წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2016

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, განივითარონ რწმენა!

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, განივითარონ რწმენა!

„ვაჟებო და ქალწულებო . . . ადიდონ მათ იეჰოვას სახელი“ (ფსალმ. 148:12, 13).

სიმღერები: 88, 115

1, 2. ა) რა სირთულეს ხვდებიან მშობლები და როგორ შეუძლიათ მასთან გამკლავება? ბ) რომელ ოთხ რჩევას განვიხილავთ?

„ჩვენ გვწამს იეჰოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებიც ირწმუნებენ მას. რწმენა თან არავის დაჰყოლია. ბავშვები მას თანდათან ივითარებენ“, — ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ერთი წყვილი. ერთი ავსტრალიელი ძმა კი წერს: „ალბათ, მშობლისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ შვილს რწმენის განვითარებაში დაეხმაროს. ამისთვის ყველანაირი საშუალება უნდა გამოიყენოთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ შვილს დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცით კითხვაზე, თუმცა მოგვიანებით ის იმავე კითხვას გისვამთ! პასუხები, რომლებიც დღეს თქვენი შვილის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, ხვალ შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე არაერთხელ მოგიწიოთ მსჯელობა“.

2 თუ მშობელი ხართ, ხომ არ გეჩვენებათ ზოგჯერ, რომ შვილების სწავლება და მათთვის მტკიცე რწმენის ჩანერგვა მეტისმეტად რთულია? სინამდვილეში საკუთარი სიბრძნით ამას ვერავინ შეძლებს! (იერ. 10:23). მაგრამ, თუ ხელმძღვანელობისთვის ღმერთს მიმართავთ, ამ პასუხისმგებლობას თავს გაართმევთ. განვიხილოთ ოთხი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, შვილებს რწმენა ჩაუნერგოთ: 1) კარგად გაეცანით შვილებს; 2) მთელი გულით ასწავლეთ  მათ; 3) გამოიყენეთ თვალსაჩინო მაგალითები; 4) გამოავლინეთ მოთმინება და სთხოვეთ იეჰოვას დახმარება.

კარგად გაეცანით შვილებს

3. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იესოს სწავლების მეთოდს?

3 იესოს არ ერიდებოდა, თავისი მიმდევრებისთვის ეკითხა, რა სწამდათ (მათ. 16:13—15). მიჰბაძეთ მას! კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში სთხოვთ შვილებს, თავიანთი გრძნობები და აზრები გაგიზიარონ. ეს შვილებთან ისეთ საკითხებზე საუბარსაც გულისხმობს, რომლებიც მათ ბოლომდე არ ესმით ან აეჭვებთ. ავსტრალიაში მცხოვრები 15 წლის ძმა წერს: «მამა ხშირად მელაპარაკება ჩემს რწმენაზე და მსჯელობაში მეხმარება. ის მეკითხება ხოლმე: „რას ამბობს ბიბლია? გწამს, რაც ბიბლიაში წერია? რატომ გწამს?“. ის მოელის, რომ ჩემი სიტყვებით ვუპასუხებ და მის ან დედას ნათქვამს არ გავიმეორებ. ასაკის მატებასთან ერთად კითხვებზე პასუხები უფრო ვრცლად უნდა გავცე».

4. რატომ უნდა მოეკიდოთ შვილის კითხვებს სერიოზულად? მოიყვანეთ მაგალითი.

4 თუ ბავშვს რომელიმე სწავლებაში ეჭვი ეპარება, ნუ გექნებათ მძაფრი რეაქცია ან თავდაცვაზე ნუ გადახვალთ. მოთმინებით დაეხმარეთ მას, იმსჯელოს ამ საკითხზე. ერთმა მშობელმა თქვა: „სერიოზულად მოეკიდეთ შვილის კითხვებს. უმნიშვნელოდ არ ჩათვალოთ ისინი და არ მოერიდოთ რომელიმე საკითხზე საუბარს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გეუხერხულებათ“. სინამდვილეში, კარგი იქნება, თუ შვილის გულწრფელ კითხვებში დაინახავთ, რომ მისთვის სულერთი არ არის წამოჭრილი საკითხი და სურს, ჩასწვდეს მას. 12 წლის იესოც სვამდა სერიოზულ კითხვებს (წაიკითხეთ ლუკას 2:46). დანიაში მცხოვრები 15 წლის ბიჭი იხსენებს: „როცა მშობლებს ვუთხარი, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, ჭეშმარიტი იყო თუ არა ჩვენი რელიგია, ისინი ამას მშვიდად შეხვდნენ, თუმცა შეიძლება წუხდნენ კიდეც ჩემ გამო. ყველა კითხვაზე მათ ბიბლიიდან გამცეს პასუხი“.

5. რის გაკეთება მართებთ მშობლებს?

5 კარგად გაეცანით შვილებს. გაიგეთ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა აწუხებთ. თუ ისინი კრებებს ესწრებიან და თქვენთან ერთად მსახურობენ, ნუ დაასკვნით, რომ რწმენა აქვთ. ესაუბრეთ შვილებს სულიერ საკითხებზე ყოველდღიური საქმეების კეთების დროს. ილოცეთ მათთან ერთად და მათთვის. შეეცადეთ, ამოიცნოთ სიტუაციები, რომლებიც სცდის მათ რწმენას და მათთან გამკლავებაში დაეხმარეთ.

მთელი გულით ასწავლეთ

6. როგორ შეუძლიათ მშობლებს, უკეთ იყვნენ მომზადებული შვილების სასწავლებლად?

6 იესო, როგორც მასწავლებელი, ეხებოდა მსმენელის გულს, რადგან უყვარდა იეჰოვა, მისი სიტყვა და ადამიანები (ლუკ. 24:32; იოან. 7:46). ასეთივე სიყვარული დაეხმარება მშობლებს, რომ შვილების გულებს შეეხონ (წაიკითხეთ კანონის 6:5—8; ლუკას 6:45). ასე რომ, მშობლებო, ღრმად იკვლიეთ ბიბლია და ბიბლიური სახელმძღვანელოები. ჩაუკვირდით შემოქმედებას და იკითხეთ ამ თემაზე ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიები (მათ. 6:26, 28). ასეთი სახით გაიღრმავებთ ცოდნასა და იეჰოვასადმი მადლიერებას და უკეთესად იქნებით მომზადებული შვილების სასწავლებლად (ლუკ. 6:40).

7, 8. რას აკეთებენ მშობლები, როცა ჭეშმარიტება გულში აქვთ? მოიყვანეთ მაგალითები.

7 როცა ბიბლიური ჭეშმარიტება გულში გაქვთ, სურვილი გიჩნდებათ, რომ ის ოჯახის წევრებს გაუზიაროთ. ელაპარაკეთ მათ სულიერ საკითხებზე არა მხოლოდ კრების შეხვედრისთვის მომზადებისა თუ ოჯახური თაყვანისცემის დროს, არამედ ყოველთვის. უფრო მეტიც, ასეთი საუბრები ყოველდღიური ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს. შეერთებულ შტატებში მცხოვრები წყვილი ბუნებაში ყოფნის  ან რაიმე საკვების მირთმევის დროს იეჰოვაზე ფიქრობს. ისინი ამბობენ: „ამ დროს შევახსენებთ შვილებს, თუ რამხელა სიყვარული და მზრუნველობა ჩანს ყველაფერში, რაც იეჰოვამ შექმნა ჩვენთვის“. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ერთი წყვილი ბაღში მუშაობის დროს თავის ორ გოგონას ბუნებაში მიმდინარე საოცარ პროცესებზე ესაუბრება, მაგალითად, თესლის გაღივებასა და მცენარეების ზრდაზე. „ვცდილობთ, შვილებს დავეხმაროთ სიცოცხლის მრავალფეროვნების დანახვასა და დაფასებაში“, — ამბობს ეს წყვილი.

8 ავსტრალიაში ერთმა მამამ, რომელიც თავის ათი წლის ბიჭთან ერთად მუზეუმში იყო, ზღვის ცხოველების გამოფენა გამოიყენა ღვთისა და შემოქმედებისადმი მისი რწმენის გასაძლიერებლად. ის გვიამბობს: „დავათვალიერეთ ზღვის უძველესი, გადაშენებული ცხოველების — ამონიტებისა და ტრილობიტების გამოფენა. გავოცდით, რომ ეს მშვენიერი და რთული აგებულების დახვეწილი ცხოველები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ დღეს არსებულთ. თუ სიცოცხლე მარტივიდან რთულისკენ განვითარდა, რატომ იყვნენ ეს უძველესი ცხოველები ასეთი რთული აგებულების? ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს აზრი ჩემს ვაჟსაც გავუზიარე“.

გამოიყენეთ თვალსაჩინო მაგალითები

9. რატომ არის თვალსაჩინო მაგალითი ეფექტური და როგორ გამოიყენა ის ერთმა დედამ?

9 იესო ხშირად იყენებდა მაგალითებს, რომლებიც აღძრავდა ფიქრისკენ, გულს ეხებოდა და ადვილი დასამახსოვრებელი იყო (მათ. 13:34, 35). ბავშვებს კარგი წარმოსახვა აქვთ. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ თვალსაჩინო მაგალითები მათი დასწავლების დროს. სწორედ ასე იქცეოდა ერთი იაპონელი და. როცა მისი ვაჟები რვა და ათი წლისანი იყვნენ, ის დედამიწის ატმოსფეროს შესახებ ესაუბრა მათ და დაანახვა, რომ იეჰოვამ ის დიდი სიფრთხილით შექმნა. შემდეგ მან მისცა ბავშვებს რძე, შაქარი და ყავა და სთხოვა, თითო ჭიქა ყავა მოედუღებინათ მისთვის. ის ყვება: „ბიჭები დიდი სიფრთხილით შეუდგნენ ყავის მომზადებას. როცა მიზეზი ვკითხე, მითხრეს, რომ უნდოდათ ყავა ზუსტად ისეთი გამოსულიყო, როგორიც მე მიყვარდა. შემდეგ ავუხსენი მათ, რომ ღმერთმაც დიდი სიფრთხილით შეაზავა აირები ატმოსფეროში, რათა ჩვენ გვეცოცხლა“. ეს მაგალითი შესაფერისი იყო მათი ასაკისთვის და სწავლის პროცესში ისინი პასიურები არ იყვნენ. ეჭვგარეშეა, ეს გაკვეთილი მათ დიდხანს ემახსოვრებოდათ!

ღვთისა და შემოქმედებისადმი რწმენის ჩასანერგად ნაცნობი საგნები გამოიყენეთ (იხილეთ აბზაცი 10)

10, 11. ა) როგორი მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ შვილისთვის ღვთისადმი რწმენის ჩასანერგად? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე) ბ) თქვენ რა მაგალითებს იყენებთ?

10 შვილისთვის ღვთისადმი რწმენის ჩასანერგად შეგიძლიათ აგრეთვე ნამცხვრის რეცეპტი გამოიყენოთ. ნამცხვრის გამოცხობის შემდეგ დაანახვეთ, რატომ იყო საჭირო რეცეპტი. შემდეგ მიეცით ბავშვს ხელში რომელიმე ხილი, მაგალითად ვაშლი, და ჰკითხეთ: „იცოდი, რომ ვაშლსაც თავისი რეცეპტი აქვს?“. შემდეგ შუაზე გაჭერით ვაშლი და თესლი ბავშვს მიეცით. აუხსენით, რომ ვაშლის რეცეპტი ამ თესლშია  ჩაწერილი, ოღონდ უფრო რთული ენით, ვიდრე წიგნში ნამცხვრის რეცეპტი. ჰკითხეთ: „თუ ნამცხვრის რეცეპტი ვიღაცამ დაწერა, მაშინ ვინ დაწერა ვაშლის გაცილებით რთული რეცეპტი?“. მოზარდ შვილს შეგიძლიათ ისიც აუხსნათ, რომ ვაშლის რეცეპტი არა მხოლოდ ამ ერთი ნაყოფისთვის, არამედ მთლიანი ხისთვის ჩაიწერა მის გენეტიკურ კოდში. თქვენ შეგიძლიათ ერთად დაათვალიეროთ სურათები მე-10-დან მე-20 გვერდების ჩათვლით ბროშურაში „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“.

11 ბევრი მშობელი განიხილავს თავის შვილებთან სტატიებს „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკიდან „ვინ შექმნა?“, ზოგი კი მცირეწლოვან შვილებს მარტივად გადასცემს აზრებს ამ სტატიებიდან. მაგალითად, დანიაში მცხოვრებმა ერთმა წყვილმა შემდეგი შედარება მოუყვანა შვილს: „თვითმფრინავები ჩიტებს ჰგვანან, მაგრამ შეუძლიათ მათ კვერცხის დადება და პატარა თვითმფრინავების გამოჩეკა? სჭირდებათ ჩიტებს დასაჯდომი ბილიკი? რით განსხვავდება თვითმფრინავების ხმა ჩიტების ჭიკჭიკისგან? რომლის შემქმნელი უფრო ჭკვიანია — თვითმფრინავებისა თუ ჩიტების?“. ასეთი მსჯელობა და კარგად შერჩეული კითხვები დაეხმარება ბავშვს, რომ განივითაროს აზროვნება და ღვთისადმი რწმენა (იგავ. 2:10—12).

12. როგორ დაეხმარება ბავშვს თვალსაჩინო მაგალითები ბიბლიისადმი რწმენის გაძლიერებაში?

12 კარგი მაგალითები ბავშვს იმის რწმენასაც უძლიერებს, რომ ბიბლია ზუსტია. განვიხილოთ იობის 26:7 (წაიკითხეთ). როგორ შეგიძლიათ დაანახვოთ ბავშვს, რომ ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით ჩაიწერა? შეგიძლიათ მოუყვანოთ ფაქტები, თუმცა უმჯობესი იქნება, დაეხმაროთ, წარმოსახვის უნარი გამოიყენოს. აღნიშნეთ, რომ იობი ტელესკოპისა თუ კოსმოსური ხომალდის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა. აახსნევინეთ ბავშვს, რამდენად რთული იქნებოდა ვინმესთვის იმის დაჯერება, რომ ისეთი უზარმაზარი რამ, როგორიც დედამიწაა, არაფერზე ეკიდა. მას შეუძლია ბურთი ან ქვა გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ მასის მქონე საგნები ჰაერში თავისით ვერ ჩერდება. მათ რამე უნდა აკავებდეს. ეს დაეხმარება ბავშვს, დაინახოს, რომ სხვადასხვა ფაქტი ბიბლიაში ღვთივშთაგონებით იმაზე ადრე ჩაიწერა, ვიდრე ადამიანები აღმოაჩენდნენ (ნეემ. 9:6).

დაეხმარეთ შვილებს, დააფასონ ბიბლიური პრინციპები

13, 14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, დააფასონ ბიბლიური პრინციპები?

13 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ შვილებს, დააფასონ ბიბლიური პრინციპები (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3). ამის გაკეთება სხვადასხვა საშუალებით შეგიძლიათ. მაგალითად, უთხარით შვილს, წარმოიდგინოს, რომ შორეულ კუნძულზე მოუწევს გადასვლა და უნდა აირჩიოს რამდენიმე ადამიანი, ვინც მასთან ერთად იცხოვრებს იქ. შემდეგ ჰკითხეთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თითოეულს, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ამასთან, შეგიძლიათ იმსჯელოთ გალატელების 5:19—23-ში ჩაწერილ აზრებზე.

14 ამგვარად ორ მნიშვნელოვან რამეს ასწავლით შვილს. პირველი, ღვთის ნორმები მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს და მეორე, იეჰოვა დღესვე გვამზადებს ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად (ეს. 54:13; იოან. 17:3). ამ ორი აზრის ხაზგასასმელად შეგიძლიათ ჩვენი პუბლიკაციებიდან მოიყვანოთ შემთხვევები, მაგალითად, „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი რუბრიკიდან „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. თუ კრებაში ისეთი და ან ძმა გყავთ, რომელმაც დიდი ცვლილებები მოახდინა, რათა იეჰოვას მოსაწონად ეცხოვრა, შეგიძლიათ დაპატიჟოთ სახლში და მოაყოლოთ თავისი ისტორია. ასეთი შემთხვევებიდან ბიბლიური პრინციპების ძალა ჩანს (ებრ. 4:12).

15. რა უნდა იყოს თქვენი უმთავრესი მიზანი შვილების სწავლებისას?

 15 შვილების სწავლება მონოტონური პროცესი არ უნდა გახდეს. გამოიყენეთ წარმოსახვის უნარი. აღძარით შვილები ფიქრისკენ და გაითვალისწინეთ მათი ასაკი. სწავლის პროცესი საინტერესო და რწმენის გამაძლიერებელი გახადეთ. ერთი მამა ამბობს: „ნუ დაიზარებთ და შეეცადეთ, ნაცნობი საკითხები ახლებურად ახსნათ“.

გამოავლინეთ რწმენა და მოთმინება და იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის

16. რატომ უნდა გამოავლინოთ მოთმინება, როცა შვილებს ასწავლით? მოიყვანეთ მაგალითი.

16 ძლიერი რწმენის განსავითარებლად ღვთის სულია საჭირო (გალ. 5:22, 23). რწმენას, მცენარის მსგავსად, დრო სჭირდება გასაზრდელად. ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება და შეუპოვრობა შვილების სწავლებისას. იაპონიაში მცხოვრები ორი შვილის მამა ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ყურადღებას არ ვაკლებდით შვილებს. როცა პატარები იყვნენ, ყოველდღე 15 წუთს ვასწავლიდით, კრების დღეების გარდა. 15 წუთი არც ჩვენთვის იყო ბევრი და არც მათთვის“. ერთი სარაიონო ზედამხედველი წერს: „მოზარდობისას უამრავი კითხვა და ეჭვი მქონდა, რომლებიც არასდროს მითქვამს ხმამაღლა. დროთა განმავლობაში მათ უმეტესობას ნათელი მოეფინა კრების შეხვედრებზე, ოჯახური თაყვანისცემისა თუ პირადი შესწავლის დროს. ამიტომ საჭიროა, მშობლებმა გამუდმებით ასწავლონ შვილებს“.

ღვთის სიტყვა გულში უნდა გქონდეთ, რომ შვილებს ეფექტურად ასწავლოთ (იხილეთ აბზაცი 17)

17. რატომ არის მშობლების მაგალითი მნიშვნელოვანი და როგორ აძლევს კარგ მაგალითს ერთი წყვილი ქალიშვილებს?

17 მნიშვნელოვანია თქვენი რწმენის მაგალითიც. შვილები დააკვირდებიან თქვენს საქციელს და ეს მათზე დადებითად იმოქმედებს. ამიტომ განაგრძეთ საკუთარი რწმენის გაძლიერება! დაანახვეთ შვილებს, რომ იეჰოვა რეალურია თქვენთვის. ბერმუდის კუნძულებზე მცხოვრები ერთი წყვილი პრობლემების დროს შვილებთან ერთად იეჰოვას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის და შვილებსაც მოუწოდებს, პირადად ილოცონ. «ჩვენს უფროს ქალიშვილს ვეუბნებით: „ბოლომდე მიენდე იეჰოვას, დაკავდი სამეფოს საქმით და ძალიან არ ინერვიულო“. როცა ის საკუთარი თვალით ხედავს შედეგს, რწმუნდება, რომ იეჰოვა გვეხმარება. ამან მას ღვთისა და ბიბლიისადმი რწმენა გაუძლიერა».

18. რა მნიშვნელოვან ფაქტს უნდა აცნობიერებდნენ მშობლები?

18 საბოლოო ჯამში, შვილებმა თვითონ უნდა განივითარონ რწმენა. მშობლები რგავენ და რწყავენ, ღმერთი კი ზრდის (1 კორ. 3:6). ამიტომ ლოცვაში ითხოვეთ მისი სული და გულმოდგინედ ასწავლეთ საყვარელ შვილებს, რომ იეჰოვასგან უხვი კურთხევები მიიღოთ (ეფეს. 6:4).