წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2016

უერთგულეთ იეჰოვას

უერთგულეთ იეჰოვას

„იეჰოვა იყოს მარადიულად ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის“ (1 სამ. 20:42).

სიმღერები: 125, 62

1, 2. რატომ არის იონათანისა და დავითის მეგობრობა ერთგულების საუკეთესო მაგალითი?

იონათანი ალბათ გაოცებული იყო იმით, თუ როგორ დაამარცხა ყმაწვილმა დავითმა გოლიათი. იგი იონათანის მამის, ისრაელის მეფე საულის წინ იდგა და ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა (1 სამ. 17:57). საულის ვაჟი ალბათ აღფრთოვანებული დარჩა ამ ყმაწვილის სიმამაცით. აშკარად ჩანდა, რომ ღმერთი იყო დავითთან; ამიტომ „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“. მათ შეჰფიცეს ერთმანეთს, რადგან „მას [იონათანს] საკუთარი სულივით უყვარდა მისი [დავითის] სული“ (1 სამ. 18:1—3). იონათანი სიცოცხლის ბოლომდე დავითის ერთგული იყო.

2 დავითისადმი იონათანის ერთგულება არც მას შემდეგ შერყეულა, რაც ღმერთმა ისრაელის მომავალ მეფედ დავითი აირჩია. როცა გაიგო, რომ საული დავითს მოკვლას უპირებდა, იონათანი ძალიან შეწუხდა. იგი იუდეის უდაბნოში წავიდა, კერძოდ ხორეშში, „რათა განემტკიცებინა ის [დავითი] ღვთის სახელით“. იონათანმა მას უთხრა: „ნუ გეშინია . . . შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“ (1 სამ. 23:16, 17).

3. რას ეკავა იონათანის გულში უმთავრესი ადგილი და საიდან ვიცით ეს? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)

 3 ადამიანებს შორის ერთგულებას ყველანი ვაფასებთ. თუმცა, თუ მხოლოდ იონათანის დავითისადმი ერთგულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და არა ღვთისადმი იონათანის ერთგულებაზე, მნიშვნელოვანი რამ გამოგვრჩება მხედველობიდან. რატომ მიიჩნევდა იონათანი დავითს მეგობრად და არა მეტოქედ? როგორც ჩანს, იონათანისთვის საკუთარ წინსვლაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან დავითი „ღვთის სახელით“ განამტკიცა. ესე იგი, მის გულში ღვთისადმი ერთგულებას უმთავრესი ადგილი ეკავა. იონათანი იეჰოვას ერთგული რომ იყო, სწორედ ამიტომ ერთგულობდა დავითსაც. დადებული ფიცი, „იეჰოვა იყოს მარადიულად ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის“, არც ერთს არ გაუტეხია (1 სამ. 20:42).

4. ა) ვისადმი ერთგულება გვგვრის კმაყოფილებას და სიხარულს? ბ) რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

4 ჩვენ, ქრისტიანები, მარტო კი არ ვაფასებთ ერთგულებას ადამიანში, ჩვენ თვითონაც ერთგულები ვართ ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ თანაქრისტიანების მიმართ (1 თეს. 2:10, 11). მაგრამ ვისადმი ერთგულებას უნდა ეკავოს ჩვენს გულში უმთავრესი ადგილი? რასაკვირველია, მისადმი ერთგულებას, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა (გამოცხ. 4:11). ღვთის ერთგულება ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგვგვრის. თუ გვსურს, იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ, უნდა „მივეკრათ“ მას მაშინაც, როცა განსაცდელებს ვხვდებით. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იონათანის მაგალითზე, რაც დაგვეხმარება, რომ ვუერთგულოთ იეჰოვას მაშინ, როცა: 1) ვფიქრობთ, რომ ესა თუ ის უფლებამოსილი პირი ჩვენს პატივისცემას არ იმსახურებს, 2) არჩევანის წინაშე ვდგებით, ვის ვუერთგულოთ, 3) ჩვენი არ ესმით ან უსამართლოდ გვექცევიან და 4) პირადი ინტერესები ხელს გვიშლის, ვუერთგულოთ მას.

როცა ვფიქრობთ, რომ ესა თუ ის უფლებამოსილი პირი ჩვენს პატივისცემას არ იმსახურებს

5. რატომ გაუძნელდებოდა საულის მეფობის დროს ისრაელ ხალხს ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა?

5 ღმერთმა მეფედ იონათანის მამა, საული სცხო; თუმცა მოგვიანებით იგი ეურჩა ღმერთს და ღმერთმაც უარყო (1 სამ. 15:17—23). იეჰოვას საული მაშინვე არ ჩამოუგდია ტახტიდან. მეფის არასწორი საქციელი ღვთისადმი მის გარემოცვაში მყოფთა და ზოგადად, ისრაელი ხალხის ერთგულებას სცდიდა. მათთვის ადვილი არ იქნებოდა, ღვთის ერთგულები დარჩენილიყვნენ, რადგან მეფე, რომელიც „იეჰოვას ტახტზე“ იჯდა, არასწორად იქცეოდა (1 მატ. 29:23.).

6. საიდან ჩანს, რომ იონათანმა ღმერთს უერთგულა?

6 როდესაც საული პირველად ეურჩა იეჰოვას, იონათანი ღვთის ერთგული დარჩა (1 სამ. 13:13, 14). მას კარგად ახსოვდა წინასწარმეტყველ სამუელის სიტყვები: „არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო“ (1 სამ. 12:22). იონათანს ამ სიტყვებში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგალითად, ერთხელ ისრაელთან საბრძოლველად შეიკრიბა ფილისტიმელთა მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელიც 30 000 საომარი ეტლით იყო აღჭურვილი. საულს კი მხოლოდ 600-მდე მეომარი ახლდა, თანაც იარაღი მარტო მასა და იონათანს ჰქონდათ. იონათანმა სიმამაცე გამოიჩინა და თავის საჭურველთმტვირთველთან ერთად გაემართა ფილისტიმელთა ჯარისკენ. იონათანმა მას უთხრა: „ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“. მათ 20-მდე ფილისტიმელი მოკლეს. შემდეგ კი „ზანზარი დაიწყო მიწამ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა“. არეულობის გამო ფილისტიმელებმა ერთმანეთზე აღმართეს ხელი. როგორც ვხედავთ, იონათანს ღვთისადმი რწმენამ გამარჯვება მოაპოვებინა (1 სამ. 13:5, 15, 22; 14:1, 2, 6, 14, 15, 20).

7. როგორი ურთიერთობა ჰქონდა იონათანს მამამისთან?

7 მიუხედავად იმისა, რომ საულმა ღმერთთან  ურთიერთობა გაიფუჭა, იონათანი, როცა შეეძლო, მამამისს გვერდით ედგა. მაგალითად, ისინი მხარდამხარ იბრძოდნენ ღვთის ხალხის დასაცავად (1 სამ. 31:1, 2).

8, 9. როგორ აჩვენებს ჩვენი პატივისცემა უფლებამოსილთა მიმართ, რომ ღვთის ერთგულები ვართ?

8 იონათანის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვუერთგულოთ იეჰოვას, თუ მისი მოთხოვნისამებრ „უმაღლეს ხელისუფალთ“ დავემორჩილებით, თუნდაც ზოგი მათგანი ჩვენს თვალში პატივისცემას არ იმსახურებდეს. მაგალითად, ესა თუ ის სახელმწიფო მოხელე შეიძლება კორუმპირებული იყოს, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მას, როგორც თანამდებობის პირს, რადგან ღმერთი ჩვენგან „უმაღლეს ხელისუფალთა“ მიმართ მორჩილებას მოითხოვს (წაიკითხეთ რომაელების 13:1, 2). მაშასადამე, იეჰოვას რომ ვუერთგულოთ, პატივი უნდა ვცეთ მათ, ვისაც ის უფლებამოსილებით აღჭურავს (1 კორ. 11:3; ებრ. 13:17).

მეუღლის პატივისცემით, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, ღვთისადმი ერთგულებას ვავლენთ (იხილეთ მე-9 აბზაცი)

9 ერთი ჩვენი და, სახელად ოლგა, [1] რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს, თავის ქმარს პატივისცემით ეპყრობოდა მაშინაც კი, როცა ეს მისთვის რთული გასაკეთებელი იყო. ამგვარად, ოლგა ღვთის ერთგული რჩებოდა. იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე იყო, ოლგას თავისი ქმარი წლების განმავლობაში ცუდად ექცეოდა — შეურაცხყოფას აყენებდა, არ ელაპარაკებოდა, ემუქრებოდა, რომ ბავშვებს წაართმევდა და მიატოვებდა. თუმცა ოლგა მას სამაგიეროს არ უხდიდა. იგი ყველანაირად ცდილობდა, კარგი ცოლი და დიასახლისი ყოფილიყო. ის მზრუნველობას არც ქმრის ნათესავებს აკლებდა (რომ. 12:17). გარდა ამისა, თავის ქმარს შეძლებისდაგვარად თან დაჰყვებოდა, როცა მისი ნათესავები ან მეგობრები იკრიბებოდნენ. მაგალითად, როცა ოლგას მამამთილი გარდაეცვალა და დაკრძალვაზე დასასწრებად სხვა ქალაქში გამგზავრება გახდა საჭირო, მან ბავშვები გაამზადა და სამგზავროდ ყველაფერი მოამზადა. ოლგა თავის ქმარს დაკრძალვის ცერემონიალის დასრულებამდე ეკლესიის კართან ელოდებოდა. წლების განმავლობაში გამოვლენილი მოთმინებისა და პატივისცემის წყალობით ოლგას ქმარი მოლბა. დღეს მას ოლგა კრებაზე თვითონ მიჰყავს და ხანდახან მასთან ერთად თავადაც ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს (1 პეტ. 3:1).

როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, ვის ვუერთგულოთ

10. რის საფუძველზე გადაწყვიტა იონათანმა, დავითის ერთგული ყოფილიყო?

10 როცა საულმა დავითის მოკვლა განიზრახა, იონათანი არჩევანის წინაშე დადგა, თუ რომელს უერთგულებდა. მართალია, მას დავითთან  ერთგულების ფიცი ჰქონდა დადებული, მაგრამ, იმავდროულად, მამასაც ემორჩილებოდა. თუმცა, ვინაიდან იცოდა, რომ ღმერთი დავითთან იყო და არა საულთან, იონათანმა დავითისადმი ერთგულება მამის ერთგულებაზე წინ დააყენა. იონათანმა ჯერ გააფრთხილა დავითი, რომ სადმე დამალულიყო, შემდეგ კი საულს მასზე კარგი ელაპარაკა (წაიკითხეთ 1 სამუელის 19:1—6).

11, 12. როგორ გვეხმარება ღვთის სიყვარული, რომ მას ვუერთგულოთ?

11 ერთ ავსტრალიელ დას, ალისას იმის გაცნობიერება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის ერთგულება იყო, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. როდესაც მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ოჯახის წევრებს აღფრთოვანებული უყვებოდა იმას, რასაც სწავლობდა. მოგვიანებით ალისამ მათ უთხრა, რომ შობის აღნიშვნას აღარ აპირებდა და ამის მიზეზიც აუხსნა. დროთა განმავლობაში მისი ოჯახის წევრები მის მიმართ ძალიან უარყოფითად განეწყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ალისამ ოჯახს ზურგი აქცია. იგი იხსენებს: „ბოლოს დედამ მითხრა, მორჩა, ჩემი შვილი აღარ ხარო. გაოგნებული დავრჩი. მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა, რადგან ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, რომ იეჰოვასა და მის ძეზე წინ არავინ დამეყენებინა. მომდევნო კონგრესზე მოვინათლე კიდეც“ (მათ. 10:37).

12 თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ქვეყნის, სკოლის ან სპორტული გუნდის ერთგულებამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს ღვთისადმი ერთგულების გამოვლენაში. მაგალითად, ჰენრის ძალიან უყვარს ჭადრაკი. მისი სკოლა საჭადრაკო ჩემპიონატებში ყოველთვის იმარჯვებდა. ჰენრის სურდა, რომ ამ ტრადიციის გამგრძელებელი თვითონაც ყოფილიყო. მან აღნიშნა: „დროთა განმავლობაში სკოლის ერთგულებამ ღვთის ერთგულებაზე წინ გადაინაცვლა. ვინაიდან საჭადრაკო მეცადინეობა ძირითადად შაბათ-კვირას გვქონდა, ქადაგებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ამიტომ გადავწყვიტე სკოლის საჭადრაკო გუნდის დატოვება“ (მათ. 6:33).

13. როგორ გვეხმარება ღვთის ერთგულება მაშინ, როცა ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებები იჩენს თავს?

13 ზოგჯერ ძალიან რთულია, ერთდროულად ოჯახის სხვადასხვა წევრს უერთგულო. მაგალითად, კენი იხსენებს: „დედა ასაკოვანი იყო; მინდოდა, ხშირად მომენახულებინა და ზოგჯერ ჩვენთანაც წამომეყვანა. მაგრამ დედაჩემი და ჩემი ცოლი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ერთის აზრს რომ ვითვალისწინებდი, მეორე ნაწყენი მრჩებოდა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ პირველ რიგში, ცოლის ერთგული უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ ისეთი გამოსავალი მოვძებნე, რომელიც ჩემი მეუღლისთვის მისაღები იქნებოდა“. კენმა ცოლს აუხსნა, თუ რატომ უნდა მოპყრობოდა დედამთილს თბილად, ხოლო დედამისს აუხსნა, თუ რატომ უნდა ეცა პატივი რძლისთვის. ამაში მას ღვთის ერთგულება და მისი სიტყვის პატივისცემა დაეხმარა (წაიკითხეთ დაბადების 2:24; 1 კორინთელების 13:4, 5).

როცა ჩვენი არ ესმით ან უსამართლოდ გვექცევიან

14. როგორ მოექცა საული იონათანს?

14 იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება შეიძლება მაშინაც გამოიცადოს, როცა უსამართლოდ გვექცევა ის, ვისაც საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია. შესაძლოა ასეთი გამოცდის წინაშე იონათანიც დამდგარიყო. ღვთის ცხებულმა მეფემ, საულმა იცოდა, რომ მისი ვაჟი დავითთან მეგობრობდა, თუმცა არ ესმოდა რატომ. საული განურისხდა იონათანს და დაამცირა. მიუხედავად ამისა, იონათანს მამისთვის სამაგიერო არ გადაუხდია. ის ერთგული დარჩა ღვთისაც და დავითისაც, რომელიც მომავალში ისრაელის მეფე გახდებოდა (1 სამ. 20:30—41).

15. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე უსამართლოდ გვექცევა?

15 იშვიათად, რომ იეჰოვას მოწმეთა კრებებში ვინმე უსამართლოდ მოგვეპყროს. თუმცა ისინი, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, არასრულყოფილები არიან და ჩვენი ესა თუ ის ქმედება შეიძლება არასწორად შეაფასონ (1 სამ. 1:13—17). თუკი ვერ გაგვიგებენ  ან უსამართლოდ მოგვექცევიან, მოდი, მაინც იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ!

როცა პირადი ინტერესები ხელს გვიშლის, ვუერთგულოთ ღმერთს

16. რა და რა შემთხვევაში მოითხოვს ღვთის ერთგულება თავგანწირვას?

16 საული იონათანს მოუწოდებდა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ეზრუნა (1 სამ. 20:31). თუმცა ღვთის ერთგულება დაეხმარა იონათანს, რომ ბოლომდე დავითის ერთგული მეგობარი ყოფილიყო და თავის მეფობაზე არ ეფიქრა. იონათანის მსგავსად, ჩვენც რომ გვქონდეს თავგანწირვის სული, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას მოსაწონი ადამიანი „არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს“ (ფსალმ. 15:4). იონათანს დავითთან დადებული პირობა არ დაურღვევია; დადებული პირობა არც ჩვენ უნდა დავარღვიოთ. მაგალითად, თუ საქმიანი ხელშეკრულების პირობების დაცვა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით, ღვთის ერთგულებამ და მისი სიტყვის პატივისცემამ პირობის შესრულებისკენ უნდა აღგვძრას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ დაქორწინების შემდეგ იმედგაცრუება დაგვეუფლა? ღვთის სიყვარული უდავოდ აღგვძრავს, ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრს (წაიკითხეთ მალაქიას 2:13—16).

საქმიანი ხელშეკრულების პირობების დაცვაში ღვთის ერთგულება და მისი სიტყვის პატივისცემა დაგვეხმარება (იხილეთ მე-16 აბზაცი)

17. რაში დაგეხმარათ ეს სტატია?

17 როდესაც იონათანზე ვფიქრობთ, გვიჩნდება იმის სურვილი, რომ მის მსგავსად ვუერთგულოთ იეჰოვას. მოდი, ნუ იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი საკუთარი ინტერესების დაცვა. იონათანის მსგავსად მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუერთგულებთ იეჰოვას, თუ მისი ხალხის ერთგულები ვიქნებით მაშინაც კი, როცა გულს გვტკენენ. როდესაც ღვთის ერთგულები ვრჩებით განსაცდელების დროს, გულს ვუხარებთ იეჰოვას; ეს კი, თავის მხრივ, უდიდეს კმაყოფილებას გვანიჭებს (იგავ. 27:11). თუ ბოლომდე ვუერთგულებთ იეჰოვას, საკუთარი თვალით დავინახავთ, როგორ გვაკურთხებს. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ მათზე, ვინც დავითის თანამედროვენი იყვნენ. ზოგი მათგანი ღვთის ერთგული იყო, ზოგი — არა. ვნახოთ, რის სწავლა შეიძლება მათი შემთხვევებიდან.

^ [1] (აბზაცი 9) ზოგი სახელი შეცვლილია.