წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2017

რა შემთხვევაში მიგვიყვანს არასწორი დასკვნები ცუდ შედეგამდე?

რა შემთხვევაში მიგვიყვანს არასწორი დასკვნები ცუდ შედეგამდე?

ერთხელ ერთმა პატარა გოგონამ ქარხნის საკვამურიდან ამოსული კვამლი დაინახა და დაასკვნა, რომ ეს ქარხანა ფაფუკ, ფუმფულა ღრუბლებს აკეთებს. ასეთი არასწორი დასკვნები, რომლებსაც ბავშვები აკეთებენ, ხშირად ღიმილის მომგვრელია. მაგრამ რის თქმა შეიძლება, როცა საქმე გაცილებით სერიოზულ საკითხს, ჩვენს სიცოცხლეს ეხება? მაგალითად, თუ ყურადღებით არ წავიკითხავთ წამლის ანოტაციას, შეიძლება ამის გამო ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

რაც შეეხება სულიერ საკითხებს, თუ ამ მხრივ არასწორ დასკვნებს გავაკეთებთ, ამან შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგები მოგვიტანოს. მაგალითად, პირველ საუკუნეში იესოს ზოგმა მოწაფემ არასწორად გაიგო მისი სწავლებების მნიშვნელობა (იოანე 6:48—68). ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი გაეგოთ იმის შესახებ, რაც არ ესმოდათ, უმალვე უარყვეს ყველაფერი, რასაც იესო ასწავლიდა. რამხელა უგუნურება იყო ეს მათი მხრიდან?!

თუ ბიბლიას იმ მიზნით კითხულობთ, რომ შემდგომ მის თანახმად იცხოვროთ, ნამდვილად იმსახურებთ შექებას. არსებობს საშიშროება, რომ წაკითხულიდან გამომდინარე არასწორი დასკვნა გააკეთოთ? ბევრს სწორედ ასე მოსდის. განვიხილოთ სამი ბიბლიური მუხლი, რომლებსაც არასწორად იგებენ.

  • ზოგს არასწორად ესმის ბიბლიაში ჩაწერილი მოწოდება: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს“. ისინი ასკვნიან, რომ ღვთის მიმართ დამთრგუნველი, პანიკური შიში უნდა ჰქონდეთ (ეკლესიასტე 12:13). მაგრამ ღმერთს სულაც არ სურს, რომ მის თაყვანისმცემლებს ასეთი არასასიამოვნო გრძნობები გაუჩნდეთ მის მიმართ. ის ამბობს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10). სინამდვილეში ღვთის შიში ნიშნავს, გვქონდეს მისადმი შიშნარევი მოწიწება და ღრმა პატივისცემა.

  • მართლა ცეცხლით განადგურდება დედამიწა?

    ზოგს არასწორი დასკვნა გამოაქვს შემდეგი სიტყვების საფუძველზე: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] შობის დრო და სიკვდილის დრო“. ისინი ასკვნიან, რომ ღმერთს წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვინ როდის მოკვდება (ეკლესიასტე 3:1, 2). თუმცა ბიბლიის ეს მონაკვეთი საუბრობს სიცოცხლის ციკლზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ სიკვდილი ცხოვრების მწარე რეალობაა, რასაც დღეს ადამიანები ვერ გაექცევიან. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცხოვრებაში. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას შიში კაცს დღეებს მატებს“ (იგავები 10:27; ფსალმუნი 90:10; ესაია 55:3). ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპებით ვიცხოვრებთ, მოვერიდებით ყველაფერს, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, მაგალითად ლოთობას ან უზნეობას (1 კორინთელები 6:9, 10).

  • ზოგი პირდაპირი გაგებით იგებს ზეცასთან და დედამიწასთან დაკავშირებით ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს, რომ ისინი „ცეცხლისთვის არის . . . შემონახული“ და ასკვნის, რომ ღმერთი გაანადგურებს ჩვენს პლანეტას (2 პეტრე 3:7). მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ არასდროს დაუშვებს პირდაპირი გაგებით დედამიწის განადგურებას. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მყარ საფუძველზე აფუძნებ [ღმერთო] დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5; ესაია 45:18). ამ მუხლში საუბარია არა პირდაპირი გაგებით ჩვენს პლანეტაზე, არამედ დღევანდელ გახრწნილ, ბოროტ ქვეყნიერებაზე, რომელიც ისე შთაინთქმება სამუდამოდ, როგორც ცეცხლი შთანთქავს ყველაფერს. რაც შეეხება ცას, როცა ის პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული, შეიძლება მიუთითებდეს ხილულ ცაზე ან ღვთის სამყოფელზე. რასაკვირველია, არც ერთი მათგანი არ განადგურდება.

რატომ იგებენ ზოგჯერ ბიბლიას არასწორად?

როგორც ამ მაგალითებიდან დავინახეთ, ხალხი ხშირად არასწორად იგებს ბიბლიაში ჩაწერილ აზრებს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ მისი სიტყვა სხვადასხვანაირად გაეგოთ? ზოგი შეიძლება ფიქრობდეს: თუ ღმერთი ყოვლადბრძენი და ყოვლისმცოდნეა, რატომ არ არის მის სიტყვაში ყველაფერი ისე ნათლად და მარტივად ჩაწერილი, რომ ყველამ ადვილად გაიგოს? ახლა ვიმსჯელოთ  სამ მიზეზზე, თუ რატომ აკეთებენ ხშირად ბიბლიის კითხვისას არასწორ დასკვნებს:

  1. ბიბლია თავმდაბალი და სულიერს მოწყურებული ხალხისთვის დაიწერა. იესომ ასეთი სიტყვებით მიმართა თავის ზეციერ მამას: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (ლუკა 10:21). ბიბლია ისეა დაწერილი, რომ მის ცნობას მხოლოდ ისინი სწვდებიან, რომელთაც სწორი განწყობა და მოტივები აქვთ. „ბრძენები და ჭკვიანები“, რომელთა დამახასიათებელი თვისება სიამაყეა, ხშირ შემთხვევაში არასწორად იგებენ ბიბლიას. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც „ჩვილებივით“ თავმდაბლები არიან და სწავლის სურვილი აქვთ, უკეთ სწვდებიან ღვთის სიტყვას. მართლაც რა შეუდარებელი წიგნია ბიბლია!

  2. ბიბლია მათთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მის გასაგებად დახმარებისთვის ღმერთს მიმართავენ. იესომ თქვა, რომ ხალხს, ბოლომდე რომ გაეგოთ მისი სწავლებები, დახმარება დასჭირდებოდა. მან ისიც ახსნა, თუ როგორ შეიძლება ამ დახმარების მიღება: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით“ (იოანე 14:26). აქედან გამომდინარე, ღმერთი თავისი წმინდა სულით — მოქმედი ძალით — ეხმარება ადამიანებს, რომ ჩასწვდნენ მის სიტყვას. თუმცა ღმერთი არ აძლევს წმინდა სულს მათ, ვინც მას დახმარებას არ სთხოვს, ამიტომაც ასეთებს ხშირად უჭირთ ბიბლიის გაგება. წმინდა სული აგრეთვე აღძრავს ქრისტიანებს, რომლებიც ჩახედულნი არიან ბიბლიაში, დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ბიბლიის გაგების სურვილი აქვს (საქმეები 8:26—35).

  3. ბიბლიის ზოგიერთ მონაკვეთს ადამიანებისთვის სათანადო დროს მოეფინა ნათელი. მაგალითად, წინასწარმეტყველ დანიელს დაევალა, ისეთი რამ დაეწერა, რაც მომავალს ეხებოდა. ღვთის ანგელოზმა უთხრა მას: „დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს უკანასკნელ დრომდე“. საუკუნეების მანძილზე ამ წიგნს მრავალი ადამიანი კითხულობდა, მაგრამ ვერ იგებდა მის მნიშვნელობას. სინამდვილეში თვით დანიელსაც კი არ ესმოდა ზოგიერთი რამ, რაც თავად დაწერა. მან თავმდაბლურად აღიარა: „მოვისმინე, მაგრამ ვერ გავიგე“. საბოლოოდ, როცა ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა, ხალხი ჩასწვდა დანიელის წინასწარმეტყველების ზუსტ მნიშვნელობას. ანგელოზმა დანიელს უთხრა: „წადი, დანიელ, რადგან საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე“. ვინ ჩასწვდებოდა ამ ცნობას? პასუხს იქვე ვკითხულობთ: „ვერც ერთი ბოროტი ვერ გაიგებს ამ სიტყვებს, წვდომის უნარის მქონენი კი გაიგებენ“ (დანიელი 12:4, 8—10). ასე რომ, ღმერთი მანამ არ ჰფენს ნათელს ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს, სანამ ამისთვის შესაფერისი დრო არ დადგება.

მომხდარა ოდესმე ისე, რომ იეჰოვას მოწმეებსაც არასწორად გაუგიათ ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი? დიახ. მაგრამ როდესაც ღვთის ნებით ამ საკითხს ნათელი მოეფინა, მაშინვე შეიცვალეს თვალსაზრისი. მათ სჯერათ, რომ ამგვარად ჰბაძავენ ქრისტეს მოციქულებს, რომლებიც დაფიქრდნენ იესოს სიტყვებზე და თავმდაბლურად შეიცვალეს შეხედულება (საქმეები 1:6, 7).

ის, რაც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა პატარა გოგონამ გაიფიქრა, რომ თითქოს ცაში გაფანტული კვამლისგან ჩნდება ღრუბლები, უბრალოდ არასწორი დასკვნაა და მეტი არაფერი. მაგრამ ის, რასაც ბიბლია ასწავლის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ ამ საკითხში არასწორი დასკვნების გაკეთება ნამდვილად არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს. მასში ჩაწერილი ცნობა ზუსტად რომ გაიგოთ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ იქნებით დაიმედებული. ამიტომ ითხოვეთ დახმარება. მათ მიმართეთ, ვინც სწორი განწყობით, თავმდაბლურად იკვლევს ბიბლიას, ვინც მის გასაგებად ღვთის წმინდა სულს ითხოვს და, ვინც დარწმუნებულია, რომ სწორედ ახლა სურს ღმერთს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ბიბლიური ცნობა. შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიოთ ვებ-გვერდს jw.org, სადაც არაერთი სტატიაა განთავსებული, რაც ბიბლიის გაგებაში დაგეხმარებათ. ღვთის სიტყვაში ასეთი დანაპირებია ჩაწერილი: „თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს . . . შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ“ (იგავები 2:3—5).

გაიგეთ მეტი

ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ბიბლიაში ჩაწერილი?

გამოიკვლიეთ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო ბიბლიური აზრები და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გაიგეთ მათი ნამდვილი მნიშვნელობა.