წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2016

 ჩვენი არქივიდან

ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი ავტომანქანა, რომელიც მილიონებმა იხილეს

ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი ავტომანქანა, რომელიც მილიონებმა იხილეს

„ბრაზილიაში უფლის მსახურებისთვის მხოლოდ ერთი ავტომანქანა გვყავს. „საგუშაგო კოშკის“ ეს მანქანა, რომელიც ხმის გამაძლიერებლითაა აღჭურვილი, უკვე მილიონებმა იხილეს“ (ნათანიელ იული, 1938 წელი).

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების პირველ ხანებში ბრაზილიაში სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 1935 წელს პიონერებმა ნათანიელ და მოდ იულებმა წერილი გაუგზავნეს ჯოზეფ რუტერფორდს, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. წერილში მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მზად იყვნენ მსახურებისთვის ნებისმიერ ადგილას გადასულიყვნენ.

ნათანიელი, პენსიაზე გასული მშენებელ-ინჟინერი, იმ დროს 62 წლის იყო. იგი სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ კრებაში სამსახურებრივ ხელმძღვანელად მსახურობდა. ნათანიელი ორგანიზებას უწევდა სამქადაგებლო საქმეს და სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ხმის გამაძლიერებლებს იყენებდა. მან ახალი დავალება მიიღო. ის ფილიალის მსახურად დაინიშნა ბრაზილიაში. თავისი გამოცდილებითა და მონდომებით ნათანიელი ერთობ გამოსადეგი კაცი აღმოჩნდა ამ ვეებერთელა, მრავალენოვან ქვეყანაში.

1936 წელს ნათანიელი და მოდი ბრაზილიაში ჩავიდნენ. მათ თან ახლდათ ერთი პიონერი, ანტონიუ ანდრადე, რომელიც, ამავე დროს, მათი თარჯიმანი იყო. თან ჩაიტანეს შეუფასებელი ტვირთი — 35 პატეფონი და ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი ავტომობილი. იმ დროს ბრაზილიაში, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ქვეყანაში, 60-მდე სამეფოს მაუწყებელი იყო. ამ ინოვაციური საშუალებებით რამდენიმე წელიწადში მათ ხმა მილიონობით ადამიანს მიაწვდინეს.

ნათანიელისა და მოდის ჩასვლიდან ერთ თვეში ფილიალის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში პირველი სამსახურებრივი კონგრესის * ჩატარებას გაეწია ორგანიზება. მანქანის ხმის გამაძლიერებლით  ხალხს საჯარო მოხსენების მოსასმენად იწვევდნენ. მანქანას, როგორც ჩანს, მოდი მართავდა. ამ მოწვევას 110 ადამიანი გამოეხმაურა. კონგრესის პროგრამამ მაუწყებლები წაახალისა, მეტი დრო დაეთმოთ ქადაგებისთვის. მათ გაიგეს, როგორ უნდა ექადაგათ პუბლიკაციებით, სამქადაგებლო ბარათებითა და პატეფონებით, რომლითაც ხალხს ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ასმენინებდნენ ინგლისურ, გერმანულ, უნგრულ და პოლონურ ენებზე. მოგვიანებით ეს ჩანაწერები პორტუგალიურ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი.

ავტომანქანაზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით ბრაზილიაში სასიხარულო ცნობა მილიონობით ადამიანმა მოისმინა

1937 წელს სან-პაულუში, რიო-დე-ჟანეიროსა და კურიტიბაში ჩატარებულმა სამმა კონგრესმა სამქადაგებლო საქმეს ახალი ბიძგი მისცა. კონგრესის დელეგატებთან ერთად კარდაკარ საქადაგებლად ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი მანქანაც „მიდიოდა“. ერთმა ძმამ, ჟუზე მაგლოვსკიმ, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა იყო, მოგვიანებით დაწერა: „ბიბლიურ პუბლიკაციებს სტენდზე ვალაგებდით; აუდიოჩანაწერის ხმაზე ხალხი გარეთ გამოდიოდა და ჩვენ მათთან ვქადაგებდით“.

ვინც ნათლობისთვის მზად იყო, მდინარეებში ინათლებოდნენ. ახლომახლო ხალხი მზეს ეფიცხებოდა ხოლმე, რაც მათ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა. ხმის გამაძლიერებლიდან ძმა რუტერფორდის ნათლობის მოხსენება ჭექდა. ცნობისმოყვარე ადამიანები ავტომანქანას გარს შემოეხვეოდნენ ხოლმე და ისმენდნენ მოხსენების თარგმანს პორტუგალიურ ენაზე. შემდეგ ირთვებოდა სამეფოს სიმღერები პოლონურ ენაზე და მონათვლის მსურველები წყალში ინათლებოდნენ. და-ძმები სხვადასხვა ენაზე მღეროდნენ. „1938 წლის წელიწდეულში“ აღნიშნული იყო: „ეს მოვლენა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს მოგვაგონებდა, როცა ყველას თავ-თავისი ენა ესმოდა“.

ყოველ კვირა დღეს, დარსა თუ ავდარში, კონგრესის დასრულების შემდეგ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლით სან-პაულუსა და ახლომახლო მდებარე ქალაქების პარკებში, სახლებსა თუ ქარხნებში ხალხი ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ისმენდა. სან-პაულუს ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე კეთროვანთა კოლონიის 3 000 მცხოვრები ყოველთვიურ პროგრამას ისმენდა. დროთა განმავლობაში იქ კრება ჩამოყალიბდა. მძიმე სნეულებას ამ კრების წევრებისთვის ქადაგებაში ხელი არ შეუშლია. მათ ნებართვა აიღეს, რომ მანუგეშებელი ბიბლიური ცნობა კეთროვანთა სხვა კოლონიაშიც ექადაგათ.

1938 წლის მიწურულს აუდიოჩანაწერები პორტუგალიურ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი. მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ დღეს ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით სასაფლაოებთან 40 000-ზე მეტმა მგლოვიარემ მოისმინა აუდიოჩანაწერები სახელწოდებით: „სად არიან გარდაცვლილები?“, „იეჰოვა“ და „სიმდიდრე“.

სამღვდელოებას აღიზიანებდა ბიბლიური ცნობის ქადაგება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჩვენი მანქანის „დადუმებას“ მოითხოვდნენ. ერთხელ და იულიმ გაიხსენა შემთხვევა, როცა მღვდლის წაქეზებით ბრბო მანქანას გარს შემოერტყა. ბრბოს დასაშოშმინებლად ქალაქის მერი და პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ. მათ მთელი პროგრამა მოისმინეს. მერმა ბიბლიური ლიტერატურაც აიღო. იმ დღეს აურზაური ჩაცხრა. ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, „1940 წლის წელიწდეულში“ 1939 წელი ბრაზილიაში იეჰოვასადმი მსახურებისა და მისი სახელის განდიდების საუკეთესო წლად დასახელდა.

„საგუშაგო კოშკის“ ამ მანქანამ ბრაზილიის ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობის გავრცელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი მეშვეობით მილიონობით ადამიანმა მოისმინა ცნობა სამეფოს შესახებ. მართალია, 1941 წელს ყველასთვის კარგად ცნობილი მანქანა გაიყიდა, მაგრამ იეჰოვას მოწმეებისთვის ამას ხელი არ შეუშლია; ისინი დღემდე არ წყვეტენ ბრაზილიის ვეებერთელა ტერიტორიაზე გულწრფელ ადამიანებთან სასიხარულო ცნობის ქადაგებას (ჩვენი არქივიდან, ბრაზილია).

^ აბზ. 7 სამსახურებრივი კონგრესების დროს და-ძმები მსახურებაშიც გადიოდნენ ხოლმე.