წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2016

იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა

იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა

„შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ, იაკობ, ჩემო ამორჩეულო, ჩემი მეგობრის, აბრაამის შთამომავალო“ (ეს. 41:8).

სიმღერები: 91, 22

1, 2. ა) საიდან ვიგებთ, რომ შესაძლებელია ადამიანი ღმერთს დაუმეგობრდეს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა ადამიანს აქვს სიყვარულის მოთხოვნილება, თუმცა არა მხოლოდ რომანტიკული სიყვარულის. ჩვენ მეგობრობისა და ურთიერთობის მოთხოვნილებაც გვაქვს. მაგრამ არსებობს სიყვარული, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, და ეს იეჰოვას სიყვარულია. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთს, უხილავ სულს დაუმეგობრდეს. თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.

2 ბიბლიაში მრავლად არის მაგალითები იმისა, რომ არასრულყოფილი ადამიანები ღმერთს უმეგობრდებოდნენ. ამ მაგალითებზე ფიქრი აუცილებელია, რადგან იეჰოვასთან მეგობრობა არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომლის დასახვაც შეიძლება. ღმერთთან მეგობრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი აბრაამმა დაგვიტოვა (წაიკითხეთ იაკობის 2:23). როგორ დაუმეგობრდა იგი იეჰოვას? ამაში გადამწყვეტი როლი მისმა  რწმენამ ითამაშა. ბიბლიაში აბრაამს „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდება (რომ. 4:11). მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ დაეხმარა რწმენა აბრაამს ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში. დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: „რა დამეხმარება, რომ მეც ისეთივე რწმენა მქონდეს, როგორიც აბრაამს ჰქონდა? და როგორ განვამტკიცო იეჰოვასთან მეგობრობა?“.

როგორ გახდა აბრაამი იეჰოვას მეგობარი

3, 4. ა) რა იქნებოდა აბრაამისთვის რწმენის უდიდესი გამოცდა? ბ) რატომ იყო აბრაამი მზად ისაკის შესაწირავად?

3 წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ხანდაზმული აბრაამი ნელი ნაბიჯებით მიუყვება მთის ფერდობს. მისთვის ეს ალბათ ყველაზე რთულად გასავლელი გზაა, თუმცა არა ასაკის გამო. მართალია, იგი დაახლოებით 125 წლისაა, მაგრამ ჯან-ღონითაა სავსე. [1] უკან მას თავისი ვაჟი, 25 წლის ისაკი მიჰყვება. ისაკს შეშა მიაქვს, აბრაამს კი — დანა. იეჰოვას მოთხოვნით მან საკუთარი ძე უნდა შესწიროს მსხვერპლად (დაბ. 22:1—8).

4 აბრაამისთვის ეს რწმენის უდიდესი გამოცდა იქნებოდა. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი სასტიკია, ვინაიდან აბრაამს შვილის შეწირვა მოსთხოვა. ზოგი კი აბრაამის მორჩილებას ბრმას უწოდებს და მას გულქვაობაში ადანაშაულებს. ისინი ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ არც რწმენა აქვთ და არც ის ესმით, თუ რა ძალა აქვს რწმენას (1 კორ. 2:14—16). აბრაამი ღმერთს ბრმად არ დამორჩილებია. მას ღრმად სწამდა, რომ ზეციერი მამა, იეჰოვა, არასოდეს მოსთხოვდა თავის ერთგულ მსახურებს ისეთ რამეს, რაც მათ ხანგრძლივ ზიანს მიაყენებდა. აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ თუ დაემორჩილებოდა იეჰოვას, იგი აკურთხებდა მასაც და მის შვილსაც. რას ეფუძნებოდა აბრაამის რწმენა? ცოდნასა და გამოცდილებას.

5. სავარაუდოდ, როგორ გაიცნო აბრაამმა იეჰოვა და რაში დაეხმარა მას ღვთის შესახებ მიღებული ცოდნა?

5 ცოდნა. აბრაამი ქალდეველთა ქალაქ ურში გაიზარდა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა, თუმცა მან მაინც გაიცნო იეჰოვა. საინტერესოა, ვისი მეშვეობით? მამამისი თერახი ხომ კერპთაყვანისმცემელი იყო?! (იეს. 24:2). ბიბლია ამის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა გვამცნობს იმას, რომ აბრაამი ნოეს ერთ-ერთი ვაჟის, მორწმუნე კაცის, სემის შთამომავალი იყო, მისგან მეცხრე თაობა. აბრაამი დაახლოებით 150 წლის იყო, როცა სემი გარდაიცვალა. დანამდვილებით არ ვიცით, სემის მეშვეობით გაიცნო თუ არა იეჰოვა აბრაამმა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სემი თავისი ოჯახის წევრებს იეჰოვას შესახებ მოუყვებოდა. ალბათ ასე გაიცნო აბრაამმა ღმერთი და შეიყვარა. სწორედ ღვთის შესახებ ცოდნა დაეხმარა აბრაამს რწმენის შეძენაში.

6, 7. როგორ განუმტკიცა აბრაამს რწმენა იმან, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა?

6 გამოცდილება. როგორ განუმტკიცა აბრაამს იეჰოვასადმი რწმენა იმან, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა? როგორც წესი, ფიქრები ადამიანს აღუძრავს გრძნობებს, ხოლო გრძნობები აღძრავს მას მოქმედებისკენ. იეჰოვას გაცნობამ აბრაამში წარმოშვა ღრმა მოწიწება „უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და მიწის შემქმნელის“ მიმართ (დაბ. 14:22). ბიბლია ამ შინაგან განცდას „ღვთის შიშს“ უწოდებს, რომელიც აუცილებელია ღმერთთან ახლო მეგობრობის განსავითარებლად (ებრ. 5:7; ფსალმ. 25:14). სწორედ ღვთის შიშმა აღძრა აბრაამი მოქმედებისკენ.

7 ღმერთმა მოხუცებულ აბრაამსა და სარას ურის დატოვება და უცხო ქვეყანაში გადასვლა უბრძანა. მათ მთელი ცხოვრება კარვებში უნდა გაეტარებინათ. აბრაამი დაემორჩილა იეჰოვას, რის გამოც ღმერთი მას კურთხევებსა და მფარველობას არ  აკლებდა. ერთხელ აბრაამს ძალიან შეეშინდა, რომ მისთვის ლამაზი ცოლი არ წაერთმიათ, ხოლო იგი არ მოეკლათ. მისი შიში არ იყო საფუძველს მოკლებული, თუმცა იგი მაინც დაემორჩილა იეჰოვას. იეჰოვამაც არ დააყოვნა და სასწაულებრივად დაიცვა აბრაამი და სარა, თანაც არა მარტო ერთხელ (დაბ. 12:10—20; 20:2—7, 10—12, 17, 18). ის, რაც აბრაამმა საკუთარ თავზე გამოსცადა, უდავოდ განუმტკიცებდა მას რწმენას.

8. როგორ შევიძინოთ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენსა და იეჰოვას შორის მეგობრობას განამტკიცებს?

8 შესაძლებელია, ჩვენც დავუმეგობრდეთ იეჰოვას? რა თქმა უნდა! ამაში ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება. ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე აბრაამმა იცოდა (დან. 12:4; რომ. 11:33). ღვთის სიტყვის საუნჯეს შეუძლია გაგვიღრმაოს ცოდნა „ცისა და მიწის შემქმნელის“ შესახებ, შეგვაყვაროს იგი და მისადმი ღრმა მოწიწება ჩაგვინერგოს. ასეთი შინაგანი განცდა აღგვძრავს, დავემორჩილოთ ღმერთს; როცა ვხედავთ, თუ რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის მორჩილებას, შესაბამის გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენ ვხედავთ, რომ იეჰოვა გვმფარველობს, გვაკურთხებს და გვაძლიერებს. ვხედავთ იმასაც, რომ ღვთისადმი მთელი გულით მსახურება კმაყოფილებას, სიმშვიდესა და სიხარულს გვგვრის (ფსალმ. 34:8; იგავ. 10:22). როცა ცოდნა და გამოცდილება გვემატება, იეჰოვასადმი რწმენაც გვიღრმავდება და ჩვენსა და მას შორის მეგობრობაც მტკიცდება.

როგორ განამტკიცებდა აბრაამი ღმერთთან მეგობრობას

9, 10. ა) რა არის საჭირო მეგობრობის განსამტკიცებლად? ბ) რა მიუთითებს იმაზე, რომ აბრაამი აფასებდა და განამტკიცებდა ღმერთთან მეგობრობას?

9 მეგობრობა შეიძლება განძს შევადაროთ (წაიკითხეთ იგავების 17:17). თუმცა ეს ისეთი განძი როდია, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს. მეგობრობას მოვლა და საზრდოობა სჭირდება, რათა უფრო და უფრო გაღრმავდეს. აბრაამი აფასებდა და განამტკიცებდა იეჰოვასთან მეგობრობას. საიდან ჩანს ეს?

10 იგი არასოდეს ფიქრობდა, რომ ღვთის შიში და მორჩილება, რაც მანამდე ჰქონდა გამოვლენილი, საკმარისი იყო. როდესაც აბრაამი თავის სახლეულობასთან ერთად ქანაანში მიემგზავრებოდა, დიდი თუ მცირე გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა. მაგალითად, ისაკის დაბადებამდე ერთი წლით ადრე 99 წლის აბრაამს იეჰოვამ მოსთხოვა, რომ მისი სახლეულობიდან ყველა მამაკაცს წინადაეცვითა. ეჭვის თვალით ხომ არ დაუწყია ყურება აბრაამს ამ მოთხოვნისთვის ან ხომ არ უცდია, თავი აერიდებინა ამ მითითების შესრულებისთვის? არა, ის მიენდო ღმერთს და „იმავე დღეს“ დაემორჩილა (დაბ. 17:10—14, 23).

11. რაზე შეწუხდა აბრაამი, როცა გაიგო, რომ სოდომი და გომორა უნდა განადგურებულიყო, და როგორ დაეხმარა მას იეჰოვა?

11 როგორც დავინახეთ, აბრაამი ერთი  შეხედვით უმნიშვნელო საკითხებშიც კი ემორჩილებოდა იეჰოვას, რაც მათ მეგობრობას უფრო აღრმავებდა. ის თავისუფლად უშლიდა გულს ღმერთს და დახმარებას სთხოვდა, როცა საგონებელში ვარდებოდა. მაგალითად, ერთხელ, როდესაც გაიგო, რომ იეჰოვას სოდომისა და გომორას განადგურება ჰქონდა განზრახული, აბრაამი იმაზე ფიქრმა შეაწუხა, რომ მართალი ადამიანები შეიძლება ბოროტებთან ერთად განადგურებულიყვნენ. შესაძლოა იგი დარდობდა თავის ძმისშვილ ლოტსა და მის ოჯახზე, რომლებიც იმ დროს სოდომში ცხოვრობდნენ. აბრაამმა თავმდაბლად დაუსვა ღმერთს კითხვები; იგი ენდობოდა „მთელი დედამიწის მოსამართლეს“. იეჰოვამ მოუთმინა აბრაამს და დაანახვა, რომ იგი გულმოწყალე ღმერთია, კითხულობს ადამიანთა გულებს და მაშინაც კი, როცა განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ეძებს მართალ ადამიანებს, რომ გადაარჩინოს (დაბ. 18:22—33).

12, 13. ა) როგორ დაეხმარა აბრაამს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება? ბ) საიდან ჩანს, რომ აბრაამს იეჰოვას იმედი ჰქონდა?

12 შეძენილმა ცოდნამ და გამოცდილებამ აბრაამი უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. მაგალითად, როცა იეჰოვამ მას ისაკის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა, იგი კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა, თუ რა თვისებები ჰქონდა მის ზეციერ მეგობარს. მოდი, განვაგრძოთ იმ ამბის თხრობა, რომელიც ზემოთ დავიწყეთ. აბრაამი მორიას მთას მიუყვება. ხომ არ ფიქრობს იგი, რომ გულმოწყალე ღმერთი უცებ სასტიკ და უმოწყალო ღმერთად იქცა? არამც და არამც. რის საფუძველზე ვასკვნით ამას?

13 გავიხსენოთ, რა უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ აქ დარჩით და ვირიც აქ იყოს. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“ (დაბ. 22:5). ხომ არ მოატყუა მან თავისი მსახურები, როცა უთხრა, რომ ისაკთან ერთად დაბრუნდებოდა? ხომ იცოდა, რომ უნდა შეეწირა ისაკი?! ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში (წაიკითხეთ ებრაელების 11:19). აბრაამს „მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი [ისაკი]“. როგორც ვხედავთ, მას სწამდა მკვდრეთით აღდგომის. ღმერთს ხომ ხანდაზმული აბრაამისა და სარასთვის შვილიერების უნარი აღდგენილი ჰქონდა?! (ებრ. 11:11, 12, 18). ღვთის ამ ერთგულ მსახურს ესმოდა, რომ იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერი იყო. მას სჯეროდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო იმ მძიმე დღეს, იეჰოვა ისაკს სიცოცხლეს დაუბრუნებდა, რათა ღვთის ყველა დაპირება შესრულებულიყო. ამიტომაც ეწოდა აბრაამს „ყველა . . . მორწმუნის მამა“.

14. რა სირთულეებს ხვდებით იეჰოვას მსახურებაში და როგორ დაგეხმარებათ აბრაამის მაგალითი?

14 დღეს იეჰოვა ჩვენგან არ ითხოვს იმას, რაც აბრაამს მოსთხოვა, თუმცა ითხოვს მორჩილებას მაშინაც კი, როცა გვიჭირს მისი მითითებების შესრულება ან ბოლომდე არ გვესმის, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მითითება. ხომ არ გახსენდებათ ისეთი მოთხოვნა, რის შესრულებაც გიძნელდებათ?  ზოგისთვის ეს შეიძლება ქადაგება იყოს. ამის მიზეზი შეიძლება სიმორცხვე იყოს, რაც ხელს უშლის მათ უცხო ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებაში. ზოგისთვის კი სირთულეს შეიძლება ის წარმოადგენდეს, რომ სხვებისგან განსხვავდებიან, მაგალითად, სკოლაში ან სამსახურში (გამ. 23:2; 1 თეს. 2:2). შენც ხომ არ გქონია ისეთი შეგრძნება, თითქოს აბრაამივით მორიას მთის ფერდობს მიუყვები შენთვის წარმოუდგენლად რთული დავალების შესასრულებლად? თუ დიახ, იფიქრე აბრაამის მაგალითზე და მის რწმენაზე. ეს უთუოდ გაგამხნევებს. ღვთის ერთგულ მსახურთა მაგალითებზე ფიქრი აღგვძრავს, მივბაძოთ მათ და უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას, ჩვენს მეგობარს (ებრ. 12:1, 2).

ღმერთთან მეგობრობას კურთხევები მოაქვს

15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ აბრაამს არასოდეს უნანია ღვთისადმი მორჩილება?

15 სანანებელი ხომ არ გაუხდა აბრაამს ღვთის მორჩილება? ვნახოთ, როგორ აღწერს ბიბლია მის მიერ განვლილ ცხოვრებას: „კარგი სიბერით მოკვდა აბრაამი, მოხუცი და კმაყოფილი“ (დაბ. 25:8). მართალია, 175 წელს მიღწეულს ძალა უკვე აღარ ერჩოდა, მაგრამ იგი კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით, ვინაიდან სიცოცხლის ბოლომდე იეჰოვას მეგობარი იყო. თუმცა, როცა აბრაამზე ვკითხულობთ, რომ იგი „მოხუცი და კმაყოფილი“ იყო, არ უნდა დავასკვნათ, რომ მან ყველაფერი ნახა ცხოვრებაში და მომავალში ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა.

16. რა მოჰგვრის სიხარულს აბრაამს სამოთხეში?

16 ღვთის სიტყვაში აბრაამზე ნათქვამია, რომ „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10). მას სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს იხილავდა ამ ქალაქს, ღვთის სამეფოს, რომლის მმართველობაც დედამიწაზე განივრცობა. აბრაამის მოლოდინი უეჭველად გამართლდება. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იქნება იგი დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებით, როცა იეჰოვასთან მეგობრობის განმტკიცების საშუალება კვლავაც მიეცემა! მას იმის გაგებაც გაახარებს, რომ მისი მაგალითი ღვთის მსახურებს ათასობით წლის განმავლობაში ეხმარებოდა. აბრაამი იმასაც გაიგებს, რომ ისაკის შემთხვევას „სიმბოლური მნიშვნელობა“ ჰქონდა და უფრო დიდ მოვლენაზე მიანიშნებდა (ებრ. 11:19). ამასთანავე, იგი შეიტყობს, რომ მისი, როგორც მშობლის ტკივილი, როცა შვილის შესაწირავად ემზადებოდა, ღვთის მილიონობით ერთგულ მსახურს დაეხმარა იმის წარმოდგენაში, თუ რა ტკივილს გრძნობდა იეჰოვა, როდესაც საკუთარი ძე, იესო ქრისტე გაიღო მსხვერპლად (იოან. 3:16). აბრაამის მაგალითი გვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ გამოსასყიდი, რაც ღვთიური სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა.

17. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და რაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?

17 მოდი, თითოეულმა ჩვენგანმა მივბაძოთ აბრაამს, რომელმაც რწმენის უდიდესი მაგალითი დაგვიტოვა. რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო ვუერთგულებთ მას, მეტ გამოცდილებას შევიძენთ და დავინახავთ, რომ ღვთისადმი ერთგულებას კურთხევები მოჰყვება (წაიკითხეთ ებრაელების 6:10—12). დაე, იეჰოვა ჩვენი მარადიული მეგობარი იყოს! მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ კიდევ სამ ბიბლიური პერსონაჟზე, რომლებიც იეჰოვას ახლო მეგობრები იყვნენ.

^ [1] (მე-3 აბზაცი) აბრაამს თავიდან აბრამი ერქვა, ხოლო მის მეუღლეს, სარას — სარაი. ამ სტატიაში კი მათ მოვიხსენიებთ იეჰოვას მიერ მოგვიანებით დარქმეული სახელებით — აბრაამით და სარათი.