როგორ ვიზრუნებდი ოჯახზე. ამ კომპანიაში ხომ წლების მანძილზე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, დღეს კი მათ აღარ ვჭირდები“.

  • შესაძლოა ოჯახი დაგენგრათ, რის გამოც თავს განადგურებულად გრძნობთ. „როცა წელიწად-ნახევრის წინ ქმარმა მოულოდნელად მიმატოვა, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული შუაზე გამეხლიჩა, — გვიყვება რაკელი. — შიშმა მომიცვა; ფიზიკურადაც საშინლად ვგრძნობდი თავს და ემოციურადაც“.

  • შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაქვთ და მდგომარეობაც დიდად არ უმჯობესდება. ალბათ, დროდადრო ისევე გრძნობთ თავს, როგორც ღვთის ერთგული მსახური, იობი, რომელსაც ერთხელ სიმწრისგან აღმოხდა: „უარს ვამბობ. არ მინდა უსასრულოდ ცხოვრება“ (იობი 7:16). შესაძლოა თქვენც იზიარებთ 80 წელს გადაცილებული ლუისის სიტყვებს: „ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“.

  • თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ, უდავოდ საჭიროებთ ნუგეშს. რობერტი გვიყვება: „როდესაც მითხრეს, რომ ჩემი ვაჟი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი. მაგრამ როცა ამ მწარე რეალობას თვალი გავუსწორე, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ბიბლიის სიტყვებით თუ ვიტყვი, სულში დიდმა მახვილმა გამიარა“ (ლუკა 2:35).

საბედნიეროდ, რობერტმა, ლუისმა, რაკელმა და ხულიანმა ყოვლისშემძლე ღმერთთან პოვეს ნუგეში. როგორ ანუგეშა ღმერთმა ისინი? თქვენც განუგეშებთ იგი?