წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2016

მიჰბაძეთ იეჰოვას ახლო მეგობრებს!

მიჰბაძეთ იეჰოვას ახლო მეგობრებს!

„იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმ. 25:14).

სიმღერები: 106, 118

13. ა) რის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ღმერთთან დამეგობრება შესაძლებელია? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ბიბლიაში ღვთის მეგობარი მხოლოდ აბრაამს ეწოდება (ეს. 41:8; იაკ. 2:23). ნიშნავს ეს იმას, რომ მის გარდა სხვა არავინ ყოფილა ღვთის მეგობარი? რა თქმა უნდა, არა. როგორც წმინდა წერილებიდან ვიგებთ, იეჰოვას სხვა მეგობრებიც ჰყოლია და მასთან დამეგობრება თითოეულს შეგვიძლია.

2 ბიბლიაში მრავლადაა ღვთის იმ ერთგულ მსახურთა მაგალითები, რომელთაც იეჰოვას შიში ჰქონდათ, რწმენას ავლენდნენ მისადმი და მისი ახლო მეგობრები ხდებოდნენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14). ერთხელ მოციქულმა პავლემ „მოწმეთა . . . დიდი ღრუბელი“ ახსენა; დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი ღვთის მეგობარი იყო (ებრ. 12:1). თუმცა ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ.

3 მოდი, მიმოვიხილოთ ღვთის სამი ახლო მეგობრის, კერძოდ მოაბელი ქვრივის, რუთის, იუდას მეფე ხიზკიასა და იესოს დედის, მარიამის ისტორიები. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია მათგან.

მან ერთგულება გამოიჩინა

4, 5. რა გადაწყვეტილების წინაშე დადგა რუთი და რატომ იყო მისთვის ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

4 წარმოიდგინეთ, რომ სამი ქვრივი ქარიან დღეს მოაბის ველზე  გრძელ გზას მიუყვება. ესენი არიან ნაომი და მისი რძლები, რუთი და ორფა. ორფა სახლში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს და შორდება მათ, ნაომი კი თავისი სამშობლოსკენ, ისრაელისკენ აგრძელებს გზას. რუთი ჯერ კიდევ მასთანაა. იგი ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დგება — ან თავის ხალხთან უნდა დაბრუნდეს მოაბში, ან დედამთილს გაჰყვეს ბეთლემში (რუთ. 1:1—8, 14).

5 რუთს ადვილად შეეძლო ეფიქრა, რომ მოაბში დედა და ნათესავები იზრუნებდნენ მასზე. მოაბი მისი სამშობლო იყო, იქაური კულტურა — მისი კულტურა, იქაური ენა — მისი მშობლიური ენა, ხოლო იქაური ხალხი — მისი ხალხი. თუ ნაომის გაჰყვებოდა ბეთლემში, რუთი სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც სთხოვდა ნაომი თავის რძალს მოაბში დაბრუნებას. იგი შიშობდა, რომ რუთს ვერც ქმარს მოუძებნიდა და ვერც თავშესაფარს. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა რუთი? ორფა „დაუბრუნდა . . . თავის ხალხსა და ღმერთებს! (რუთ. 1:9—15). რუთსაც ხომ არ უნდოდა თავისი ხალხის ღმერთებთან დაბრუნება? არა.

6. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო რუთმა? ბ) რატომ თქვა ბოაზმა რუთზე, რომ იეჰოვას ფრთებქვეშ მოიძია თავშესაფარი?

6 რუთი იეჰოვას შესახებ, სავარაუდოდ, თავისი ქმრისგან ან დედამთილისგან გაიგებდა. მან იცოდა, რომ იეჰოვა მოაბის ღმერთებს არ ჰგავდა და სიყვარულსა და თაყვანისცემას მხოლოდ ის იმსახურებდა. თუმცა მარტო ამის ცოდნა როდი კმაროდა. რუთს გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო. რას იზამდა? აირჩევდა იეჰოვას თავის ღმერთად? მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. რუთმა დედამთილს უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:16). გულს სითბოთი გვივსებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უყვარდა რუთს ნაომი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას იეჰოვა უყვარდა. მოგვიანებით ბოაზმა შეაქო რუთი იმისათვის, რომ იეჰოვას ფრთებქვეშ მოიძია თავშესაფარი (წაიკითხეთ რუთის 2:12), ისევე როგორც ბარტყი ეძებს თავშესაფარს ღონიერი და მზრუნველი დედის ფრთებქვეშ (ფსალმ. 36:7; 91:1—4). იეჰოვა სწორედ ასეთი მშობელი გახდა რუთისთვის. ღმერთმა იგი აკურთხა მისი რწმენისთვის. რუთს მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

7. რა დაეხმარება მათ, ვინც აყოვნებს იეჰოვასთვის თავის მიძღვნას?

7 ბევრი იცნობს იეჰოვას, მაგრამ მასთან არ ეძებს თავშესაფარს — არ უძღვნის მას თავს და არ ინათლება. თუ შენც აყოვნებ იეჰოვასთვის თავის მიძღვნას, დაფიქრდი, რა არის ამის მიზეზი. ყველა ადამიანი ამა თუ იმ ღმერთს სცემს თაყვანს (იეს. 24:15). გონივრული იქნება, თუ იმ ღმერთის თაყვანისმცემელი გახდები, რომელიც ამას იმსახურებს. თავის მიძღვნით იეჰოვას დაუმტკიცებ, რომ მისადმი რწმენა გაქვს. ის დაგეხმარება, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იცხოვრო და ნებისმიერი სირთულე გადალახო. იეჰოვა ხომ რუთსაც ასე დაუდგა მხარში.

წარსულის მიუხედავად „მიეკრა ის იეჰოვას“

8. როგორი წარსული ჰქონდა ხიზკიას?

8 რუთისგან განსხვავებით, ხიზკია იეჰოვასადმი მიძღვნილ ერში დაიბადა. თუმცა იმ დროს ყველა ისრაელი როდი ცხოვრობდა მიძღვნის თანახმად. ამის მაგალითია ხიზკიას მამა, ბოროტი ახაზი, რომელმაც იუდას სამეფო კერპთაყვანისმცემლობაში გახვია; მან იერუსალიმში იეჰოვას ტაძარიც კი წაბილწა. წარმოსადგენადაც კი რთულია, რამდენად მძიმე ბავშვობა ექნებოდა ხიზკიას. ზოგი მისი ძმა საშინელი სიკვდილით მოკვდა — მამამისმა ისინი ცრუ ღმერთისთვის შესაწირავად ცეცხლში დაწვა (2 მეფ. 16:2—4, 10—17; 2 მატ. 28:1—3).

9, 10. ა) რატომ შეიძლებოდა ხიზკია გაბოროტებულიყო? ბ) რატომ არ უნდა განვურისხდეთ ღმერთს? გ) რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ოჯახური გარემო განსაზღვრავს იმას, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოვყალიბდებით?

 9 ხიზკია ადვილად შეიძლებოდა გაბოროტებულიყო, მრისხანე ადამიანად ჩამოყალიბებულიყო და იეჰოვასთვის ზურგი ექცია. ზოგი, ვისაც ცხოვრებაში გაცილებით ნაკლები სირთულე ჰქონია, ფიქრობს, რომ იეჰოვაზე ან მის ორგანიზაციაზე განრისხების საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა (იგავ. 19:3). ზოგი ამტკიცებს, რომ ცუდ გზაზე დადგომისკენ არაჯანსაღმა ოჯახურმა გარემომ უბიძგა; და თუ მშობლების შეცდომებს იმეორებენ, მათი აზრით, ესეც არაჯანსაღი ოჯახური გარემოს ბრალია (ეზეკ. 18:2, 3). აქვს გამართლება ამგვარ მოსაზრებებს?

10 ხიზკიას ცხოვრებიდან ცალსახად ჩანს, რომ ამგვარ მოსაზრებებს გამართლება არა აქვს. იეჰოვაზე განრისხების საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს, რადგან მისი ბრალი არ არის, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ადამიანებს უბედურება ატყდებათ თავს (იობ. 34:10). ის, თუ რა გზას დაადგებიან შვილები, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე (იგავ. 22:6; კოლ. 3:21). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის მომავალს მხოლოდ მისი ოჯახური გარემო განსაზღვრავს. იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა ძვირფასი ძღვენი — უნარი იმისა, რომ თავად გადავწყვიტოთ, ვინ ვიქნებით და რას გავაკეთებთ (კან. 30:19). როგორ გამოიყენა ხიზკიამ ეს ძღვენი?

ბევრი ახალგაზრდა იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ოჯახურ გარემოში გაიზარდა, ღვთის თაყვანისმცემელი გახდა (იხილეთ მე-9 და მე-10 აბზაცები)

11. როგორ გახდა ხიზკია იუდას ერთ-ერთი საუკეთესო მეფე?

11 მართალია, ხიზკია იუდას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეფის შვილი იყო, მაგრამ თავად ერთ-ერთი საუკეთესო მეფე გახდა (წაიკითხეთ 2 მეფეების 18:5, 6). მამამისისგან მას შეიძლებოდა ბევრი ცუდი რამ ესწავლა, თუმცა ის ცდილობდა, სხვებისგან ესწავლა კარგი. მის დროს წინასწარმეტყველებდნენ ესაია, მიქა და ოსია. ხიზკია ალბათ გულისყურით ეკიდებოდა ღვთის ამ ერთგულ მსახურთა სიტყვებს და გულში იბეჭდავდა იეჰოვას რჩევებსა თუ მითითებებს. ამან აღძრა იგი, რომ გამოესწორებინა მამამისის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. მან განწმინდა ტაძარი, შეასრულა ხალხის ცოდვების გამოსყიდვის წესი და ყველგან მოსპო კერპები (2 მატ. 29:1—11,  18—24; 31:1). როცა ასურელთა მეფე სინახერიბმა იერუსალიმზე იერიშის მიტანა დააპირა, ხიზკიამ გასაოცარი გაბედულება და რწმენა გამოავლინა. იგი ღმერთს მიენდო და თავისი ხალხი სიტყვითა და პირადი მაგალითით გაამხნევა (2 მატ. 32:7, 8). მოგვიანებით, როცა ხიზკია გადიდგულდა და მას იეჰოვამ რჩევა მისცა, მან დაიმდაბლა თავი და მოინანია (2 მატ. 32:24—26). როგორც ვხედავთ, ხიზკიამ არ დაუშვა, რომ წარსულს მისთვის მომავალი წაერთმია. მან თავისი ცხოვრებით აჩვენა, რომ იეჰოვას მეგობარი იყო. ხიზკიამ მართლაც ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა.

12. როგორ ცხადყოფს ბევრი ქრისტიანი, რომ იეჰოვას მეგობარია?

12 ჩვენ უსიყვარულო და ძალადობით აღსავსე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ბავშვს მშობლებისგან სითბო და სიყვარული არ უგრძნია (2 ტიმ. 3:1—5). ბევრი ქრისტიანი ცუდ ოჯახურ გარემოში გაიზარდა, მაგრამ მაინც დაუმეგობრდა იეჰოვას. ხიზკიას მსგავსად, ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ ადამიანის წარსული არ განსაზღვრავს მის მომავალს. ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული ძღვენი — ნების თავისუფლება უბოძა. მოდი, ეს ძღვენი იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ხიზკიას მსგავსად, ჩვენც მივეკრათ იეჰოვას და პატივი და დიდება მივაგოთ მას.

მან თქვა: „იეჰოვას მხევალი ვარ!“

13, 14. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მარიამს ღვთისგან მიღებული დავალება სანერვიულოს გაუჩენდა და რა უთხრა მან გაბრიელს?

13 ხიზკიას დროიდან საუკუნეების შემდეგ ნაზარეთში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა თავმდაბალი ქალი, რომელიც იეჰოვას მეგობარი იყო. მან ღვთისგან ისეთი დავალება მიიღო, როგორიც არც ერთ ადამიანს არ მიუღია. მას მუცლით უნდა ეტარებინა, გაეჩინა და შემდეგ აღეზარდა ღვთის მხოლოდშობილი ძე. წარმოიდგინეთ, რამდენად კეთილგანწყობილი უნდა ყოფილიყო იეჰოვა ელის ქალიშვილის, მარიამის მიმართ, რომ ამხელა ნდობა გამოეცხადებინა. მაგრამ საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა მარიამს, ამ დავალებას რომ მიიღებდა?

„იეჰოვას მხევალი ვარ!“ (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

14 მართალია, მარიამი ამას დიდ პატივად ჩათვლიდა, მაგრამ სანერვიულოც ბევრი გაუჩნდებოდა. ღვთის ანგელოზმა გაბრიელმა მას უთხრა, რომ სასწაულებრივად, სქესობრივი კავშირის გარეშე დაფეხმძიმდებოდა. თანაც გაბრიელს მარიამის ოჯახის წევრებისა თუ მეზობლებისთვის არ შეუტყობინებია, თუ როგორ დაფეხმძიმდებოდა. რას იფიქრებდნენ ისინი? მარიამი ალბათ იმაზეც იდარდებდა, თუ როგორ შეძლებდა თავისი საქმროს, იოსების დარწმუნებას იმაში, რომ მისთვის არ უღალატია. გარდა ამისა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იქნებოდა უზენაესი ღვთის მხოლოდშობილი ძის აღზრდა და მასზე ზრუნვა. მართალია, დანამდვილებით არ ვიცით, რა აზრები უტრიალებდა თავში მარიამს, როცა გაბრიელი ელაპარაკებოდა, მაგრამ ის კი ვიცით, თუ რა უთხრა  გაბრიელს: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:26—38).

15. რატომ არის მარიამის რწმენა გასაოცარი?

15 მართლაც გასაოცარი რწმენა გამოიჩინა მარიამმა. როგორც მხევალი, იგი მზად იყო თავისი ბატონის, იეჰოვას ნება-სურვილის შესასრულებლად. ამ ერთგულმა ქალმა საკუთარი თავი ღმერთს ჩააბარა; იგი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე და წარმართავდა მის ცხოვრებას. მარიამს სურდა, ისე ემსახურა იეჰოვასთვის, როგორც ის ჩათვლიდა საჭიროდ. საიდან ჰქონდა მას ასეთი რწმენა? როგორც ვიცით, რწმენა მემკვიდრეობით არ გადმოგვეცემა. მის განსავითარებლად ძალისხმევა და ღვთის კურთხევაა საჭირო (გალ. 5:22; ეფეს. 2:8). ჩანს საიდანმე, რომ მარიამი რწმენის განმტკიცებას ძალისხმევას ახმარდა? რა თქმა უნდა! მოდი, ვიმსჯელოთ, თუ როგორი მსმენელი იყო მარიამი და რაზე საუბრობდა.

16. საიდან ჩანს, რომ მარიამი კარგი მსმენელი იყო?

16 როგორი მსმენელი იყო მარიამი. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკ. 1:19). კარგი მსმენელი იყო მარიამი? როგორც ჩანს, კი. ლუკას სახარებაში ორჯერაა აღნიშნული, რომ მარიამი ყურადღებით ისმენდა ღრმა სულიერი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს და შემდეგ ფიქრობდა. მაგალითად, იესო რომ დაიბადა, მწყემსებმა მარიამს ანგელოზის ნათქვამი გადასცეს. ამ მოვლენიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ ყმაწვილმა იესომ ისეთი რამ თქვა, რასაც უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მარიამმა ყურადღებით მოისმინა, დაიმახსოვრა და იფიქრა იმაზე, რაც მას უთხრეს (წაიკითხეთ ლუკას 2:16—19, 49, 51).

17. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ რაზე საუბრობდა მარიამი?

17 რაზე საუბრობდა მარიამი. ბიბლიაში მარიამის სიტყვები ბევრგან არ გვხვდება. ყველაზე გრძელი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა, ლუკას 1:46—55-შია ჩაწერილი. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვხედავთ, რომ მან კარგად იცოდა წმინდა წერილები. ამაზე მოწმობს ის, რომ მისი ლოცვა აზრობრივად ემთხვევა წინასწარმეტყველ სამუელის დედის, ხანას ლოცვას (1 სამ. 2:1—10). მარიამმა თავის სიტყვაში, სავარაუდოდ, 20-ჯერ მოიყვანა ესა თუ ის აზრი წმინდა წერილებიდან. როგორც ვხედავთ, მას არ უჭირდა სულიერ საკითხებზე საუბარი. მარიამს თავისუფლად შეეძლო იმაზე ლაპარაკი, რაც გულში ჰქონდა ჩაბეჭდილი და რაც თავისი ახლო მეგობრისგან, იეჰოვა ღმერთისგან ჰქონდა ნასწავლი.

18. რაში შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს?

18 მარიამის მსგავსად, დროდადრო ჩვენც შეიძლება მივიღოთ იეჰოვასგან ერთი შეხედვით რთულად შესასრულებელი დავალებები. მოდი, მივბაძოთ მარიამს, ღმერთს ჩავაბაროთ ჩვენი თავი და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგი ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედებს. ისეთივე რწმენა რომ გვქონდეს, როგორიც მარიამს ჰქონდა, აუცილებელია, ყურადღებით მოვისმინოთ, რასაც იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ვიგებთ, ვიფიქროთ სულიერ საკითხებზე და სიხარულით გავუზიაროთ სხვებს ნასწავლი (ფსალმ. 77:11, 12; ლუკ. 8:18; რომ. 10:15).

19. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ ღვთის ერთგულ მსახურებს რწმენაში მივბაძავთ?

19 ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ვიღას შეეპარება ეჭვი იმაში, რომ რუთი, ხიზკია და მარიამი იეჰოვას მეგობრები იყვნენ, როგორც თავის დროზე აბრაამი? მათ გარდა, ღვთის მეგობრები იყვნენ ისინიც, ვისაც ბიბლიაში „მოწმეთა . . . დიდი ღრუბელი ეწოდება“ და კიდევ სხვა უამრავი ღვთის ერთგული მსახური. მოდი, ყოველთვის მივბაძოთ მათ რწმენაში (ებრ. 6:11, 12). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენსა და იეჰოვას შორის მეგობრობა მარადიულად გასტანს. ეს მართლაც უდიდესი ჯილდოა!