წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2016

თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვა

თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვა

„ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებს“ (საქ. 9:15). უფალმა იესომ ეს სიტყვები თქვა ახლად გაქრისტიანებული ებრაელი მამაკაცის შესახებ, რომელიც პავლე მოციქულის სახელით გახდა ცნობილი.

ამ მეფეებიდან ერთ-ერთი იყო რომის იმპერატორი ნერონი. როგორ იგრძნობდით თავს, თუ ასეთი მმართველის წინაშე მოგიწევდათ რწმენის დაცვა? ნებისმიერ შემთხვევაში ბიბლიიდან ჩანს, რომ ქრისტიანებმა პავლეს უნდა მიჰბაძონ (1 კორ. 11:1). ერთ-ერთი მხარეა ის, თუ როგორ იქცეოდა პავლე სასამართლოს წინაშე წარდგომის დროს.

მოსეს კანონი ისრაელის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, თუმცა სხვაგან მცხოვრები ღვთისმოშიში ებრაელები მას თავიანთ ზნეობრივ კოდექსად მიიჩნევდნენ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან მოსეს კანონის დაცვა აღარ მოითხოვებოდა (საქ. 15:28, 29; გალ. 4:9—11). მიუხედავად ამისა, პავლე და სხვა ქრისტიანები პატივისცემით მოიხსენიებდნენ კანონს; იუდეველთა ბევრ დასახლებაში მათ შეუფერხებლად შეძლეს ქადაგება (1 კორ. 9:20). პავლე ხშირად მიდიოდა სინაგოგებში, სადაც ქადაგებდა მათთან, ვინც აბრაამის ღვთის შესახებ იცოდა და ებრაულ წერილებზე მსჯელობდა (საქ. 9:19, 20; 13:5, 14—16; 14:1; 17:1, 2).

თავიდან მოციქულები იერუსალიმიდან უწევდნენ ხელმძღვანელობას სამქადაგებლო საქმიანობას. ისინი რეგულარულად ასწავლიდნენ ხალხს ტაძარში (საქ. 1:4; 2:46; 5:20). ზოგჯერ პავლეც მიემგზავრებოდა იერუსალიმში, სადაც ის ერთხელ დააპატიმრეს კიდეც. ამას მოჰყვა სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც პავლე საბოლოოდ რომში აღმოჩნდა.

პავლე და რომის კანონი

როგორ უყურებდნენ რომაელი მოხელეები იმას, რასაც პავლე ქადაგებდა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა გავიგოთ, ზოგადად, რა დამოკიდებულება ჰქონდათ რომაელებს რელიგიის მიმართ. ისინი არ აიძულებდნენ რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს, უარი ეთქვათ თავიანთ რელიგიაზე. ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, თუ ეს რელიგიები, მათი აზრით, საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს ან ზნეობას.

 რომაელებმა იუდეველებს დიდი უფლებები მიანიჭეს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „რომის იმპერიაში იუდაიზმს პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა . . . იუდეველები რელიგიის თავისუფლებით სარგებლობდნენ და რომის ღვთაებების თაყვანისცემა არ მოეთხოვებოდათ. თავიანთ თემებში მათ თავიანთი კანონის მიხედვით შეეძლოთ ურთიერთობების დარეგულირება“ (Backgrounds of Early Christianity). ისინი სამხედრო სამსახურისგანაც თავისუფლები იყვნენ. * რომაელი მმართველების წინაშე ქრისტიანობის დაცვისას პავლემ ისარგებლა იმ უფლებებით, რომლებიც იუდეველთა რწმენის დასაცავად რომის კანონით იყო გათვალისწინებული.

პავლეს მტრები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, რომ უბრალო ხალხი და უფლებამოსილი პირები მოციქულის წინააღმდეგ წაექეზებინათ (საქ. 13:50; 14:2, 19; 18:12, 13). ვნახოთ ამის მაგალითი. იერუსალიმში ქრისტიანული კრების უხუცესებმა შეიტყვეს, რომ იუდეველებში ხმები დადიოდა, თითქოს პავლე „მოსესგან განდგომას“ ქადაგებდა. ასეთი ჭორების გამო ზოგ ახალგაქრისტიანებულ იუდეველს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ პავლე პატივს არ სცემდა ღვთის ღონისძიებებს. ამასთან, სინედრიონს შეიძლებოდა ქრისტიანები იუდაიზმისგან განდგომილებად გამოეცხადებინა. თუ ეს მოხდებოდა, ქრისტიანებთან საქმის დამჭერ იუდეველებს სასჯელი არ ასცდებოდა. მათ საზოგადოებიდან მოკვეთდნენ და ტაძარსა თუ სინაგოგებში ქადაგების უფლებას არ მისცემდნენ. ამიტომ კრების უხუცესებმა ურჩიეს პავლეს, რომ ჭორების გასაბათილებლად ტაძარში წასულიყო და გაეკეთებინა ის, რასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვდა, თუმცა მიუღებელიც არ იქნებოდა (საქ. 21:18—27).

პავლემ გაითვალისწინა მათი რჩევა, რამაც მას „სასიხარულო ცნობის დაცვისა და კანონით განმტკიცების“ არაერთი შესაძლებლობა მისცა (ფილ. 1:7). ტაძარში იუდეველებმა აურზაური ატეხეს და პავლეს მოკვლა მოინდომეს. ამიტომ რომაელმა ათასისთავმა ის დააპატიმრა. როცა გაშოლტვა დაუპირეს, პავლემ გაამჟღავნა, რომ რომის მოქალაქე იყო. ის წაიყვანეს კესარეაში, საიდანაც რომაელები განაგებდნენ იუდეას. იქ მას შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე გაბედულად დაემოწმებინა. ამის წყალობით იმ ადამიანებმა, რომელთაც შესაძლოა არცთუ ისე ბევრი რამ იცოდნენ ქრისტიანობაზე, მეტი გაიგეს მის შესახებ.

საქმეების 24-ე თავში აღწერილია, თუ როგორ წარდგა გასასამართლებლად პავლე იუდეის რომაელი გამგებლის, ფელიქსის წინაშე, რომელსაც ქრისტიანების რწმენაზე უკვე გაგებული ჰქონდა რაღაც. იუდეველები პავლეს რომის კანონის სულ მცირე სამგზის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ის მთელ იმპერიაში იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებდა, საშიში სექტის წინამძღოლი იყო და ცდილობდა ტაძრის შებღალვას, რომელსაც იმ დროს რომაელები მფარველობდნენ (საქ. 24:5, 6). ამ ბრალდებების გამო პავლე შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ.

დღეს ქრისტიანების ყურადღებას იმსახურებს პავლეს მიერ ამ ბრალდებებზე გაცემული პასუხები. მან სიმშვიდე შეინარჩუნა და პატივისცემით ისაუბრა, მოიხსენია კანონი და წინასწარმეტყველები და განაცხადა, რომ უფლება ჰქონდა, „მამა-პაპის ღმერთისთვის“ ეცა თაყვანი. რომის კანონის თანახმად, ამ უფლებით ყველა იუდეველი სარგებლობდა (საქ. 24:14). მოგვიანებით პავლემ დაიცვა თავისი რწმენა და გაუცხადა ის მომდევნო გამგებელს, პორციუს ფესტუსსა და მეფე ჰეროდე აგრიპას.

ბოლოს, მიუკერძოებლად რომ გაესამართლებინათ, პავლემ წამოიძახა: „კეისართან ვასაჩივრებ!“. კეისარი იმ დროს ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო (საქ. 25:11).

პავლე კეისრის სასამართლოს წინაშე

მოგვიანებით ანგელოზმა უთხრა პავლეს: „შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე“ (საქ. 27:24). რომის იმპერატორ ნერონს თავისი მმართველობის დასაწყისში ნათქვამი ჰქონდა, რომ ყველა სასამართლო საქმეს თავად არ განიხილავდა. მისი მმართველობის პირველი რვა წლის განმავლობაში ის ძირითადად სხვებს ავალებდა ამას. ერთი წიგნის თანახმად, თუ ნერონი თავად გადაწყვეტდა ვინმეს გასამართლებას, ის თავის სასახლეში ისმენდა საქმეს გამოცდილი და გავლენიანი  მრჩევლებით გარემოცული (The Life and Epistles of Saint Paul).

ბიბლია არაფერს ამბობს, თავად ნერონმა მოისმინა პავლეს საჩივარი და განსაჯა ის, თუ სხვას დაავალა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში პავლემ ალბათ აუხსნა მოსამართლეს, რომ თაყვანს სცემდა იუდეველთა ღმერთს და ყველას მოუწოდებდა, სათანადო პატივისცემით მოპყრობოდნენ ხელისუფალთ (რომ. 13:1—7; ტიტ. 3:1, 2). პავლეს მიერ სასიხარულო ცნობის ხელისუფალთა წინაშე დაცვას კარგი შედეგი მოჰყვა — კეისრის სასამართლომ ის გაათავისუფლა (ფილ. 2:24; ფლმ. 22).

სასიხარულო ცნობის დაცვა ჩვენც გვავალია

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 10:18). სხვების წინაშე იესოს სახელით წარდგომა დიდი პატივია. სასიხარულო ცნობის დასაცავად გაწეულ ჩვენს ძალისხმევას შედეგად შეიძლება იურიდიული გამარჯვებები მოჰყვეს. თუმცა, რაც არ უნდა გადაწყვიტონ არასრულყოფილმა ადამიანებმა, სასიხარულო ცნობის ქადაგების უფლებას იეჰოვა იძლევა. მხოლოდ ღვთის სამეფო გაგვათავისუფლებს საბოლოოდ ჩაგვრისა და უსამართლობისგან (ეკლ. 8:9; იერ. 10:23).

იეჰოვას სახელის განდიდება დღესაც ხდება, როცა ქრისტიანები საკუთარ რწმენას იცავენ. პავლეს მსგავსად ჩვენც მშვიდები, გულწრფელები და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წინასწარ ნუ იფიქრებთ და ნუ მოემზადებით, როგორ დაიცვათ თავი, რადგან მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან“ (ლუკ. 21:14, 15; 2 ტიმ. 3:12; 1 პეტ. 3:15).

როცა ქრისტიანები მეფეების, გამგებლებისა თუ სხვა თანამდებობის პირების წინაშე იცავენ თავიანთ რწმენას, ისინი უმოწმებენ ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც სასიხარულო ცნობის მიწოდება სხვა შემთხვევაში რთული იქნებოდა. ჩვენ სასარგებლოდ გამოტანილ ზოგიერთ სასამართლო გადაწყვეტილებას კანონში შესწორების შეტანა მოჰყვა, რაც სიტყვისა და თაყვანისცემის თავისუფლების დაცვას მოემსახურა. მაგრამ რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ასეთ საქმეებს, ღვთის მსახურთა გაბედულება გულს უხარებს ღმერთს.

ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას სახელს, როცა ჩვენს რწმენას ვიცავთ

^ აბზ. 8 მწერალი ჯეიმზ პარკსი აღნიშნავს: „იუდეველებმა . . . შეინარჩუნეს თავიანთი წეს-ჩვეულებების დაცვის უფლება. ასეთ პრივილეგიაში განსაკუთრებული არაფერი იყო, რადგან რომაელები არ არღვევდნენ ტრადიციას და თავიანთი იმპერიის ამა თუ იმ ნაწილს მაქსიმალურად უტოვებდნენ თვითმმართველობის უფლებას“.