წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2017

 მიჰბაძეთ მათ რწმენას | ენოქი

„მან . . . ღმერთს ასიამოვნა“

„მან . . . ღმერთს ასიამოვნა“

ენოქმა, რაოდენ ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 365 წელი იცოცხლა — ოთხჯერ უფრო მეტხანს, ვიდრე დღეს ცოცხლობენ ადამიანები. თუმცა ენოქის დროს, 50 საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამაში უჩვეულო არაფერი იყო, რადგან ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობდნენ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ენოქმა საკმაოდ ადრე დაასრულა სიცოცხლე. მაგალითად, პირველი მამაკაცი ადამი 600 წელზე მეტი ხნის იყო, როცა ენოქი დაიბადა და მას შემდეგ კიდევ სამი საუკუნე იცოცხლა. ზოგი ადამის შთამომავალი კი თავად ადამზე დღეგრძელი იყო. ასე რომ, 365 წლის ასაკში ენოქი ჯან-ღონით სავსე იყო და ცხოვრება ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მას დიდხანს აღარ დასცალდა. ენოქი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა.

წარმოიდგინეთ, როგორ გაურბის იგი გაშმაგებულ ბრბოს, რომელთაც ეს-ესაა ღვთის ცნობა გადასცა. ალბათ, ენოქს თვალებიდან არ ამოსდის მათი სახეები, რომლებზეც საშინელი ზიზღი და ბრაზია აღბეჭდილი. ეს ხალხი არაფრად აგდებს მის ცნობას და შეურაცხყოფს ღმერთს, რომელმაც ენოქი მათთან გაგზავნა. რა თქმა უნდა, ისინი ვერაფერს დაუშავებენ ენოქის ღმერთს, იეჰოვას, მაგრამ ენოქის მოკვლა ნამდვილად შეუძლიათ. შესაძლოა ენოქს აფიქრებს, იხილავს თუ არა კვლავ თავის ოჯახს. დანამდვილებით არ ვიცით, ფიქრობდა თუ არა ამ დროს ენოქი თავის ცოლზე, ქალიშვილებზე, თავის ვაჟზე მეთუშალახზე ან თავის შვილიშვილ ლამექზე (დაბადება 5:21—23, 25). მართლა ემუქრებოდა მის სიცოცხლეს საფრთხე?

ბიბლიაში ბევრი არაფერია ნათქვამი ენოქზე. მის შესახებ ბიბლიის მხოლოდ სამი მონაკვეთიდან ვიგებთ (დაბადება 5:21—24; ებრაელები 11:5; იუდა 14, 15). თუმცა ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა ამ კაცს. გიწევთ ოჯახზე ზრუნვა? შეგქმნიათ პრობლემები იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დამდგარხართ? თუ ასეა, ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ღვთის ერთგული ენოქისგან.

„დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ენოქი „ადამიდან მეშვიდე“ იყო. მის დროს ხალხი ათას სისაძაგლეს სჩადიოდა. როგორც აღვნიშნეთ, მაშინ ადამიანები დიდხანს ცოცხლობდნენ, რადგან ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ ფიზიკურ სრულყოფილებასთან, რომელიც ერთ დროს მათ წინაპრებს, ადამსა და ევას, ჰქონდათ, მაგრამ დაკარგეს. თუმცა ზნეობრივად და სულიერად უკვე დეგრადირებულები იყვნენ, რის გამოც იმდროინდელ მსოფლიოში ძალადობას მოეკიდებინა ფეხი. ამ მანკიერებამ ჯერ კიდევ მეორე თაობაში იჩინა თავი, როცა კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა. კაენის ერთ-ერთი შთამომავალი, როგორც ჩანს, მასზე გაცილებით სასტიკი და დაუნდობელი იყო, რითაც ამაყობდა კიდეც. მესამე თაობაში ახალმა მანკიერებამ იჩინა თავი. ადამიანებმა ღვთის სახელის, იეჰოვას, ხსენება დაიწყეს, ოღონდ არა იმიტომ, რომ განედიდებინათ იგი, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხეყოთ მისი წმინდა სახელი (დაბადება 4:8, 23—26).

როგორც ჩანს, ენოქის დროს ხალხი სულიერად მართლაც დაკნინებული იყო. როცა ენოქი გაიზარდა, არჩევანის წინაშე დადგა: აჰყვებოდა უმრავლესობას თუ ცისა და მიწის შემქმნელ ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყებდა ძებნას? ალბათ, მას ძალიან დაამწუხრებდა იმის გაგება, რომ მისი წინაპარი აბელი მხოლოდ იმის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ იეჰოვა ღმერთის ნებას ასრულებდა. ენოქმა გადაწყვიტა, აბელისთვის მიებაძა. დაბადების 5:22-ში მის შესახებ ნათქვამია: „ენოქი . . . დადიოდა  ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“. ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ენოქი ღვთისმოშიში კაცი იყო იმდროინდელ უღვთო ქვეყნიერებაში. პირველად სწორედ ენოქზე ამბობს ბიბლია, რომ ღმერთთან ერთად დადიოდა.

ამავე ბიბლიურ მუხლში ნათქვამია, რომ ენოქი მეთუშალახის, თავისი ვაჟის, დაბადების შემდეგაც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. აქედან ჩანს, რომ ენოქი დაახლოებით 65 წლის ასაკში დაოჯახებული იყო, თუმცა ბიბლია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რამდენი ვაჟი და ასული ჰყავდა, ის არც მისი ცოლის სახელს მოიხსენიებს. თუ ოჯახის თავი ცდილობს, ღვთისმოსაწონად იცხოვროს, თავისთავად იმასაც შეეცდება, რომ ისე იზრუნოს ოჯახზე და აღზარდოს შვილები, როგორც ღმერთი მოელის მისგან. ენოქს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას მოთხოვნისამებრ, ცოლის ერთგული უნდა ყოფილიყო (დაბადება 2:24). იგი, ალბათ, ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რომ თავისი შვილებისთვის იეჰოვა ღმერთი შეეყვარებინა. დაუფასდა მას ეს?

ბიბლია ბევრს არაფერს ამბობს ამის შესახებ და არც იმაზე საუბრობს, ჰქონდა თუ არა ღვთისადმი რწმენა მის ვაჟს, მეთუშალახს, რომელმაც, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყველაზე დიდხანს იცოცხლა. იგი იმ წელს მოკვდა, როცა წარღვნა მოხდა. მეთუშალახს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ლამექი დაარქვა. ლამექის დაბადების შემდეგ მისმა პაპამ, ენოქმა, კიდევ საუკუნეზე მეტხანს იცოცხლა. ლამექმა დიდი რწმენა გამოავლინა. იეჰოვას ნებით მან თავისი ვაჟის, ნოეს შესახებ წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომელიც წარღვნის შემდეგ შესრულდა. ნოეც თავისი დიდი პაპის, ენოქის მსგავსად, ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა. მართალია, ენოქი ვერ მოესწრო ნოეს, მაგრამ მას მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დაუტოვა. ნოეს ბევრი რამის სწავლა შეეძლო მამამისისგან, ლამექისგან, პაპამისი მეთუშალახისგან ან ენოქის მამისგან, იარედისგან, რომელიც მაშინ მოკვდა, როცა ნოე 366 წლის იყო (დაბადება 5:25—29; 6:9; 9:1).

დაფიქრდით, რამხელა სხვაობაა ენოქსა და ადამს შორის. მართალია, ადამი სრულყოფილი იყო, მაგრამ ეურჩა იეჰოვას, რითაც შესცოდა და თავის შთამომავლობას მემკვიდრეობით ტანჯვა და სიკვდილი არგუნა. ენოქი კი, არასრულყოფილების მიუხედავად, ღმერთთან ერთად დადიოდა და თავის შთამომავლებს რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა, რაც მართლაც ფასდაუდებელი მემკვიდრეობა იყო. ენოქი 308 წლის იყო, როცა ადამი მოკვდა. იგლოვეს ადამის შთამომავლებმა თავიანთი ეგოისტი წინაპარი? ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ენოქი „დადიოდა . . . ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“! (დაბადება 5:24).

თუ ოჯახზე ზრუნვა გიწევთ, დაფიქრდით, რის სწავლა შეგიძლიათ ენოქის მაგალითიდან. რასაკვირველია, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა აუცილებელია, მაგრამ არსებობს ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ — სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (1 ტიმოთე 5:8). ეს თუ კარგად გესმით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც კარგ მაგალითს მისცემთ ამ მხრივ ოჯახს. თუ ენოქივით ღმერთთან ერთად ივლით და ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვრებთ, თქვენც დაუტოვებთ ოჯახს მდიდარ სულიერ მემკვიდრეობას ანუ კარგ მისაბაძ მაგალითს.

ენოქმა „მათ შესახებ იწინასწარმეტყველა“

ენოქი, ეს ძლიერი რწმენის მქონე კაცი, შესაძლოა სრულიად მარტო გრძნობდა თავს უღვთოთა შორის. მაგრამ ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია იეჰოვა ღმერთს. ერთ დღესაც იეჰოვა დაელაპარაკა თავის ერთგულ მსახურს. მან ენოქს დაავალა, რომ იმ დროს მცხოვრები ხალხისთვის მისი ცნობა გადაეცა. ამგვარად,  ენოქი გახდა პირველი წინასწარმეტყველი, რომლის სიტყვებიც ბიბლიაში ჩაიწერა. მისი გამაფრთხილებელი ცნობა ჩვენამდე იუდამ, იესოს ძმამ, მოიტანა, რომელსაც ღმერთმა ეს წინასწარმეტყველება საუკუნეების შემდეგ ჩააწერინა ბიბლიაში. *

ენოქმა ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღასრულოს სამართალი ყველას მიმართ და ამხილოს ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“ (იუდა 14, 15). ალბათ, პირველი, რაც შენიშნეთ, ისაა, რომ ენოქი წარსულ დროში საუბრობს, თითქოს ღმერთმა უკვე შეასრულა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამგვარად ბევრი სხვა წინასწარმეტყველება წარმოითქვა. რა იყო ამის მიზანი: წინასწარმეტყველი მოსახდენ მოვლენებს ისე დამაჯერებლად აღწერდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა (ესაია 46:10).

ენოქი უშიშრად აცხადებდა ღვთის ცნობას მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

ადვილი იყო ენოქისთვის ღვთის ცნობის გაცხადება? წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთი განაჩენის გაცხადება იმ ხალხისთვის, რომლებთან მიმართებითაც ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებაში ოთხჯერ არის გამოყენებული სიტყვა „უღვთო“. ეს წინასწარმეტყველური სიტყვები მწარე რეალობას ააშკარავებდა: მას შემდეგ, რაც ღმერთმა ედემიდან პირველი წყვილი გააძევა, კაცობრიობა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო უზნეობაში. მაშინდელ მსოფლიოს გარდაუვალი განადგურება ელოდა — მალე იეჰოვა „თავის უთვალავ წმინდასთან“, ანგელოზებისგან შემდგარ უძლეველ ლაშქართან ერთად ბოლოს მოუღებდა უღვთოებს. ენოქი უშიშრად, თანაც სრულიად მარტო აცხადებდა ღვთის გამაფრთხილებელ ცნობას! ალბათ, ახალგაზრდა ლამექი აღფრთოვანებული იყო პაპამისის გაბედულებით.

ენოქის მაგალითმა შესაძლოა დაგვაფიქროს: ჩვენც ისევე ვუყურებთ დღევანდელ ქვეყნიერებას, როგორც ღმერთი? განაჩენი, რომელსაც ენოქი გაბედულად აცხადებდა, დღევანდელ მსოფლიოსაც ეხება. ენოქის გაფრთხილების თანახმად, ნოეს დღეებში იეჰოვამ წარღვნა მოავლინა და აღგავა მიწის პირისგან უღვთონი. წარღვნა გამაფრთხილებელი მაგალითია იმ დიდი განადგურების შესახებ, რომელიც კაცობრიობას თავს დაატყდება (მათე 24:38, 39; 2 პეტრე 2:4—6). მალე ღმერთი თავის უთვალავ წმინდასთან ერთად სამართლიან განაჩენს აღასრულებს უღვთო ქვეყნიერებაზე, როგორც ეს წარსულში გააკეთა. თითოეულმა ჩვენგანმა ყურად უნდა ვიღოთ გაფრთხილება, რომელსაც ენოქი აცხადებდა და სხვებსაც ვაუწყოთ ამის შესახებ. შესაძლოა ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, რის გამოც დროდადრო თავს მარტოდ ვგრძნობთ. მაგრამ იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ენოქი და არც დღეს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს!

„გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა“

როგორ დაასრულა ენოქმა სიცოცხლე? ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით; ამიტომ ეს დიდ ინტერესს იწვევს ჩვენში. წიგნ „დაბადებაში“ ამ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ეს წერია: „დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად; აღარ იყო იგი, რადგან ღმერთმა წაიყვანა“ (დაბადება 5:24). რა გაგებით წაიყვანა ღმერთმა ენოქი? პავლე მოციქული გვიხსნის: „რწმენით ენოქი გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“ (ებრაელები 11:5). რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა“? ბიბლიის ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ ღმერთმა ენოქი ზეცაში წაიყვანა. მაგრამ ეს შეუძლებელია, ასე ყოფილიყო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ქრისტე იყო პირველი ადამიანი, რომელიც აღდგომის შემდეგ ზეცად ამაღლდა (იოანე 3:13).

მაშინ, რა გაგებით იქნა ენოქი „გადაყვანილი“ ისე, რომ სიკვდილი არ ენახა? როგორც ჩანს, იეჰოვამ ის სიკვდილის  ძილით დააძინა, რათა მოძალადეების ხელით არ მომკვდარიყო და ტკივილი არ ეგრძნო. მაგრამ „გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? შესაძლოა მას სიკვდილამდე ღმერთმა ხილვაში აჩვენა სამოთხედქცეული დედამიწა, რითაც ენოქმა ღვთის კეთილგანწყობის აშკარა დამოწმება მიიღო. პავლე მოციქული, რომელიც ენოქთან ერთად სხვა ერთგულ კაცებს და ქალებს მოიხსენიებს, ამბობს: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ“ (ებრაელები 11:13). შესაძლოა ენოქის მტრები მისი სიკვდილის შემდეგ მის გვამს ეძებდნენ, მაგრამ „აღარსად იყო“, რადგან, როგორც ჩანს, იეჰოვამ გააქრო ის და ამგვარად არ მისცა მათ უფლება, შეურაცხეყოთ ან ცრუ თაყვანისმცემლობისთვის გამოეყენებინათ. *

ზემოხსენებული ბიბლიური მონაკვეთების საფუძველზე შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება დასრულებულიყო ენოქის სიცოცხლე. დავუშვათ, მოვლენები ასე განვითარდა: ენოქი გაშმაგებულ ბრბოს გაურბის და გრძნობს, რომ უკანასკნელი ძალები ეცლება. ის პოულობს თავშესაფარს, რათა სული მოითქვას, მაგრამ იცის, რომ დიდხანს ვერ დაემალება მათ. მალე, ალბათ, მას იპოვიან და წამებით მოკლავენ. ის ღმერთს ლოცვით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. შედეგად მის გულში სიმშვიდე ისადგურებს და ფიქრებით სხვაგან გადადის, რადგან ღმერთი მას იმდენად ცოცხლად აჩვენებს ხილვას, რომ თითქოს ყველაფერი რეალურად ხდება.

ენოქს, ალბათ, წამებით მოკლავდნენ, იეჰოვას რომ არ წაეყვანა

შესაძლოა ის ხილვაში ხედავს სრულიად განსხვავებულ სამყაროს, რომელიც ედემის ბაღივით თვალწარმტაცია, მაგრამ ერთი განსხვავებით — ქერუბიმები აღარ იცავენ ბაღის შესასვლელს და ადამიანები თავისუფლად მიმოდიან. ყველა, ქალი თუ კაცი, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა. მათ შორის სრული ჰარმონია და მშვიდობა სუფევს. ყველას ერთმანეთი უყვარს და რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მეტად აღარავის დევნიან. ენოქი ხომ სწორედ ასეთი სიძულვილის მსხვერპლი გახდა და კარგად იცოდა, რაოდენ მტკივნეული იყო ეს. ახლა ენოქი გრძნობს, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს იგი და იწონებს მას. იეჰოვა არწმუნებს, რომ მომავალში სწორედ ასეთ გარემოში იცხოვრებს. ნელ-ნელა ის უფრო და უფრო მშვიდდება, ხუჭავს თვალებს და ღრმა, ხანგრძლივ ძილს ეძლევა.

ენოქს დღემდე სიკვდილის ძილით სძინავს; ის იეჰოვა ღმერთის უსაზღვრო მეხსიერებაშია შემონახული! საუკუნეების შემდეგ იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველა, ვინც იეჰოვას მეხსიერებაში იყო, მოისმენდა ქრისტეს ხმას, აღდგებოდა და იხილავდა ულამაზეს ახალ ქვეყნიერებას, სადაც მშვიდობა იქნებოდა გამეფებული (იოანე 5:28, 29).

თქვენც ისურვებთ იქ ყოფნას? წარმოიდგინეთ ის ამაღელვებელი მომენტი, როცა ენოქს შეხვდებით. ალბათ, ბევრ საინტერესო რამეს მოვისმენთ მისგან. ის იმასაც გვეტყვის, რამდენად სწორად წარმოვისახეთ მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები. მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, დღესვე შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი რამის სწავლა მისგან. ენოქზე საუბრის შემდეგ პავლემ ასეთი დასკვნა გააკეთა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). მართლაც რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს ენოქი, ეს ღვთისმოშიში კაცი!

^ აბზ. 14 ზოგი ბიბლეისტის მტკიცებით, იუდა ამ სიტყვებს აპოკრიფული წიგნიდან, „ენოქის წიგნიდან“, ციტირებდა; მაგრამ გაურკვეველია, როდის დაიწერა ან ვინ დაწერა ის. ასე რომ, ენოქს ეს წიგნი სრულიად უსაფუძვლოდ მიაკუთვნეს. მართალია, მასში ზუსტად ისე წერია ენოქის წინასწარმეტყველება, როგორც სინამდვილეში იყო, მაგრამ შეიძლება ეს სიტყვები აღებულია უძველესი წყაროდან, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია; ეს შეიძლება ყოფილიყო წერილობით ან ზეპირსიტყვიერად გადმოცემული. როგორც ჩანს, იუდაც ამ უძველეს წყაროს დაეყრდნო ან ენოქის შესახებ თავად იესოსგან მოისმინა, რომელიც მას ზეციდან აკვირდებოდა.

^ აბზ. 20 როგორც ჩანს, ღმერთმა ამავე მიზნით გააქრო მოსესა და იესოს სხეულებიც (კანონი 34:5, 6; ლუკა 24:3—6; იუდა 9).

გაიგეთ მეტი

შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს?

პასუხს იობის, ლოტისა და დავითის ცხოვრება გაგვცემს, რომლებმაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს.